
არამკითხე ესტონურ პარლამენტს კომპასი და მიმართულება აერია
ბოლო პერიოდში ესტონეთის მხრიდან გაკეთებულმა განცხადებებმა საქართველოს შიდა პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით საზოგადოების ნაწილის აღშფოთება გამოიწვია. საქართველოს მოქალაქეები აცხადებენ, რომ ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა ეწინააღმდეგება სუვერენიტეტის პრინციპებს და ქვეყნის დამოუკიდებელ პოლიტიკურ კურსს.
განსაკუთრებით მწვავედ განიხილება ევროპარლამენტის ზოგადი პოზიცია, რომელსაც ქართული მხარე უსამართლო კრიტიკასა და ორმაგ სტანდარტებში ადანაშაულებს.
ექსპერტები ყურადღებას ამახვილებენ იმაზე, რომ 20 იანვრის შემდეგ გლობალურ პოლიტიკაში ახალი დღის წესრიგი დამკვიდრდა, რაც საერთაშორისო თანამეგობრობისთვის ცხადს ხდის, რომ სუვერენული ქვეყნების საქმეებში ჩარევა დაუშვებელია.
საქართველოს მთავრობა საერთაშორისო პარტნიორებს მოუწოდებს, მხარი დაუჭირონ ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებასა და სუვერენიტეტის პატივისცემას, ხოლო ნებისმიერი საკითხი დიპლომატიური დიალოგის გზით გადაწყდეს.
სუვერენიტეტი ქვეყნის მთავარი ფუნდამენტია, ხოლო მისი შელახვა, თუნდაც მეგობრული კრიტიკის სახით, სიფრთხილით უნდა მოხდეს. საქართველოსთვის, როგორც დემოკრატიული ტრანსფორმაციის გზაზე მყოფი სახელმწიფოსთვის, კრიტიკული მხარდაჭერა აუცილებელია, მაგრამ ეს მხარდაჭერა არ უნდა გასცდეს საერთაშორისო ეთიკისა და დიპლომატიური პატივისცემის ჩარჩოებს.
ესტონეთის ან ევროპარლამენტის მხრიდან გაკეთებული განცხადებები შესაძლოა, მათ კარგ სურვილებზე მიუთითებდეს, მაგრამ მსგავსი ნაბიჯები, თუ ისინი შიდა საქმეებში ჩარევის იერს იძენს, შეიძლება უკუშედეგიანი აღმოჩნდეს და საზოგადოების ნაწილში გაუცხოების განცდა გააჩინოს.
მსოფლიოს ახალი დღის წესრიგი, რომელსაც ჩვენ 20 იანვრიდან ვაკვირდებით, მოითხოვს, რომ დიდი და პატარა სახელმწიფოები თანასწორ პარტნიორებად აღიქმებოდნენ. ამ გზით შესაძლებელი იქნება ურთიერთნდობის გაღრმავება და საქართველოს ინტერესების დაცვა ისე, რომ საერთაშორისო თანამეგობრობაც კმაყოფილი დარჩეს.
ნათელია, რომ საქართველოს სუვერენიტეტი, არა მხოლოდ მისი შიდა პოლიტიკური სტაბილურობის, არამედ რეგიონის უსაფრთხოების გარანტიაა და საერთაშორისო პარტნიორებმა ეს უნდა გაითვალისწინონ.
მკითხველს შევახსენებთ, რომ ესტონეთის პარლამენტმა საქართველოსთან დაკავშირებით მიიღო განცხადება, რომლის მიხედვით, მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას, კონკრეტული ნაბიჯები გადადგას, რათა დაიცვას და მხარი დაუჭიროს ლეგიტიმურ პრეზიდენტს, სამოქალაქო საზოგადოებას და აქციის მონაწილეებს.
განცხადების მიღებას მხარი დაუჭირა პარლამენტის 59-მა წევრმა, ხოლო ცხრა წინააღმდეგი იყო.
ამასთან, განცხადებაში აღნიშნულია, რომ „ესტონეთის პარლამენტი არ აღიარებს პარლამენტისა და მთავრობის ლეგიტიმურობას, ასევე ლეგიტიმურ პრეზიდენტად ესტონეთის პარლამენტში მხოლოდ სალომე ზურაბიშვილს აღიარებენ და მხარს უჭერენ მის ძალისხმევას ქვეყანაში საკონსტიტუციო კრიზისის დასრულებისთვის“. განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ „პარლამენტი მხარს უჭერს დემოკრატიულ ძალებს საქართველოში, რომლებიც ითხოვენ ახალ საპარლამენტო არჩევნებს, რაც გარდაუვალია საკონსტიტუციო კრიზისის გადასაჭრელად და დემოკრატიის აღსადგენად, ასევე გმობს მშვიდობიან დემონსტრანტებზე სასტიკ რეპრესიებს მზარდი რუსული იმპერიალიზმის მხარდაჭერით და მოუწოდებს, შეწყდეს ნებისმიერი ძალადობა ან დევნა, ასევე გათავისუფლდეს ყველა პოლიტპატიმარი“.
ესტონეთის პარლამენტი ასევე მოუწოდებს სხვა ეროვნულ პარლამენტებს, „დაგმონ საქართველოში მმართველი რეჟიმის ძალადობრივი ქმედებები“.
„ესტონეთის პარლამენტი მოუწოდებს ევროკომისიას და ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს, დააწესონ სანქციები იმ ქართველი პოლიტიკოსებისა და ოფიციალური პირების მიმართ, რომლებიც მონაწილეობენ მშვიდობიანი აქციების ძალადობრივ დაშლასა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების დევნაში. ესტონეთის პარლამენტი ასევე ითხოვს, მკაცრად შეიზღუდოს ურთიერთობა საქართველოს არალეგიტიმურ მთავრობასთან იქამდე, ვიდრე ქვეყანაში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები არ ჩატარდება და მხარდაჭერა გამოუცხადოს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, თავისუფალ მედიას, რომლებიც, დაშინებისა და დევნის მიუხედავად, თავისუფალი საზოგადოების სახელით მუშაობას აგრძელებენ. პარლამენტი სოლიდარობას უცხადებს ქართველ ერს, რომელიც იცავს საკუთარ უფლებებს, კონსტიტუციას, დემოკრატიას და საქართველოს მომავალს ევროკავშირში“, – ნათქვამია ესტონეთის პარლამენტის განცხადებაში.
გიული ირემაძე





