
- By Keti Khomeriki
- In მსოფლიო
აშშ-ის ფედერალურმა მოსამართლემ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ USAID-ის, სულ მცირე, 2 200 თანამშრომლის ადმინისტრაციულ შვებულებაში გაშვების გადაწყვეტილება შეაჩერა
აშშ-ის ფედერალურმა მოსამართლემ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ USAID-ის, სულ მცირე, 2 200 თანამშრომლის ადმინისტრაციულ შვებულებაში გაშვების გადაწყვეტილება შეაჩერა.
სასამართლომ ასევე მოითხოვა შვებულებაში უკვე გაშვებული 500 სხვა თანამშრომლის 15 თებერვლამდე აღდგენა.
საოლქო მოსამართლის, კარლ ნიკოლსის დადგენილებაში ასევე ნათქვამია, რომ 15 თებერვლამდე USAID-ის არცერთი თანამშრომლის ევაკუაცია არ უნდა მოხდეს იმ ქვეყნებიდან, სადაც ისინი მუშაობენ. მოსამართლემ ასევე დაავალა მთავრობას, უზრუნველყოს ამ პერიოდში სააგენტოს თანამშრომლების სრული წვდომა ელექტრონულ ფოსტაზე, გადახდებსა და უსაფრთხოების შეტყობინების სისტემებზე.
აღნიშნული გადაწყვეტილება სასამართლომ მას შემდეგ მიიღო, რაც 6 თებერვალს USAID-ის თანამშრომლების წარმომადგენელმა ორმა პროფკავშირმა სასამართლოში სარჩელი წარადგინა.
USAID-ის საქმეზე მოსმენა მოსამართლემ 12 თებერვალს ჩანიშნა.
მოსამართლის განკარგულებაში ხაზგასმულია გამოუსწორებელი ზიანი, რომელიც მიადგება USAID-ის თანამშრომლებს, თუ მათ უფლებამოსილებას შეუჩერებენ თავდაპირველი შეტყობინების მიხედვით, განსაკუთრებით იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომლებშიც მათი ნაწილი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მუშაობს.
„USAID-ის ბევრი თანამშრომელი მუშაობს მაღალი რისკის გარემოში, სადაც უსაფრთხოების რესურსებამდე წვდომა არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი. ვერანაირი მომავალი სასამართლო პროცესი ვერ აანაზღაურებს იმ ფიზიკურ ზიანს, რომელიც შეიძლება, მოჰყვეს, თუ USAID-ის თანამშრომლები არ იქნებიან ინფორმირებული დაუყოვნებლივი საფრთხეების შესახებ, რომლებიც ჩნდება მათი განთავსების ქვეყნებში შეერთებული შტატებისადმი მათი მსახურების დროს“, – ნათქვამია მოსამართლის დადგენილებაში.





