
ჯუანშერ ბურჭულაძის მიერ გაძარცვული ჯარი დღევანდელი მინისტრის პირობებში მყარად დგას ფეხზე – საქართველოს სუვერენიტეტის დასაცავად !
არ არის საიდუმლო, რომ ქვეყნის უსაფრთხოების მთავარი გარანტი არის სამხედრო ძალა. ძლიერი ჯარი პრესტიჟიცაა და მშვიდობის უზრუნველყოფის წინაპირობაც. ეფექტურ სამხედრო ძალას გარე მტერი, როგორც წესი, ერიდება და უნებლიედ პატივს სცემს – ეს აქსიომაა.
ჩვენ, წლების წინ, არაერთხელ მიგვიღია ომის ვეტერანებთან ერთად, საპროტესტო აქციებში მონაწილეობა, კერძოდ, ვაპროტესტებდით მინისტრების არაკომპეტენციას, გამეფებულ კორუფციას, ე.წ. ,,დედოვშინას” ჯარში, როცა უფროსები ჩაგრავენ უმცროსებს, ვეტერანების მიმართ გულგრილობას და იმ ფაქტს, რომ ჯარს, ჩექმებიც კი არ ჰქონდა. ამ მიტინგებმა კი გამოიღეს შედეგი – ორი ვაგონი ჩექმა დაურიგდა ფეხშიშველა ჯარისკაცებს.
განსაკუთრებით არ ვასვენებდით ქალბატონ ხიდაშელს, რომლის მინისტრობის დროსაც ქართულ ჯარში დაფიქსირდა თვითმკვლელობის რეკორდული რაოდენობა, კვებაზე და აღჭურვილობაზე ხომ ლაპარაკი ზედმეტი იყო. ერთი სიტყვით, ხიდაშელი იყო ყველაზე არაპოპულარული მინისტრი ჯარში. ძალზე კომიკურად გამოიყურებოდა, როცა მხრებზე წამოიცმევდა სამხედრო ქურთუკს და ჯარისკაცების შერეგის წინ, ხან იქით გაივლიდა, ხან აქეთ გამოივლიდა და შუშის თვალებით ათვალიერებდა ახალგაზრდა ბიჭებს. ქვეყნისთვის სამწუხაროდ, მაგრამ ქალბატონი ხიდაშელისთვის სასიხარულოდ მას ყველაფერი შერჩა…
გამოგიტყდებით, რომ შოკისმომგვრელი იყო ჩვენთვის ჩვენი ,,ძველი მეგობრის”, ჩვენი მამხილებელი სტატიების ერთ-ერთი ,,მთავარი გმირის”, ბატონ ჯუანშერ ბურჭულაძის თავდაცვის მინისტრის სავარძელში მოკალათება….
უნებლიედ გიჩნდება კითხვა : რატომ ინიშნებიან ასეთ უმნიშვნელოვანეს თანამდებობებზე ადამიანები, რომლებსაც, არათუ ერთი დღე, არამედ ერთი წამიც არ უმსახურიათ ჯარში ? პოლიტიკური მიზნით ? მაგრამ ჯარი არაა პოლიტიკა, როგორც შსს და უშიშროების სამსახური. ეს ინსტიტუტები კატეგორიულად მოითხოვენ უმაღლესი კლასის პროფესიონალებს. ამას მოითხოვს სახელმწიფო !
გავიხსენოთ, თუნდაც ,,ნაცების” დროს სოფლის მეურნეობის მინისტრი, რომლის გვარიც არ გვახსოვს, მაგრამ სამუდამოდ დაგვამახსოვრებინა თავი ფრაზით – ,,მამალი ძროხები”, და თუ სოფლის მეურნეობა კიდევ აიტანს ასეთ მინისტრს, ქვეყნის შეიარაღებული ძალებისთვის ამგვარი ხელმძღვანელი მოსისხლე მტერზე უარესია.
არავისთვის არაა საიდუმლო, რომ ბიუჯეტის ლომის წილი ხვდება თავდაცვის სამინისტროს. სამწუხაროდ, დღემდე ვერ გაირკვა თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტიდან სად გაქრა 300 მილიონი ლარი. ასეთი პატარა თანხაა ეს, რომ არავინ არც კითხულობს ვის ჯიბეში გადანაწილდა ეს ფული ? ერთი ადამიანი, რაც არ უნდა ხარბი ყოფილიყო, ამას ვერ გადახარშავდა.
კიდევ ერთი საგულისხმო კანონზომიერება შეიმჩნევა : ერთ-ერთი ჩვენთაგანი ცხოვრობს თავდაცვის სამინისტროსთან და ყოველი ახალი მინისტრი საქმიანობას იწყებს გრანდიოზული კაპიტალური რემონტით. დაუშვათ, ერთი წლის წინ, წინა მინისტრმა გაალამაზა სამინისტროს შენობები, ახალი მინისტრი კიდევ უფრო ალამაზებს იმავე შენობებს და ეს გაუთავებლად ასეა…
ბატონი ჯუანშერი, ზუსტად აღმოჩნდა იქ, სადაც მისნაირების ადგილია – ისევე გრანდიოზული რემონტი, უუნიფორმო ჯარისკაცები და ილუზია, რომ საქართველოს ჯარი ჰყავს…თუმცა, ერთი რამ უნდა ვაღიაროთ – ირაკლი ღარიბაშვილის მინისტრობისას გრანდიოზული კაპიტალური რემონტი სამინისტროს ტერიტორიაზე არ ჩატარებულა, სამაგიეროდ, ჯუანშერ ბურჭულაძემ ააღორძინა ,,სახელოვანი ტრადიციები”. რითი დაგვამახსოვრდა მისი მოქმედება ? არაფრით. არავითარი სასიკეთო სიახლე და მხოლოდ ჭორის დონეზე თავდაცვის სამინისტროდან გამოსული ხმები – კორუფციამ მიაღწია თავის პიკს.
ხმები ხმებად, მაგრამ ჭორი ჭეშმარიტება აღმოჩნდა. სავარაუდოდ, ტრადიციულად გაძარცვულია თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი. რა დანაშაული მიუძღვის ჯუანშერ ბურჭულაძეს, ამაზე სასამართლო გასცემს პასუხს.
დასასრულ კი ვიტყვოდით, რომ აშკარა იმედს იწვევს დღევანდელი თავდაცვის მინისტრის კანონშესაბამისი და ქართული ჯარის კეთილდღეობაზე ორიენტირებული ნაბიჯები. ამიტომაც გვაქვს რწმენა იმისა, რომ დღევანდელი ქართული შეიარაღებული ძალები მყარად და სიამაყით დგანან სამშობლოს სტაბილურობისა და სიმშვიდის სადარაჯოზე, რაც აუცილებელი წინაპირობაა საქართველოს შემდგომი აყვავებისა და განვითარებისათვის, სწორედ ამიტომ ვამაყობთ ჩვენი ჯარით და გვეიმედება მარად.
გიორგი კორძაძე, ქეთი ხომერიკი
,,GEO NEWS”





