
აშშ-ის სადამსჯელო ღონისძიება ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ და სანქცია ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნებისთვის
ბაიდენის ადმინისტრაციის სავარაუდოდ ბოლო და უსამართლო გადაწყვეტილება.
ამერიკის შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტის მიერ სანქცირებულია ,,ქართული ოცნების” დამფუძნებელი, საპატიო თავჯდომარე და საარჩევნო სიის პირველი ნომერი ბიძინა ივანიშვილი.
აღნიშნულის შესახებ განცხადება შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მდივანმა ენტონი ბლინკენმა გააკეთა.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველოში მმართველმა პარტიამ ჩამოშალა დემოკრატიული ინსტიტუტები, ხელი შეუწყო ადამიანების უფლებების შელახვას და აღკვეთა ფუნდამენტური თავისუფლებებით სარგებლობის უფლება.
განცხადებაში უსაფუძვლო ბრალდებებია გამოთქმული ,,ქართული ოცნებისა” და ბიძინა ივანიშვილის მისამართით, რომ თითქოს ქვეყანამ საგარეო კურსი შეცვალა. ასევე, ამავე განცხადებაში ხელისუფლების მისამართით ძალადობრივად არის შეფასებული თბილისში გამართული საპროტესტო აქციები, თუმცა სახელმწიფო დეპარტამენტს არაფერი უთქვამს რადიკალურად განწყობილი მომიტინგეების მხრიდან ძალადობრივ ქმედებებზე, სამართალდამცავთა დაზიანებაზე, საკანონდებლო ორგანოს დაწვასა და მომიტინგეების სხვა ძალადობრივ ქმედებებზე.
სტრატეგიული პარტნიორის სანქციებით უკმაყოფილებას ვერ მალავენ რადიკალები, რომლებიც ენტონი ბლინკენის გადაწყვეტილებას მიესალმებიან.
სანქციებს ეხმაურება ვოლოდიმერ ზელენსკი. ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტი უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი ომის პარალელურად, საქართველოსთვის იცლის და სანქციისთვის სახელმწიფო დეპარტამენტს მადლობას უხდის.
,,დე ფაქტო სანქციები ბიძინა ივანიშვილის მიმართ ისედაც მოქმედებდა, ერთი რამის გამო, რომ მან არ დათმო ქვეყნის ინტერესი, დღევანდელი გადაწყვეტილებით არაფერი შეცვლილა”,-ასეთია პრემიერის პოზიცია.
ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ ბიძინა ივანიშვილის მიმართ მსგავსი ორკესტრირებული თავდასხმები ეროვნული ინტერესების გატარებას უკავშირდება.
სანქციებთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება უცხო არ არის სახელისუფლებო გუნდისთვის, რადგან ერთი მხრივ, ,,ქართული ოცნება” შტატებთან ურთიერთობის გადატვირთვის პროცესშია და მეორე მხრივ, თავდასხმები არახალია, რადგან ხელისუფლების გაცხადებული პოლიტიკა დასავლეთთან და შტატებთან მტკიცე პარტნიორული ურთიერთობებია, თუმცა არა ეროვნული ინტერესების ხარჯზე.
ეროვნული და ტრადიციული ღირებულებები სახელისუფლებო გუნდისთვის წითელი ხაზია.
მმართველი ძალა 20 იანვარს და დონალ ტრამპის ინაუგურაციას ელოდება, რადგან მშვიდობის, ეროვნული ინტერესისა და ტრადიციული ფასეულობების კუთხით ტრამპისა და ,,ქართული ოცნების” მოსაზრებები დაახლოებულია. კიდევ ერთი მიზეზი რის გამოც განსაკუთრებული მოლოდინია ტრამპის ინაუგურაციასთან დაკავშირებით, არის ტრამპის დაპირება, რომელიც ჯერ კიდევ წინასაარჩევნო კამპანიის დროს, უკრაინაში ომის დასრულების თაობაზე დააანონსა.
მმართველ გუნდში სჯერათ და დარწმუნებულები არიან, რომ უკრაინაში ტრამპი ომს, რაც მალე დაასრულებს, მით მალე დასრულდება რადიკალებისა და მათი პატრონების, ასევე უკრაინელი მაღალჩინოსნების სპეკულაციები საქართველოში ომის მეორე ფრონტის გახსნასთან დაკავშირებით.
ირაკლი გუნია





