
- By Keti Khomeriki
- In მსოფლიო
აშშ გეგმავს, გაერო-ს მიმართოს რეზოლუციით, რომ ღაზაში საერთაშორისო უსაფრთხოების ძალების ორი წლით განლაგების მანდატი დაამტკიცოს
„როიტერის“ ინფორმაციით, შეერთებულმა შტატებმა შეიმუშავა გაერო-ს რეზოლუციის პროექტი, რომელიც ღაზაში გარდამავალი მმართველობის ორგანოსა და პალესტინის ანკლავში საერთაშორისო უსაფრთხოების ძალების ორწლიანი მანდატის დამტკიცებას გულისხმობს.
მათივე ცნობით, პროექტი ჯერ კიდევ დამუშავების პროცესშია და ის 15 წევრისგან შემდგარი გაერო-ს უშიშროების საბჭოსთვის ოფიციალურად არ გადაუციათ.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა მედიასთან განაცხადა, რომ დონალდ ტრამპის მიერ შეთავაზებულ სამშვიდობო გეგმასთან დაკავშირებით გაერო-ს უშიშროების საბჭოს წევრებთან და სხვა პარტნიორებთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
როგორც ცნობილია, ღაზაში საერთაშორისო ძალებს მიენიჭებათ უფლებამოსილება, დაიცვან მშვიდობიანი მოსახლეობა და ჰუმანიტარული დახმარების ოპერაციები, იმუშაონ ისრაელთან და ეგვიპტესთან სასაზღვრო ზონების უსაფრთხოებაზე. როგორც „როიტერი“ წერს, მიუხედავად იმისა, რომ ტრამპის ადმინისტრაციამ გამორიცხა აშშ-ის ჯარისკაცების გაგზავნა ღაზის სექტორში, ის მოლაპარაკებებს აწარმოებს ინდონეზიასთან, არაბთა გაერთიანებულ საემიროებთან, ეგვიპტესთან, კატართან, თურქეთთან და აზერბაიჯანთან, რათა მათ მრავალეროვნულ ძალებში წვლილი შეიტანონ.





