
- By Keti Khomeriki
- In ინტერვიუ, სიახლეები
არჩევანი მშვიდობასა და ომს შორის – ,,რუსული ტანკის” საფრთხე კვლავაც აქტუალურია….
,,Geo News” გთავაზობთ ინტერვიუს ,,ქართული დასის” ლიდერ ჯონდი ბაღათურიასთან, რომელმაც ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები შეაფასა. მან პრეზიდენტის ,,ქართული ქარტია,, შეაფასა და და მას უპერსპექტივო უწოდა.
ჯონდი ბაღათურია : სალომე ზურაბიშვილი კარგა ხანია მოწყვეტილია რეალობას. უპერსპექტივოა მისი მცდელობა, რომლის მთავარი მიზანი ქვეყანაში დესტაბილიზაციის შექმნაა. და რომ გითხრათ ,,ქართულ ქარტიაზე,, სალომე ზურაბიშვილი ამის მომფიქრებელი არ იყო. კარგად ვიცით, ეს ვისი მოფიქრებულიც არის.
ახლა გეტყვით რაშია საქმე, ის რომ საქართველომ რუსეთს ომი არ გამოუცხადა, არ მიიღო გადაწყვეტილება ამერიკის ინტერესების სასარგებლოდ, ამისთვის ბაიდენის ადმინისტრაციამ საქართველოს ომი გამოუცხადა. ამერიკის შეერთებული შტატები ცდილობს საქართველოს ხელისუფლების დამხობას არაკონსტიტუციური გზით. დასავლეთისა და შტატების მთავარი მიზანი საქართველოს ხელისუფლების სათავეში მარიონეტი მმართველის მოყვანაა, რომელიც გეგმას განახორციელებს, რომ საქართველო პირველივე დღეს გამოუცხადებს ომს რუსეთს და შესწირავს ჩვენს ახალგაზრდებს და ქვეყნის ინტერესებს.
ამ გეგმის განხორციელება შეიძლება ორი გზით: პირველი, ეს არის აშშ-ის მიერ თავისი აგენტურის დაფინანსება, ქუჩაში ხალხის გამოყვანა და სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა, მაგრამ როგორც ჩანს, მათ ეს ვერ მოახერხეს. უკვე რამდენიმე წელია ისინი ამას ცდილობენ და ერთხელ ვერ შეკრიბეს იმ რაოდენობის ხალხი, რომელიც სჭირდება ასეთი ტიპის გადატრიალებას.
–თქვენი აზრით, ჩვენი ,,პარტნიორების” ამ სახის მოწადინება ამჯერად მაინც თუ დასრულდება წარმატებით, თუ კვლავ ფიასკოსთვის არის განწირული ?
-რა თქმა უნდა, ამჯერადაც არაფერი გამოუვათ. ამას თავისი გასაგები მიზეზები აქვს – არ ჰყავთ ლიდერები, გაკოტრებული ადამიანები ჰყავთ, რომელთაც რეპუტაცია არ აქვთ. ამიტომაა, რომ ხალხი მათ დაძახილზე არ გამოდის. მეორე, ეს არის საბოტაჟი. სალომე ზურაბიშვილი სწორედ ხომ ამ საბოტაჟს აკეთებს ახლა. ისინი ამ საბოტაჟით ცდილობენ ხელისუფლებაში ჩანერგილი მათი აგენტურის მეშვეობით გამოიწვიონ სახელისუფლებო კრიზისი. სხვათა შორის, დღეს მმართველი პარტიის კურსისადმი მხარდაჭერა საზოგადოებაში საკმაოდ დიდია. როგორც საგარეო კურსის, ასევე შიდა პოლიტიკის. ამიტომ მათ, არც საბოტაჟი გამოუვათ, არც ხალხი გამოვა გარეთ და არც მიტინგები გაიმართება.
-რამდენად აქვს შანსი ,,ქართულ ოცნებას,, კიდევ ერთი ვადით დარჩეს ქვეყნის სათავეში ?
– აქ არავითარი კითხვის ნიშნები არ არსებობს. ერთმნიშვნელოვნად არჩევნებში ხელისუფლება გაიმარჯვებს და საკონსტიტუციო უმრავლესობასაც აიღებს. ამას განაპირობებს არჩევნებზე საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის მხარდაჭერა, იმ პოლიტიკური კურსის მიმართ, რომელიც ხელისუფლებამ აირჩია, რომელსაც პირობითად შეგვიძლია ვუწოდოთ ,,გამარჯვების დროშა”. სწორედ ამ ,,დროშის” ირგვლივ არის დღეს საზოგადოება კონსოლიდირებული და არა მარტო ხალხი, არამედ ის პოლიტიკური სპექტრი, რომელიც ჯანსაღად აზროვნებს. რადიკალებმა კი, წინასწარ იციან, რომ დამარცხებულები არიან და სწორედ ასეთი პოლიტიკოსები ემზადებიან არა 26 და 27 ოქტომბრისთვის, არამედ არჩევნების შემდგომი პერიოდისთვის და იმის გამოსაცხადებლად, რომ თურმე ვიღაცამ გაუყალბა არჩევნები და დაჩაგრეს უსამართლოდ, რის შემდეგ ისინი დესტაბილიზაციის მოწყობას შეეცდებიან, რაც არ გამოსდით, არც გამოუვათ. ხომ ხედავთ, რომ სამი წელია არ გამოსდით. მიუხვედრელები არიან, მაგრამ ამას არ აქვს მნიშვნელობა, რადგან მაინც იმას გააკეთებენ, რასაც გარედან ეტყვიან და ეს იყო ადრეც, სხვა ხელისუფლებების დროსაც. და თუკი, წავლენ რაღაც შეიარაღებულ გადატრიალებაზე, რასაც დიდი ხანია განიხილავენ, ისინი სრულიად დარწმუნებულები არიან, რომ აქ დგანან რუსული ჯარები და მათზე ადრე რუსული ჯარი შემოვა.
– დასავლეთიდან საქართველოს შიდა პოლიტიკურ საქმეებში ჩარევაც შეაფასეთ…
-ეს ხელის გულზე ჩანს. შეერთებული შტატები არათუ ერევა ჩვენს შიდა საქმეებში, არამედ ხელისუფლების დამხობასაც ცდილობს. ვიმეორებ, ამით ისინი ქვეყნის შიდა საქმეებში კი არ ერევიან, არა – აშშ-ის საელჩო და ბაიდენის ადმინისტრაცია ცდილობს დაამხოს საქართველოს ხელისუფლება.ისინი ამას ღიად აკეთებენ და მათი სახელმწიფო ბიუჯეტი პირდაპირ მიემართება ჩვენი ქვეყნის დესტაბილიზაციისკენ. ეს ხომ ღიად ჩანს ზოგიერთი ე.წ. რადიკალური ოპოზიციის აქციებსა თუ ღონისძიებებზე, რომლებიც მიმართულია დესტაბილიზაციისკენ. გრანტებით ფინანსდებიან უცხო ქვეყნებიდან და ვინ არის ეს უცხო ქვეყანა ? რა თქმა უნდა, შეერთებული შტატები.
დარწმუნებული ვარ, სადღაც რომელიმე ქვეყანაში მოძებნიან ელჩს, სავარაუდოდ, დასავლეთის ქვეყნებში და მოისყიდიან. რის შემდეგაც ელჩები გადადგებიან, რადგან მათ ჰყავთ სახელისუფლებო ორგანოებში ,,გრანტიჭამიები,, და ამით შეეცდებიან საბოტაჟის შექმნას, ეს ყველაფერი კი, ილუზიაა, რაც პრაქტიკულად არის შეუძლებელი, ამიტომ მათ რჩებათ მხოლოდ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა, რისი რესურსი შემიძლია გითხრათ, რომ ააქვთ.
ირაკლი გუნია





