
- By Keti Khomeriki
- In განათლება, პოლიტიკა
გივი მიქანაძე – ახალი ინფრასტრუქტურის ამოქმედების შემდეგ შენობების ნაწილის საჭიროება აღარ იქნება, თუმცა, ჩვენი აქცენტია, რომ დედაქალაქში სახელმწიფო უნივერსიტეტების ისტორიული შენობები შენარჩუნდეს და იქ სასწავლო პროცესიც გაგრძელდეს
უნივერსიტეტების გაერთიანების კონცეფციის მეშვიდე გამოწვევა არის ინფრასტრუქტურა, რომელიც სახელმწიფო უნივერსიტეტებში ხშირ შემთხვევაში მოძველებულია, რიგ შემთხვევებში ამორტიზებული და რაც მთავარია, სრულფასოვნად ვერ პასუხობს თანამედროვე სტანდარტებს სასწავლო პროცესის სრულფასოვნად წარმართვისთვის, – ამის შესახებ განათლების მინისტრმა, გივი მიქანაძემ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორებთან და პროფესორ მასწავლებლებთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
მინისტრმა უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, გაერთიანების შემდეგ დარჩება თუ არა ორივე უნივერსიტეტი იმ კორპუსებში, რომლებშიც ახლა არის.
გივი მიქანაძის განცხადებით, უკვე დაწყებულია დაგეგმარებითი პროცესები თბილისსა და რუსთავს შორის ტერიტორიაზე, ასევე ქუთაისში და მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში აშენდება სრულიად ახალი ინფრასტრუქტურა.
„სწორედ ამიტომ, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ შეიქმნას ორი ჰაბი – თბილისი და ქუთაისი. ამ ჰაბებში თავმოყრილი იქნება სახელმწიფო უნივერსიტეტების ყველა ფაკულტეტი და ამ ჰაბებში უნდა მოხდეს მაქსიმალურად ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ამ სტანდარტების დასაცავად. სწორედ ამიტომ, ფაქტობრივად დაწყებულია ის პირველი პროცესები, რომლებიც თბილისსა და რუსთავს შორის, რუსთავთან უფრო ახლოს ტერიტორიაზე, საპროექტო და დაგეგმარებით პროცესს მოიცავს, ისევე, როგორც ქუთაისში და შემდეგი რამდენიმე წლის განმავლობაში იქ უნდა აშენდეს სრულიად ახალი ინფრასტრუქტურ. ახალი ინფრასტრუქტურა უზრუნველყოფს არა მხოლოდ თანამედროვე აუდიტორიებს, არამედ იმ მთავარი გამოწვევის მოგვარებასაც, რომელიც დღეს არსებობს – აკადემიურ პერსონალს არ აქვს საკუთარი სამუშაო ოთახები. რეალურად, ყველას უნდა ჰქონდეს თავისი სამუშაო სივრცე. აკადემიური პერსონალი, რომელიც უნდა იყოს მაღალანაზღაურებადი, უნდა ჰქონდეს ბმა კონკრეტულ უნივერსიტეტზე, თავისი ცოდნა და გამოცდილება ამ უნივერსიტეტს განვითარებისკენ მოახმაროს“, – განაცხადა მიქანაძემ.
მინისტრის განცხადებით, ახალი ინფრასტრუქტურის ამოქმედების შემდეგ გარკვეული შენობების საჭიროება აღარ იარსებებს. ამასთან, მისივე თქმით, თბილისში სახელმწიფო უნივერსიტეტების ისტორიული კორპუსები შენარჩუნდება.
„შენობების ნაწილის საჭიროება აღარ იქნება, როდესაც ეს ინფრასტრუქტურა გაიმართება, მით უმეტეს, როდესაც ვთავაზობთ სრულიად ახალ და თანამედროვე ინფრასტრუქტურას, თუმცა ჩვენი აქცენტი არის, რომ დედაქალაქში სახელმწიფო უნივერსიტეტების ისტორიული შენობები შენარჩუნდეს, თუმცა არა მხოლოდ იერსახის კონტექსტში, არამედ იქ გაგრძელდეს სასწავლო პროცესიც, შესაბამისად, მას არანაირი შეფერხება არ ექნება. ის, თუ რომელი კორპუსები შენარჩუნდება და რომელზე იქნება მიღებული პრივატიზების გადაწყვეტილება, შემდგომი განხილვის საგანია, ამ ეტაპზე ეს საკითხი არ დგას, თუმცა ვიცით, რომ კონკრეტული დაინტერესებული ჯგუფები კონცეფციის გასაჯაროების პირველივე დღიდან აკეთებდნენ აქცენტს, რომ იყო ამ შენობების რეალიზაციის საკითხი,“ – განაცხადა მინისტრმა.
მისივე თქმით, გაუგებარია ძველი შენობების შენარჩუნების მოთხოვნა იმ შემთხვევაში, თუ მათ ისტორიული ღირებულება არ გააჩნიათ და სახელმწიფო სრულიად თანამედროვე ინფრასტრუქტურას სთავაზობს.
„სრულიად გაუგებარია, რატომ უნდა გინდოდეს ძველი შენობის შენარჩუნება, რომელსაც არანაირი ისტორიული ფასეულობა არ აქვს, მაშინ, როდესაც სახელმწიფო გთავაზობს სრულიად თანამედროვე, ახალ და ყველა სტანდარტის არამარტო სასწავლო ოთახებს და ინფრასტრუქტურას, არამედ სტუდენტებისათვის იაფად ხელმისაწვდომ საერთო საცხოვრებელს, გთავაზობს რეკრეაციულ ზონას და სხვადასხვა ობიექტს, რომელიც სტუდენტური ცხოვრებისთვის და სტუდენტური ქალაქისთვის დამახასიათებელია. პროცესი ახლა იწყება და დღეს, ხვალ ვერ გადაწყდება. ახლა ჩვენ ვმსჯელობთ იმაზე, რა უფრო ეფექტიანი იქნება და ვფიქრობთ, რომ ამ ორი ფლაგმანი უნივერსიტეტის გაერთიანება იქნება ბევრად უფრო ეფექტიანი, ვიდრე მათი ცალ-ცალკე დატოვება, რადგან არის გარკვეული რისკები ცალ-ცალკე განვითარებასთან დაკავშირებით”,- განაცხადა გივი მიქანაძემ.





