• April

    25

    2025
  • 247
  • 0
ალი ბაბაევის გზა – პატრიოტიზმი, ერთგულება და პასუხისმგებლობა !

ალი ბაბაევის გზა – პატრიოტიზმი, ერთგულება და პასუხისმგებლობა !

დღევანდელ პოლიტიკურ რეალობაში, როდესაც საზოგადოება ეძებს სანდო და პრინციპულ ადამიანებს, რომლებიც სამშობლოს ინტერესს ყველაფერზე წინ აყენებენ, სასიამოვნოა ჩვენი მკითხველის ახლოს გაცნობა იმ ადამიანთან, ვისი ცხოვრება და საქმიანობა მთლიანად საქართველოს სიყვარულთან, თავდადებასთან და სახელმწიფოებრივ პასუხისმგებლობასთანაა დაკავშირებული.

ბატონი ალი ბაბაევი – ეთნიკურად აზერბაიჯანელი, ღირსეული ქართველი პოლიტიკოსი, ,,ქართული ოცნების” ძირძველი მხარდამჭერი და საქართველოს ერთგული შვილი, არის მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება ერთმა ადამიანმა, საკუთარი ოჯახური ტრადიციებით, პროფესიული გამოცდილებითა და მტკიცე მოქალაქეობრივი პოზიციით, უდიდესი წვლილი შეიტანოს ქვეყნის განვითარებაში.

ბატონო ალი, მოდით, ჩვენი ინტერვიუ თქვენი ბიოგრაფიის მოკლე თხრობით დავიწყოთ და საზოგადოებას, რომელსაც ისედაც კარგად მოეხსენება თქვენს შესახებ, კიდევ ერთხელ შევახსენოთ თქვენი ბიოგრაფია…. 

-მე, მცხეთელი გახლავართ, იქ სოფელ ციხისძირში გავიზარდე, ულამაზეს ადგილას ქსნის ხეობასთან, ამ სოფელს ამშვენებს ქსნის ციხე და წმინდა გიორგის სალოცავი. საშუალო სკოლა იქვე, გვერდით სოფელ ქანდაში დავამთავრე, რის მერეც ჩავირიცხე ფიზკულტურის მწვრთნელთა სკოლაში, რაც წარმატებით დავამთავრე და მივიღე ფეხბურთის მსაჯის სპეციალობა. მნიშვნელოვანი მიღწევები მქონდა, როგორც ფეხბურთში, ასევე შემდგომ, როგორც მწვრთნელს.

გარდა ამისა, მცხეთის საქალაქო საბჭოს დეპუტატი გახლდით. იქიდან სწავლა ბაქოს უმაღლეს სკოლაში განვაგრძე, რომელიც წარმატებით დავამთავრე და მოღვაწეობა ბაქოში დავიწყე. ეს იყო მძიმე პერიოდი – საქართველოში 9 აპრილის ტრაგედია, ბაქოში 1990 წლის 20 იანვრის სისხლიანი მოვლენები, რამაც საბოლოოდ გადამაწყვეტინა, რომ უნდა მებრძოლა სამართლიანობისთვის.

ჩემი ოჯახი, როგორც დინასტია, მუდამ ემსახურებოდა საქართველოს. ჩემი ორივე ძმა მონაწილეობდა, როგორც აფხაზეთის, ასევე ცხინვალის კონფლიქტებში. ჩვენი ოჯახი პატრიოტიზმით იყო აღზრდილი.

2008 წლის ომის დროს აქტიურად ვეხმარებოდი ჰუმანიტარულ მისიას. ატენის ხეობასა და გორში მივიტანე პირველი ჰუმანიტარული დახმარება, რომელიც ,,სოკარის” დაფინანსებით განხორციელდა. 2005 წლიდან ვებრძვოდი ,,ნაციონალური მოძრაობის” სასტიკ რეჟიმს. ვიყავი 7 ნოემბრის სასტიკი დარბევის მსხვერპლი, ისევე, როგორც პოლიციის სამმართველოსთან დარბევისა და  შედეგად ვატარებ ზურგში რეზინის ტყვიების კვალს.

მინდა ხაზგასმით ავღნიშნო, რომ მუდამ ვზრუნავდი საკუთარი თავის ინტელექტუალურ განვითარებაზე, შედეგად, იურიდიული ფაკულტეტის დასრულებით საკუთარი თავის სრულყოფას ვახერხებდი. 1999 წელს პირველად შევქმენი ორგანიზაცია ,,საქართველო ჩემი სამშობლოა”, რომელიც იბრძვოდა ქართული მიწების და ეროვნული ინტერესების დასაცავად. მქონდა საავტორო გადაცემა ,,ობიექტივზე”- ქართულ-აზერბაიჯანულ და რუსულ ენაზე.

მნიშვნელოვანია გახსოვდეთ, რომ მე, რეპრესირებული ვარ ჩემს ორგანიზაციასთან ერთად, ,,ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან. 2010 წელს გიორგი ვაშაძემ და დავით კირკიტაძემ ძალადობრივად წამართვეს ჩემი შექმნილი ორგანიზაცია, თან თავისი ქონებითურთ, ავტოტრანსპორტით და ყველაფრით. ეს ყველაფერი კირკიტაძემ საკუთარ მაშინდელ მოადგილეს ჰუსეინ იუსუპოვს გადაუფორმა, ყველანაერი კანონის დარღვევით.

2011 წელს შევიტანე მოთხოვნა „საქართველოს აზერბაიჯანელთა ეროვნული კონგრესის“ დარეგისტრირებაზე, რაზეც უარი მითხრეს და არ დამირეგისტრირეს. ამ ორგანიზაციის დარეგისტრირება მოხერხდა მხოლოთ 2012 წლის 3 ოქტომბერს, ანუ პირველ ოქტომბერს „ქართული ოცნების“კოალიციის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ. ამის მერე ეს ორგანიზაცია გამართულად ფუნქციონირებს და მისი მიზანი გახლავთ საქართველოში  სტაბილურობისა და მშვიდობის მხარდაჭერა და ეთნიკურად აზერბაიჯანელი მოქალაქეების სრული ინტეგრაცია ჩვენი სამშობლოს წიაღში და მის სახელმწიფო სტრუქტურებში. ასევე ჰუმანიტარული აქციები ჩვენი პრიორიტეტია და აქტიურად ვუჭერთ მხარს მმართველი ძალის გაცხადებულ მშვიდობის პოლიტიკას.

-ბატონო ალი, ალეკო ელისაშვილის შესახებაც მინდა გკითხოთ, კერძოდ, იმ სამარცხვინო თავდასხმაზე, რაც მან თქვენზე, როგორც ფორმის, ისე მიზნის თვალსაზრისით განახორციელა….

-ამ მოგზავნილ პროვოკატორზე დიდხანს საუბარი არც მინდა. ის ცნობილია იმით, რომ სხვადასხვა იაფასიან პროვოკაციებს აწყობს მათთვის, ვინც უხდის და შემდეგ ამით ცდილობს თითქოსდა, რაღაც ადგილი დაიკავოს საზოგადოებაში, თუმცა საზოგადოებამ კარგად იცის მისი ფასი და ბოლო არჩევნებმა ეს ფასიც კარგად აჩვენა.

მე არაფერი მაქვს სამტკიცებელი, ჩვენი ამომრჩეველი ზუსტადაა ინფორმირებული, როგორც ალი ბაბაევის პიროვნების შესახებ, ასევე ქოსატყუილა ელისაშვილი შესახებ – ყველამ იცის ვინც არის და არც მისი გაუფასურებული სიტყვის სჯერა ვინმეს.

იცით, ელისაშვილს მე კარგად ვიცნობდი ამ თავდასხმამდეც მქონდა მასთან შეხების წერტილებიც, თუმცა, როცა ეს სუბიექტი დაკვეთის ქვეშაა და პროვოკაცის აწყობს, მე კი არა, საკუთარი ოჯახის წევრიც, რომ ედგეს წინ, იმასაც გაწირავს, ასეთია ელისაშვილის მსგავსთა ბუნება და არც არაფერია აქ გასაკვირი.

საზოგადოებას გთავაზობთ გაიხსენოთ ის ადამიანები, ვინც ცხოვრებაში ვერ აღმოჩნდებოდნენ იმხელა თანამდებობებზე, სადაც ბატონი ბიძინას დამსახურებით მოხვდნენ. მერე, როგორი შავი უმადურობა გამოავლინეს, მაგალითისათვის დავით უსუფაშვილისა და მისი მეუღლის თინა ხიდაშელის, ზვიად ძიძიგურისა და ეკა ბესელიას დასახელებაც საკმარისია, ასე რომ, ელისაშვილი, რომ ჩემს მიმართ უმადური იყოს არაფერია გასაკვირი, პირიქით, ღირსეულად, რომ მოქცეულიყო ეს გამიკვირდებოდა უფრო მეტად.

მოდით, არ დავივიწყოთ, რომ ძალიან ბევრს პოლიტიკაში პირადი სარგებელი ამოძრავებს და თუ ეს სარგებელი შეეზღუდა, არც არაფერი აჩერებს უღირსობისგან. მე, ჩემის მხრივ, ყოველთვის ვიყავი და ვრჩები თორმეტიანების ( 2012 – ის ) თაობის ერთგულ ჯარისკაცად და მიუხედავად იმისა, რომ თანამდებობაზე დანიშვნაც არაერთხელ შემოუთავაზებიათ, ჩემთვის ღირსება და ბატონი ბიძინას იდეები საქართველოს სწორი და მშვიდობიანი განვითარების თაობაზე, ყოველთვის იყო და რჩება პრიორიტეტად, რაც ნამდვილადა დიდი სტიმულია ჩემთვის, რომ დაუღალავად ვემსახურო საქართველოს ინტერესებს.

როგორ აფასებთ ,,ქართული ოცნების” პოლიტიკას და ბატონი ბიძინა ივანიშვილის როლს ?

-,,ქართული ოცნება” უნიკალური პარტიაა, რომელმაც არა სიტყვებით, არამედ მრავალწლიანი შრომით დაამტკიცა თავისი სიყვარული სამშობლოსადმი. ბატონი ბიძინა ივანიშვილი არის გამორჩეული ლიდერი, რომელმაც ყველაზე მძიმე პერიოდში გადაიბარა ქვეყნის მართვა და საქართველოს ეროვნულ ინტერესებს პრიორიტეტი მიანიჭა. მისი მოღვაწეობა არის მაღალი პოლიტიკური კულტურისა და უანგარო პატრიოტიზმის ნათელი მაგალითი.

ბატონი ბიძინა ივანიშვილის ღვაწლი საქართველოს წინაშე შეუფასებელია. თუ მომავალში ბატონ ბიძინასა და გუნდისაგა უფრო საპასუხისმგებლო ფუნქცია დამეკისრება, ამას უდიდესი პასუხისმგებლობით, თავდადებით და შეუპოვრობით შევასრულებ. ჩემთვის პატივია ვიყო მისი ერთგული ჯარისკაცი, რომელიც ქვეყნის სამსახურში დაუღალავად იბრძვის.

ბატონი ბიძინა ივანიშვილი არ არის მხოლოდ ბიზნესმენი, ან ქველმოქმედი – ის არის სტრატეგი, რომელმაც გადამწყვეტი როლი შეასრულა ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური სტაბილურობისა და ეკონომიკური აღორძინების გზაზე. ის საქართველოს მომავლისთვის ფიქრობს, არა მხოლოდ დღევანდელი დღის, არამედ მომავალი თაობების გათვალისწინებით. მისი დამსახურება განსაკუთრებით შესამჩნევია განათლების, ჯანდაცვისა და ინფრასტრუქტურის მიმართულებებით.

ჩემთვის ძალზედ საინტერესო ამბავია, რომ დღეს, პოლიტიკურ არანაზე ,,ქართულ ოცნებას” კვლავ უპირისპირდება ,,ნაციონალური მოძრაობა”, ანუ საპირწონედ დგას. ვიცი ასევე ის ამბავიც, რომ სხვა პარტიები რომლებიც არ არიან მრავალრიცხოვანი, არ აფიქსირებენ საკუთარ პოზიციას ნათლად და ერთმნიშვნელოვნად, მე მოუწოდებ მათ გაერთიანდნენ, ერთიანად გამოხატონ და საჯაროდ დააფიქსირონ საკუთარი აზრი, რომ ხალხისთვის ყველაფერი ცხადი გახდეს. თქვან ღიად, უჭერენ თუ არა მხარს ,,ქართული ოცნების” მშვიდობის პოლიტიკას, თუ ,,ნაციონალური მოძრაობისკენ” იხრებიან, რომელსაც წლების განმავლობაში მხოლოდ დესტაბილიზაცია აინტერესებს, მხოლოდ ომი, ნგრევა და განადგურება სურს. აი, მე, როგორც საქართველოს მოქალაქეს, მაქვს უბრალო ინტერესი, რომ ამდენი პარტიაა რეგისტრირებული და ასევე ამდენი არასამთავრობო ორგანიზაციაა, არაა მნიშვნელოვანი, რომ მათ ღიად და დაუფარავად გამოხატონ საკუთარი პოზიცია და ჩვენ ყველამ გავიგოთ ვის და რას უჭერს ეს ხალხი მხარს ?! ნუთუ, ასე უბრმავებს თვალებს არასამთავრობო ორგანიზაციებს უცხოეთიდან მიღებული ფული, რომ საკუთარი სამშობლოსთვის ასე დახარჯულ და თავგადადებულ პოლიტიკურ ძალას ვერ შეაფასებენ სწორად, ღირსეულად და ერთხელ მაინც ვერ იტყვიან სიმართლეს, რომ მთელი ეს წლები და განსაკუთრებით, უკრაინის მოვლენების შემდგომ, ბატონმა ბიძინამ და „ქართულმა ოცნებამ“ ტურბულენტობისას საქართველო სუვერენიტეტისა და ეროვნული ინტერესების გზით ატარა და დაუზიანებელი გამოიყვანა იქიდან, საიდანაც ბევრად დიდი და წელგამართული ქვეყნები განადგურებულები გამოვიდნენ.

მე, ასევე მინდა განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილო იმ ადამიანებზე, ვინც თავდაპირველად ბატონი ბიძინას გუნდში იყვნენ და მერე უღალატეს ყველაფერ იმას, რასაც მანამდე ერთგულებას ეფიცებოდნენ. ამ შემთხვევაში, მე, არ ვსაუბრობ რიგით მხარდამჭერებზე, საუბარი მაქვს პარლამენტის წევრებზე, პარლამენტის თავჯდომარეზე, საქართველოს პრეზიდენტებზე და სხვებზე, რომლებიც ბატონი ბიძინას გარემოცვაში აღმოჩდნენ, ვისაც სიზმარში არ დაესიზმრებოდა, რომ ესოდენ მნიშვნელოვან თანამდებობებს დაიკავებდნენ, რომ არა ბატონი ბიძინა. და საბოლოო ჯამში, მოიქცნენ, როგორც მედროვეები, მათ შორის ძალიან მაღალ, პრემიერ-მინისტრის პოსტზე ნამუშევარი ადამიანებიც კი და საკუთარი სახელისა და საქმის სრული დისკრედიტაცია მოახდინეს.

მე ვიყავი სათათბიროს წევრი, მე ვიყავი „ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს წევრი და რაოდენ დიდი სირცხვილია, რომ ამ მოღალატეებთან მიწევდა საქმიანი შეხება, თუმცა, მნიშვნელოვანია ის, რომ გუნდი სადღეისოდ დიდი ძალისხმევის ფასად, სრულად გაწმენდილია ყველა სახის მედროვისაგან და ბატონი ბიძინას, ირაკლი კობახიძის, მამუკა მდინარაძისა და სხვათა წინ წაძღოლით, ზუსტად  და სწორედ მიდის საქართველო სუვერენიტეტის გზაზე.

რას იტყოდით საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის საქმიანობაზე და მის თავმჯდომარე თეა წულუკიანზე ?

-დროებითი საგამოძიებო კომისია უმნიშვნელოვანესი ორგანოა დემოკრატიული პროცესების გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად. თავმჯდომარე თეა წულუკიანი მებრძოლი და პროფესიონალი დეპუტატია, ,,ქართული ოცნების” ძირძველი მხარდამჭერი, რომლის ძალისხმევითაც კომისია ეფექტურად მუშაობს. მისი ურყევი დამოკიდებულება სამართლისა და სამართლიანობის დაცვის მიმართ, უდიდეს პატივისცემას იმსახურებს. არც ის დაგვავიწყდეს, რომ ქალბატონი თეა ძალიან წარმატებული იუსტიციის მინისტრი და არანაკლებ წარმატებული კულტურის მინისტრი იყო, შესაბამისად, უდიდესი გამოცდილების მატარებელია.

როგორ ხედავთ რუსეთთან პირდაპირი მოლაპარაკებების აუცილებლობას, ეს რამდენად დასაშვები და აუცილებელია ?

-დღევანდელი გეოპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, აუცილებელია პირდაპირი დიალოგი რუსეთთან. მაგალითისთვის, მოვიყვან აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს, რომელმაც ბრძნულად და დიპლომატიურად შესძლო ყარაბახის დაბრუნება რუსეთის ჩუმი თანხმობით. საქართველომაც უნდა აირჩიოს მშვიდობის გზა და პირდაპირი დიალოგი, რათა მაქსიმალურად დაიცვას საკუთარი ეროვნული ინტერესები.

რა სამომავლო გეგმები აქვს თქვენს ორგანიზაციას ?

-,,საქართველოს აზერბაიჯანელთა ეროვნული კონგრესი” კვლავ აქტიურად გააგრძელებს მუშაობას. ჩვენი პრიორიტეტია ეთნიკური აზერბაიჯანელების სრულფასოვანი ინტეგრაცია ქართულ საზოგადოებაში. ვახორციელებთ ქართული ენის შემსწავლელი კურსების მხარდაჭერას, ვუწყობთ ხელს ახალგაზრდების განათლებას და დასაქმებას. ასევე ვგეგმავთ მრავალ სოციალურ პროექტს, რომელიც ხელს შეუწყობს რეგიონებში ახალგაზრდების პროფესიულ განვითარებას.

ახალგაზრდობაზე რომ ვისაუბროთ, რა ნაბიჯებს დგამთ მათი გააქტიურებისა და ქვეყნის სამსახურში ჩართვისთვის ?

-ახალგაზრდობა საქართველოს სულიერი სიმდიდრეა. ჩვენი ორგანიზაცია მიზანმიმართულად უწყობს ხელს მათი პოტენციალის გამოვლენას. ვახორციელებთ სამოტივაციო პროგრამებს, ვასწავლით ლიდერობასა და მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობას. ვთანამშრომლობთ, როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სტრუქტურებთან, რათა ახალგაზრდებმა ადრეულ ასაკში შესძლონ ქვეყნის სამსახურში ჩადგომა.

რას ეტყოდით იმ ხალხს, ვინც ჯერ კიდევ სკეპტიკურად უყურებს ,,ქართული ოცნების” პოლიტიკას ?

-,,ქართული ოცნების” პოლიტიკა რეალური შედეგებით განისაზღვრება, არა მხოლოდ დაპირებებით, არამედ ყოველდღიური, გამჭვირვალე და მოქალაქეზე ორიენტირებული საქმიანობით. ვისაც თვალის გახელა სურს, შეუძლია გაიხედოს რეგიონებში – გზები, სკოლები, საავადმყოფოები, წყალი, ბუნებრივი აირი. ეს ყველაფერი ბატონი ბიძინა ივანიშვილისა და მისი გუნდის დამსახურებაა. ვისაც სამშობლო უყვარს, ვალდებულია დაინახოს ის პროგრესი, რაც ქვეყანამ განიცადა ბოლო ათწლეულში.

დასასრულ, ბატონო ალი, რას გვეტყვით პირადად ბიძინა ივანიშვილზე ?

-ბატონი ბიძინა ივანიშვილი ჩემთვის და ჩემნაირი ათასობით ადამიანისთვის არის სიბრძნის, სიმტკიცისა და კაცთმოყვარეობის მაგალითი. მისი უდიდესი სიყვარული საქართველოს მიმართ დაუფარავია. ის ცხოვრებით ამტკიცებს იმ ღირებულებებს, რის გამოც ჩვენი სამშობლო ღირსეულ ადგილს იმკვიდრებს მსოფლიოში. მისი დაუღალავი შრომა, უპრეცენდენტო ქველმოქმედება და სახელმწიფოებრივი ხედვა არის ის, რის საფუძველზეც უნდა ავაშენოთ ჩვენი ქვეყნის მომავალი.

მე და ჩემი ორგანიზაცია მუდამ ვიქნებით მისი იდეების ერთგული. ჩვენი მისიაა საქართველოში მშვიდობის შენარჩუნება, განვითარება და ეროვნული ინტერესების დაცვა, ზუსტად იმ პრინციპებზე, რომელზეც ბატონი ბიძინა და „ქართული ოცნება“ აშენებენ ახალ საქართველოს.

ქეთი ხომერიკი

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor