• September

    29

    2025
  • 187
  • 0
ექსკლუზივი – ალი ბაბაევი : ,,ქართული ოცნების გზა არის მშვიდობისა და სუვერენიტეტის გარანტია – ერთად უნდა დავიცვათ ჩვენი ტრადიციები და კონსერვატიული ფასეულობები“ !

ექსკლუზივი – ალი ბაბაევი : ,,ქართული ოცნების გზა არის მშვიდობისა და სუვერენიტეტის გარანტია – ერთად უნდა დავიცვათ ჩვენი ტრადიციები და კონსერვატიული ფასეულობები“ !

,,ქართული ოცნების” მრავალწლიან სახელმწიფოებრივ საქმიანობაში მნიშვნელოვანი როლი აკისრიათ იმ ადამიანებს, რომელთაც არა მხოლოდ პარტიული ერთგულება და სახელმწიფოებრივი ხედვა აერთიანებთ, არამედ მათი პირადი მაგალითი წარმოადგენს პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ფასეულობათა სინთეზს. ასეთ გამორჩეულ პიროვნებად გვევლინება ბატონი ალი ბაბაევი – ,,ქართული ოცნების” ერთ-ერთი დამფუძნებელი, აქტიური საზოგადო მოღვაწე და მთელი საქართველოს მასშტაბით არაერთი საპატიო ინიციატივის მხარდამჭერი.

ალი ბაბაევი იმ იშვიათი, გამორჩეული ადამიანების რიცხვს განეკუთვნება, ვინც ერთდროულად აერთიანებს საქართველოს მიმართ უანგარო პატრიოტიზმს, ეთნიკური უმცირესობის ღირსეულ წარმომადგენლობასა და სახელმწიფოებრივი აზროვნების სიმაღლეს. მისი სიტყვა ყოველთვის არის გამორჩეული გულწრფელობითა და იმ ემოციით, რომელიც სარწმუნოდ გამოხატავს მისი პოზიციის ძალას.

ამ ინტერვიუში ბატონი ალი მკვეთრად და გარკვევით აფასებს, როგორც საქართველოს პრეზიდენტის, ბატონ მიხეილ ყაველაშვილის ამერიკულ ვიზიტს და მის სიტყვას გაეროს ტრიბუნიდან, ასევე უკრაინის ვადაგასული პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის საქართველოსადმი უპასუხისმგებლო განცხადებებს. ჩვენთან საუბრისას იგი ხაზს უსვამს ,,ქართული ოცნების” პოლიტიკური ხაზის მტკიცე კურსს, ქვეყნის შიგნით ტოლერანტობის მაღალი ხარისხის შენარჩუნებას, ეთნიკური უმცირესობების აქტიურ ჩართულობას და ჩვენი ისტორიის პატივისცემას.

,,GEO NEWS”,,ქართული ოცნების” ერთ-ერთ დამფუძნებელს, პოლიტსაბჭოს ყოფილ წევრს, ეროვნებით აზერბაიჯანელს, ,,საქართველოს აზერბაიჯანელთა ეროვნული კონგრესის“ თავმჯდომარეს, ბატონ ალი ბაბაევს ექსკლუზიურად ესაუბრა. 

-ბატონო ალი, როგორ შეაფასებდით სასირცხვილო ზელენსკის მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ გაკეთებულ განცხადებებს ?

-მინდა განსაკუთრებულად დავგმო უკრაინის ვადაგასული პრეზიდენტის, ზელენსკის გაეროს ტრიბუნიდან საქართველოს სასირცხვილო დადანაშაულების ფაქტი, რაც არც დიპლომატიურ ეტიკეტში ჯდება და არც მეგობარი ქვეყნის პრეზიდენტის ქცევის წესებში. რეალურად, რასაც ვხედავთ, ზელენსკიმ უდიდეს განსაცდელში ჩააგდო უკრაინელი ხალხი და საშინელ ტრაგედიას დაუდო სათავე. ასიათასობით გარდაცვლილის გარდა, მილიონობით ადამიანმა დატოვა სამშობლო და, ფაქტობრივად, უკრაინა გადაიქცა შეუმდგარ სახელმწიფოდ, რომელსაც უზარმაზარი პოტენციალი ჰქონდა 2022 წლამდე.

მე, როგორც საქართველოს მოქალაქე, ეთნიკური აზერბაიჯანელი, ვგმობ საქართველოს მიმართ უკრაინის ვადაგასული პრეზიდენტის გამონათქვამებს და სრულად ვემიჯნები მათ.

-რა შთაბეჭდილება დაგიტოვათ საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტმა ამერიკაში და მისმა გამოსვლამ გაეროს ტრიბუნაზე ?

-მინდა ყურადღება გავამახვილო იმაზე, თუ რამდენად აკადემიური და სახელმწიფოებრივი ზრუნვით დატვირთული გახლდათ საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში. იქნება ეს გაეროს მაღალი ტრიბუნიდან გამოსვლა თუ შეხვედრა პრეზიდენტ ტრამპთან.

ბატონი პრეზიდენტის სიტყვა წარმოაჩენდა იმ გამოწვევებს, რომელთა წინაშეც დღეს საქართველო დგას.

ამავდროულად, ეს სიტყვა იყო ნათელი მაგალითი მსოფლიოსათვის არსებული საფრთხეების ჩვენებისა და განსაკუთრებით, ლიბერალური ტერორის ნამდვილი სახის მხილების პოტენციის მქონე.

პრეზიდენტმა ყაველაშვილმა, აშშ-ში ლიბერალი რადიკალების მიერ ჩარლი კირკის ბრუტალური მკვლებობიდან ძალიან მალე, მსოფლიოს დაანახა ყველა ის გამოწვევა და საფრთხე, რომელიც საქართველოდან განსაკუთრებით კარგად ჩანს.

-როგორ შეაფასებდით საქართველოში ეთნიკური უმცირესობების მიმართ არსებულ ტოლერანტულ გარემოს ?

-მსურს ასევე გამოვეხმაურო იმ სამწუხარო ფაქტს, როდესაც პირს, რომელიც ეთნიკურ უმცირესობას წარმოადგენდა, მიაყენეს შეურაცხყოფა ქართული ენის უცოდინრობის გამო. მე წლების განმავლობაში ვიძახი, რომ, თუ საქართველოს მოქალაქე ხარ, უნდა იცოდე ქართული ენა – ეს სავალდებულოა. დღეს ყველა პირობაა შექმნილი ქართული ენის შესასწავლად.

საქართველო არის ძალიან ტოლერანტული ქვეყანა და ამავდროულად, მიუღებელია ენის უცოდინრობის გამო ადამიანს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენო.

მე, როგორც ,,ქართული ოცნების” დამფუძნებელი, ვემხრობი მაქსიმალურ ჩართულობას და კარგი იქნება, რომ აზერბაიჯანელი ახალგაზრდობა, რომელსაც აქვს პოტენციალი და უნარი, დასაქმდეს სახელმწიფო ორგანოებში, მათ შორის ძალოვან სტრუქტურებშიც – მეტად იყვნენ ჩართულნი სახელმწიფოს მშენებლობის პროცესში.

-თქვენი აზრით, რამდენად მნიშვნელოვანია ,,ქართული ოცნების” ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ და საკადრო განახლება ?

-დღეს ძალიან ეფექტურია სახელმწიფო აპარატი. ყველას გვახსოვს, რომ ბატონი ბიძინას ხელმძღვანელობით საქართველომ ,,იომა” მშვიდობის შესანარჩუნებლად. დღეს ყველაფერი კეთდება ქვეყნის სასიკეთოდ.

მე, როგორც ღვაწლმოსილი და ვეტერანი ოცნების წევრი, ყოველთვის მომხრე ვარ საკადრო განახლების და კორუფციასთან შეურიგებელი ბრძოლის. მიმაჩნია, რომ როცა გუნდი გენდობა და შენ უსინდისოდ იქცევი, მაშინ უნდა დაისაჯო, ვინც არ უნდა იყო. დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ ,,ქართულ ოცნებას” აქვს თვითგაწმენდის პოტენციალი.

-რას ფიქრობთ გამყიდველი ოპოზიციის ქცევაზე და მათ გეგმებზე ?

-რაც შეეხება მოღალატე ოპოზიციას, მიმაჩნია, რომ ისინი სპეციალურად არყევენ სახელმწიფოს, როდესაც ამბობენ, რომ 2024 – ში ვახდენთ მშვიდობიან დამხობასო, ეს სრული აბსურდია. რას ეუბნებიან იმ უდიდეს უმრავლესობას, რომელმაც ხმა მისცა ,,ქართულ ოცნებას” და მშვიდობიან განვითარებას ?

ამ ქვეყანაში გვაქვს ყველაფერი, განსაკუთრებული ტოლერანტობის გამოცდილება და არასდროს მოხდება ისე, რომ საქართველომ დათმოს საკუთარი ჭეშმარიტი და კონსერვატიული ფასეულობები, რაც ამ ქვეყნის გენეტიკურ კოდშია ჩადებული.

-როგორ შეაფასებდით ერეკლე მეორის ძეგლის გახსნას და ისტორიული მეხსიერების საკითხს ?

-ამ კუთხით მინდა გამოვეხმაურო ამ დღეებში დიდი ერეკლე მეფის ძეგლის გახსნას კახეთის გზატკეცილზე. საქართველოსთვის გამორჩეული მეფე ერეკლე ყოველთვის ასოცირდება ქვეყნის მთლიანობისა და სიძლიერისკენ მიმართულ ნაბიჯებთან. როგორც არ უნდა ცდილობდნენ ინდივიდუალური პროვოკატორები მისი ღვაწლის დაკნინებას, ის მუდმივად რჩება საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთ გამორჩეულ ფიგურად, ვინც საქართველოს სახელმწიფოებრიობა შეუნარჩუნა და თითქმის მილეული მოსახლეობა ( შვიდასი ათასზე ნაკლები ) ხუთ მილიონამდე გაამრავლა, ეს არის ფაქტები და არა აღქმები.

აქ ერთიც მინდა აღვნიშნო : ისტორიული ფაქტია, რომ ცნობილ 300 არაგველთან ერთად იბრძვოდა 200 ბორჩალოელიც, რომელთა ღვაწლის შესახებ დღეს ნაკლებად არის ცნობილი. მე მგონი, სწორი იქნება, თუ 300 არაგველის ძეგლის გვერდით გაჩნდება პატარა მემორიალური დაფაც, სადაც ამ ბორჩალოელი ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელთა გმირობა იქნება აღბეჭდილი.

მე, მაგ: , როცა ზუგდიდისკენ მივდივარ, ყოველთვის ვნახულობ ხონის რაიონში რახიტ მამედოვის ძეგლსაც, რომელიც ეთნიკურად აზერბაიჯანელი იყო და გადაარჩინა ქართველები.

ქართული-აზერბაიჯანული ურთიერთობა ძალიან მაღალ დონეზეა და მას ხელს ვერავინ შეუშლის. ამ ურთიერთობათა კიდევ უფრო გასაღრმავებლად კარგი იქნება ბორჩალოელთა ძეგლის გახსნა.

-რა მოწოდება გაქვთ ჩვენი თანამოქალაქეებისადმი ?

-მინდა მოვუწოდო პატრიოტულად განწყობილ ჩვენს ყველა თანამოქალაქეს, რომ ერთად მივიდეთ არჩევნებზე და გავაკეთოთ ის არჩევანი, რაც ჩვენს სამშობლოში სუვერენიტეტის, მშვიდობიანი განვითარებისა და ქვეყნის ძლიერების სასარგებლოდ იქნება. ეს კი ,,ქართული ოცნების” უალტერნატივო მხარდაჭერაა.

ირაკლი კერესელიძე

,,GEO NEWS”

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor