
ადვოკატი ლევან ჭიღლაძე ადვოკატთა ასოციაციაში მედიატორის ინსტიტუტის შექმნას ითხოვს – ინოვაციური ინიციატივა პროფესიის ღირსებისა და მოქალაქეთა ინტერესების დასაცავად
ქართული იურიდიული სივრცე შეიძლება მალე გახდეს კიდევ უფრო ადამიანური და ეფექტური. ადვოკატ ლევან ჭიღლაძის ინიციატივით, ადვოკატთა ასოციაციაში შესაძლოა, შეიქმნას მედიატორის უწყება, რომელიც მოქალაქეებსა და ადვოკატებს შორის წარმოშობილი პრეტენზიების განხილვას უფრო გონივრულად და სამართლიანად უზრუნველყოფს.
როგორც ლევან ჭიღლაძე აღნიშნავს, დღეს ადვოკატის წინააღმდეგ ნებისმიერი საჩივარი ავტომატურად ხვდება ეთიკის კომისიაში, რაც ზოგჯერ უაზროდ ართულებს პროცესს და აზიანებს პროფესიულ ღირსებასაც.
,,ხშირად მოქალაქე დაბნეულია ან გაუგებრობაა წარმოშობილი, რაც შეიძლება უბრალო მოლაპარაკებით მოაგვარდეს, სწორედ ამ შემთხვევაში უნდა ჩაერთოს მედიატორი,” – ამბობს ჭიღლაძე.
ინიციატივა გულისხმობს, რომ თუ მოქალაქე და ადვოკატი თანხმდებიან, საქმე აღარ გადავიდეს ეთიკის კომისიაში, არამედ განიხილოს სპეციალურმა მედიატორმა, ანუ დამოუკიდებელმა მაღალი კვალიფიკაციის იურისტმა, რომელიც ორივე მხარის ინტერესებს გაითვალისწინებს და კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას შეუწყობს ხელს.
ლევან ჭიღლაძის აზრით, ეს მოდელი დაიცავს ადვოკატის პროფესიულ ღირსებას, დაიცავს მოქალაქის უფლებებს და ამასთანავე, გაათავისუფლებს ეთიკის კომისიას ზედმეტი საქმის წარმოებისგან.
იურისტთა საზოგადოებაში უკვე აღინიშნება პოზიტიური რეაქცია, ინიციატივა აღიქმება, როგორც წინგადადგმული ნაბიჯი თანამედროვე და სამართლიანი ადვოკატურისკენ.
ლევან ჭიღლაძე კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ მისი ხედვა ადვოკატურაში მიმართულია, არა მხოლოდ წესრიგის გამკაცრებაზე, არამედ დიალოგისა და ნდობის კულტურის გაძლიერებაზე, რაც საბოლოოდ მთელ სისტემას უფრო გამჭვირვალესა და ეფექტურს გახდის.
ირაკლი მაისურაძე
,,GEO NEWS”





