• October

    4

    2023
  • 431
  • 0
არსებობს თუ არა ქვეყანაში დესტაბილიზაციის საფრთხე – შსს-ს თანამშრომლები წვრთნებს გადიან ?

არსებობს თუ არა ქვეყანაში დესტაბილიზაციის საფრთხე – შსს-ს თანამშრომლები წვრთნებს გადიან ?

ბოლო დღეებია, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ქვეყანაში მორიგი სახელმწიფო გადატრიალების მოწყობის მცდელობის შესახებ იუწყება. ,,სუს”-ის განცხადებით, მიმდინარე წლის ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში „ევრომაიდნის“ მსგავსი სცენარის განხორციელება იგეგმება.

ლილუაშვილის უწყების მტკიცებით, საქართველოში დესტაბილიზაციისა და სამოქალაქო არეულობის მოწყობისა და ძალადობრივი გზით ხელისუფლების შეცვლის ერთ-ერთი ავტორი ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის, ვანო მერაბიშვილის მოადგილე და ამჟამად უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელის მოადგილე გიორგი ლორთქიფანიძეა, ასევე  მის დაქვემდებარებაში მყოფი ქართული წარმოშობის მქონე პირები, მათ შორის არიან მესამე პრეზიდენტის დაცვის ყოფილი წევრი მიხეილ ბატურინი და სააკაშვილის ახლო გარემოცვის წევრი, უკრაინაში მოქმედი „ქართული ლეგიონის“ მეთაური მამუკა მამულაშვილი.

 ,,სუს”-ის ინფორმაციით, აღნიშნული გეგმის განხორციელება იგეგმება უცხო ქვეყნების კოორდინაციითა და ფინანსური მხარდაჭერით.

„დესტრუქციული პროცესების დაწყების თარიღებად შერჩეულია მიმდინარე წლის ოქტომბერ-დეკემბრის პერიოდი, როდესაც უნდა გამოქვეყნდეს ევროკომისიის შუალედური და ევროკავშირის საბოლოო დასკვნა. სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად მომზადების შეთქმულთა მოლოდინი გათვლილია იმ გარემოებაზე, რომ გამოქვეყნებული დასკვნა იქნება უარყოფითი, რაც მათ განკარგულებაში არსებული საინფორმაციო ქსელებით, მთავრობისთვის ხელოვნურად დამაგრებული “პრორუსულობის“ ლოზუნგით, შექმნის ნაყოფიერ ნიადაგს საზოგადოებრივი მღელვარებისა და შემდგომი არეულობებისათვის“, – აცხადებს ,,სუსი”.

როგორც ,,სუსი” აღნიშნავს, დადასტურებული და გადამოწმებული ინფორმაცია აქვთ, რომ გიორგი ლორთქიფანიძის მიერ შემუშავებული გეგმის შესასრულებლად გამოყენებული იქნება „უკრაინაში მებრძოლი ქართული წარმოშობის საკმაოდ დიდი ჯგუფი და დაინტერესებული მხარის ზეგავლენის ქვეშ მოქცეული ქართველი ახალგაზრდების ნაწილი“, რომელთა გადამზადება-წვრთნა მიმდინარეობს პოლონეთი-უკრაინის სახელმწიფო საზღვრის მიმდებარედ.

,,სუს”-ის მტკიცებით, რევოლუციური სცენარისთვის გამოსაყენებელი ახალგაზრდული ჯგუფების მომზადების მიზნით გამოიყენება ორგანიზაცია „კანვასი“, რომლის ბირთვსაც შეადგენს ორგანიზაცია „ოტპორი“. სწორედ ამ ორგანიზაციებმა წარსულში მიიღეს აქტიური მონაწილეობა სერბეთში განვითარებულ რევოლუციურ პროცესებში და, შესაბამისად, რეგულარულად გამოიყენებიან სხვადასხვა ქვეყანაში ახალგაზრდების მომზადებასა და დესტრუქციულ პროცესებში ჩართვის მიზნით.

ხსენებული პირების მიერ განიხილება მოვლენათა განვითარების რამოდენიმე სცენარი, რომელიც მოიცავს ეგრეთ წოდებული „კარვების ქალაქის“ მოწყობას, საქართველოში ცენტრალურ გამზირებსა და სტრატეგიულ ობიექტებთან ბარიკადების აღმართვას, სამთავრობო შენობების დაკავება-ბარიკადირებასა და ასევე სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედებებს, რომლებიც შეიცავენ მძიმე პროვოკაციის ელემენტებს. კერძოდ, დადასტურებულად ცნობილია, რომ ორგანიზატორების მიერ განიხილება საქართველოში 2014 წელს უკრაინაში გამართული ,,ევრომაიდნის“ მსგავსი სცენარის განხორციელება“, – ამტკიცებს ,,სუს”-ი.

,,სუს”-ის განცხადებით,  25 სექტემბერს საქართველოში USAID-ის პროგრამის აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის მოწვევით ჩამოვიდნენ სერბეთის მოქალაქეები სინისა სიკმანი, იელენა სტოისიჩი და სლობოდან ჯინოვიჩი. აღნიშნული პირები დაკავშირებული არიან 2003 წელს საქართველოში განვითარებულ რევოლუციურ მოვლენებთან, სხვადასხვა წლებში კი მათ ასევე კავშირი ჰქონდათ სერბეთში, უკრაინასა და სხვა სახელმწიფოებში მიმდინარე ანალოგიურ პროცესებთან.

„სახელმწიფო უსაფრთხოებისა და მოქალაქეთა მშვიდობიანი თანაცხოვრების ინტერესებიდან გამომდინარე, გვსურს, საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მიღებული ინფორმაციით, 2023 წლის 25 სექტემბერს საქართველოში USAID-ის პროგრამის აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის მოწვევით ჩამოვიდნენ სერბეთის მოქალაქეები სინისა სიკმანი, იელენა სტოისიჩი და სლობოდან ჯინოვიჩი. აღნიშნული პირები დაკავშირებული არიან 2003 წელს საქართველოში განვითარებულ რევოლუციურ მოვლენებთან, სხვადასხვა წლებში კი მათ ასევე კავშირი ჰქონდათ სერბეთში, უკრაინასა და სხვა სახელმწიფოებში მიმდინარე ანალოგიურ პროცესებთან. ისინი აქტიურად ახორციელებდნენ საპროტესტო მუხტის წარმოქმნის მეთოდიკისა და ძალადობრივი აქციების ჩატარების ტაქტიკის სწავლებას. წარმოადგენენ ორგანიზაცია „კანვასის“ მმართველ რგოლს, აგრეთვე, სინისა სიკმანი და სლობოდან ჯინოვიჩი არიან ორგანიზაცია „ოტპორის“ ყოფილი წევრები, რომელიც სერბეთში წარმოადგენდა ქართული ორგანიზაციის, „კმარას“ ანალოგს.

აღნიშნული პირების საქართველოში ჩამოსვლის გაცხადებული მიზეზი იყო კულტურის სფეროში მოღვაწე ჯგუფებისთვის ტრენინგების ჩატარება „სტრატეგიული არაძალადობრივი ბრძოლის“ საკითხებში, მაგრამ გამოძიებით დადგინდა, რომ საქართველოში მათი ჩამოსვლის მიზანი მხოლოდ ეს არ იყო. კერძოდ, ვიზიტის რეალური დანიშნულება იყო იმ ახალგაზრდებსა და გავლენიან არასამთავრობო ორგანიზაციებთან კომუნიკაციის დამყარება და ტრენინგების ჩატარება, რომლებიც საქართველოში მიმდინარე წლის ოქტომბერ-დეკემბერში დაგეგმილი დესტრუქციული მოქმედებების და კანონსაწინააღმდეგო ქმედებების ბირთვი უნდა გახდნენ. მათ მიერ 2023 წლის 26-29 სექტემბრის პერიოდში ქ. თბილისში მდებარე სასტუმრო „იბისში“ მიმდინარეობდა არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო აქტივისტების წარმომადგენლების, კერძოდ, ერთ-ერთი დიდი ჯგუფის გადამზადება, რომლებმაც გადამწყვეტი როლი უნდა შეასრულონ ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობის პროცესების მომზადებასა და განხორციელებაში. აღნიშნულ პირებს ჩაუტარდათ სწავლება, თუ როგორ უნდა იმოქმედონ სამიზნე ჯგუფების, კერძოდ, ხელისუფლების, მართლმადიდებლური ეკლესიის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის და სხვა უწყებების წინააღმდეგ, ასევე, გზებზე პიკეტების და ხელოვნური საცობების შექმნისა და ადმინისტრაციული შენობების წინ კარვების მოწყობის ტექნიკაზე, როგორ უნდა შეიტანონ მღელვარება ძალოვან სტრუქტურებში, რა ძალადობრივი პასუხი უნდა გაეცეს მათ კანონიერ მოთხოვნებს. მსმენელები შეამზადეს მოსალოდნელი დაკავებების პროცესისთვის და სწავლება ჩაუტარეს ასეთ დროს წინააღმდეგობის გაწევის ხერხებზე, აქციის მონაწილეთა დაფინანსების საკითხებზე, პარლამენტის შენობაში შეჭრაზე, მაუწყებლობის სადგურების გათიშვასა და ძალაუფლების ხელში აღებაზე, საქართველოს კანონიერად არჩეული ხელისუფლების ჩამოშლაზე, რა დროსაც მათ მიერ შედარებითი ანალიზისთვის მოყვანილ იქნა სერბეთში განვითარებული რევოლუციური პროცესების არაერთი დრამატული მაგალითი.

სინისა სიკმანი, იელენა სტოისიჩი და სლობოდან ჯინოვიჩი 2023 წლის 29 სექტემბერს ადვოკატებისა და თარჯიმნების თანდასწრებით გამოიკითხნენ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამომძიებლების მიერ, რა დროსაც ისინი შეეცადნენ, შეენიღბათ მათი საქართველოში ყოფნის რეალური მიზეზი, მოსალოდნელი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან თავის არიდების მიზნით. აღსანიშნავია, რომ მათი ჩვენებები ეწინააღმდეგება გამოძიებით მოპოვებულ მტკიცებულებებს და რიგ დეტალებში არის ურთიერთგამომრიცხავიც.

სინისა სიკმანი, იელენა სტოისიჩი და სლობოდან ჯინოვიჩი 2023 წლის 30 სექტემბერს გაემგზავრნენ საქართველოდან ბელგრადის მიმართულებით.

წარმოგიდგენთ სინისა სიკმანის, იელენა სტოისიჩის და სლობოდან ჯინოვიჩის მიმართ მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებების ნაწილს, რომლის განსაიდუმლოება მოხდა პროკურორის მიერ, საქმეზე მზარდი საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე”, – განაცხადეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.

,,სუს”-ის მიერ გავრცელებული განცახდების შემდეგ საზოგადოებაში აზრი ორად გაიყო, ზოგმა დაიჯერა ეს ინფორმაცია, ზოგმა – არა. საზოგადოების გარკვეული ნაწილი აღშფოთდა, შეშინდა, მეტიც, პრევენციის მიზნით ზემოხსენებული პირების დაკავება მოითხოვა, საზოგადოების მეორე ნაწილი კი, ,,სუს”-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ბოდვასა და მოგონილ ამბავს უწოდებს.

ხელისუფლების წარმომადგენლებმა ,,სუს”-ს პრევენციისა და ეფექტური მუშაობისთვის მადლობა გადაუხადეს.

,, სახუმარო ამბავი ნამდვილად არ არის, რაც სუს-ისგან შევიტყვეთ. როგორც ჩანს, რადიკალური ოპოზიცია და მათი მეგობრები და საქართველოს მტრები საზღვარგარეთ არ წყვეტენ საქართველოში დესტაბილიზაციის მცდელობებს, ლეგიტიმური ხელისუფლების საქმიანობაში და ქვეყნის ინტერესების განხორციელებაში არასასურველ ჩარევას”, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ თალაკვაძემ.

,, მადლობა ,,სუს”-ს ამ პრევენციისთვის, გავიგეთ, რისთვისაც ემზადებიან, ამ ხელმოცარულებს არ მივცემთ საშუალებას, ჩვენი ქვეყანა არიონ”,- განაცხადა ,,ქართული ოცნების” დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ.

ოპოზიციის გარკვეულმა ნაწილმა ,, სუს”-ის განცხადებას არასერიოზული, მორიგი ბოდვა და ანეგდოტი უწოდა.

,, პარანოიკული შიშიც არ ჰქვია ამას, ეს არის ანეკდოტი. ვერ შეასაღებენ ვერავის, უკვე 11 წელია რაღაცებს ეძებენ, არაერთხელ აღძრეს საქმე იმასთან დაკავშირებით, რომ ვიღაცა რაღაცას ატრიალებს. ლოგინში იკოტრიალონ რამდენიც უნდათ”, – განაცხადა ,, ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა, ლევან ხაბეიშვილმა.

,, მთავარია, ,,სუს”-ი ფარცხალაძის დაცვას შეეშვას და შეეშვას თავისუფლებისა და ევროკავშირისთვის მებრძოლი ადამიანების წინააღმდეგ ბრძოლას. რას ეძებენ, სად ეძებენ, რა სერბეთიდან ჩამოსული, რეებს ეძებენ”, – განაცხადა ,, სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ.

,, Geo News“-თან საუბრისას ,, რუსი და ქართველი ხალხების ერთიანობის ფონდის” პრეზიდენტმა, ვლადიმერ ხომერიკმა ,,სუს”-ის განცხადებას უტყუარი ინფორმაცია უწოდა.

,,ჩემი ინფორმაციით, პოლონეთში 500 ქართველს სახელმწიფო გადატრიალების მოსაწყობად ამზადებენ. ისინი წვრთნებს გადიან. ეს ცენტრები არა მარტო პოლონეთშია, არამედ უკრაინაში, ბელგიაში, ამერიკაში და გერმანიაში. ყველანაირად შეეცდებიან მთავრობის დამხობას. მათ გვერდში დაუდგებიან ის ადამიანები, რომლებიც უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ იბრძვიან”,- განაცხადა ვლადიმერ ხომერიკმა.

 ,, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა იქნება ნოემბრის ბოლოს ან დეკემბერის დასაწყისში, მაშინ, როდესაც სტატუსზე უარის შეტყობინებას მივიღებთ. სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა რეალურია, შეკვეთა გარედან მოდის”,- განაცხადა, ,,Geo News” -თან საუბრისას ,,ქართული დასის” ლიდერმა, ჯონდი ბაღათურიამ.

რა ხდება, იგეგმება თუ არა სახელმწიფო გადატრიალება, რამდენად რეალურია საფრთხე,  შეძლებს თუ არა ქვეყანა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებას და მივალთ თუ არა საპარლამენტო არჩევნებამდე მშვიდობიანად ?

,,Geo News”-ის კონფიდენციალური წყაროს ინფორმაციით, ,,სუსი”-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სახუმარო ნამდვილად არ არის, რადგან საფრთხე რეალურია. ჩვენი წყაროს მტკიცებით, საქმე სერიოზულადაა და დაჭერების სერია დაიწყება.

,, გიმეორებთ, ,,სუს”-ის მიერ დასახელებული ჯგუფი ხელისუფლების ძალისმიერი მეთოდით შეცვლას გეგმავს, თუმცა ძალოვანი უწყებები თავის სიმაღლეზე დგანან და ქვეყანაში არეულობასა და ქაოსს არ დაუშვებენ.

სამწუხაროდ, საფრთხეს არ ჩაუვლია, ყველაფერი წინ არის. როგორ განვითარდება მოვლენები ძირითადად დამოკიდებულია იმაზე ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს მოგვემენ თუ არა. ჩემი ინფორმაციით, სტატუსს არ მოგვცემენ. ჩემივე ინფორმაციით, ევროკომისიის მიერ საქართველოს კანდიდატობაზე შუალედური ანგარიში ოქტომბერში გამოქვეყნდება, რომელიც პოზიტიური არ იქნება. მართალია, საბოლოო სიტყვა მაინც ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა უნდა თქვან – საბოლოო გადაწყვეტილებას დეკემბერში მიიღებს ევროპული საბჭო, მაგრამ ქვეყანაში დაძაბულობა და არასასიამოვნო პროცესები დეკემბრამდე დაიწყება.

ჩემივე ინფორმაციით, ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლას ოქტომბრის ბოლოს, ნოემბრის შუა რიცხვებში შეეცდებიან. პროცესები ყველა ვარიანტში ოქტომბრის ბოლოს დაიწყება. როგორც გითხარით, შუალედური დასკვნა პოზიტიური არ იქნება, რასაც ოპოზიციის მხრიდან აქციები მოჰყვება – კარვების ქალაქი მოეწყობა, თუმცა ეს საქართველოსთვის უცხო არ არის, და არ შეშინდეთ.

დიახ, ოპოზიციის გარკვეული ნაწილი, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო სექტორის ნაწილი გარე ძალების ხელშეწყობით საპროტესტო აქციებს დაიწყებს. ისინი ხელისუფლების შეცვლას შეეცდებიან. მეორე საკითხია რა გამოუვათ და რა არა. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე საზოგადოების ქუჩაში გამოყვანას შეძლებენ თუ არა, რაც ნაკლებად სავარაუდოა. რა თქმა უნდა, ქართული საზოგადოების ჯანსაღი ნაწილი მათ ქვეყანაში სიტუაციას არ აარევინებს.

აქვე იმასაც გეტყვით, რომ პრევენციის მიზნით ძალოვანი უწყების თანამშრომლები, იგივე შინაგან საქმეთა სამინისტროსი ყოველდღიურ წვრთვნებს გადიან, რაც ჩვეულებრივი, მოვლენაა, რათა ქვეყანა და მოსახლეობა შიდა და გარე მტრებისგან ეფექტურად დაიცვან.

და ბოლოს, ჩემი ინფორმაციით, პირველი აქცია 31 ოქტომბერს გაიმართება. გიმეორებთ, ძალოვანი უწყებები მშვიდობიანი მოსახლეობის უსაფრთხოების დასაცავად მზად არიან. არ მინდა ვინმე შევაშინო, მაგრამ შეხლა-შემოხლასა და დაკავებებს უნდა ველოდოთ. იმედია, მშვიდობა იქნება და საქმე ვადამდელ არჩევნებამდე არ მივა”,- განაცხადა წყარომ.

,, Geo News ” 

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor