• September

    22

    2025
  • 51
  • 0
ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან ერთჯერადი გამოყენების პლასტიკის მოხმარების რეგულირების საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა

ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან ერთჯერადი გამოყენების პლასტიკის მოხმარების რეგულირების საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში პლასტიკის პროდუქციის მწარმოებლებთან, იმპორტიორებთან და სავაჭრო ქსელების წარმომადგენლებთან გამართულ სამუშაო შეხვედრაზე მხარეებმა ისეთი მოდელის შემუშავების და დანერგვის აუცილებლობაზე იმსჯელეს, რომელიც დააბალანსებს ჯანმრთელობის დაცვის, გარემოს დაცვის და ეკონომიკურ ინტერესებს, უზრუნველყოფს რეგულაციების გონივრულ ვადებში დანერგვას და ხელს შეუწყობს როგორც ეკოლოგიურ უსაფრთხოებას, ისე კერძო სექტორის მდგრად განვითარებას.

„სამინისტრო აქტიურად მუშაობს ერთჯერადი გამოყენების პლასტიკის რეგულირებაზე, განსაკუთრებით იმ პროდუქციის მიმართ, რომელიც სურსათთან პირდაპირ კონტაქტშია. რეგულაციები ითვალისწინებს როგორც გარემოსდაცვით, ასევე ჯანმრთელობის დაცვის და სურსათის უვნებლობის ასპექტებს. ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განვიხილეთ რეგულაციის სიკეთეები, ასევე მოვისმინეთ ბიზნესის შესაძლო გამოწვევები, ვისაუბრეთ კონკრეტულ დეტალებზე და გონივრულ ვადებზე, რომლითაც შესაძლებელი იქნება ახალი სტანდარტებისა და მოთხოვნების ეტაპობრივად დაწესება”, – განაცხადა ნინო თანდილაშვილმა.

შეხვედრაზე საქართველოს ბიზნესასოციაციის და ბიზნესსექტორის წარმომადგენლებმა ახალ რეგულაციაზე გადასვლის ვადებზე გაამახვილეს ყურადღება.

„მივიღეთ ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება პლასტიკის გარკვეული პროდუქციის იმპორტის და ბაზარზე განთავსების აკრძალვას. მნიშვნელოვანია, რომ გადასვლა ახალ რეგულაციებზე მოხდეს ეტაპობრივად და უმტკივნეულოდ“, – აღნიშნა საქართველოს ბიზნესასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის პირველმა მოადგილემ, აკაკი საღირაშვილმა.

შპს „ლანჩგრუპის” დირექტორის, ნინო მელაძის განცხადებით, ბიზნესისთვის მარტივი არ იქნება ახალ რეგულაციაზე გადაწყობა. „ერთმანეთთან მოლაპარაკების გზით შესაძლებელია რეგულაციის ამოქმედების ვადებზე შეთანხმება. იმპორტიორებისთვის უფრო მარტივი იქნება, ვიდრე მწარმოებლებისთვის, თუმცა დაუძლეველი არაფერია”, – განაცხადა ნინო მელაძემ.

აღსანიშნავია, რომ პლასტმასის ჭარბი მოხმარება დღეს ერთ-ერთ მნიშვნელოვან გარემოსდაცვით გამოწვევას წარმოადგენს.

საქართველოში ჩატარებული კვლევის შედეგებით, ქვეყანა ყოველწლიურად დაახლოებით 612,5 მილიონ ერთეულ ერთჯერადი გამოყენების პლასტიკის ჭიქას, თავსახურს, საკვების კონტეინერს, დანას, ჩანგალს, კოვზს, ე.წ. საწრუპს, თეფშს და სასმლის მოსარევს მოიხმარს, რაც 3.9-5.9 ათას ტონას შეადგენს.

სამინისტროში გამართულ შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები სოლომონ პავლიაშვილი, კახა კაკაბაძე, ზურაბ ეზუგბაია და შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor