• November

    10

    2024
  • 83
  • 0
გურამ მაჭარაშვილი ქართული და გლობალური პოლიტიკის მნიშვნელოვან ასპექტებს აფასებს და ტრამპის ახალი პოლიტიკის კვალად საქართველოს პერსპექტივებს გამოკვეთს

გურამ მაჭარაშვილი ქართული და გლობალური პოლიტიკის მნიშვნელოვან ასპექტებს აფასებს და ტრამპის ახალი პოლიტიკის კვალად საქართველოს პერსპექტივებს გამოკვეთს

ბატონო გურამ, გთხოვთ, შეგვიფასოთ აშშ-ის არჩევნები, სადაც დონალ ტრამპმა გაიმარჯვა. თქვენი აზრით, როგორ იმოქმედებს ეს ამერიკა-საქართველოს ურთიერთობებზე, ბოლო პერიოდში გამწვავებული რიტორიკის გათვალისწინებით აშშ-დან ?

-აღსანიშნავია, რომ ის, რასაც ჩვენ წლების განმავლობაში ვამბობდით, დადასტურდა. ამერიკული საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა სწორად აზროვნებს, რომელიც არის ტრადიციების, ოჯახური ღირებულებების, პარტნიორული ურთიერთობებისა და მშვიდობის მომხრე. შესაბამისად, ამან განაპირობა დონალ ტრამპის პრეზიდენტად არჩევა. ეს ერთის მხრივ, რა თქმა უნდა, ნიშნავს იმას, რომ ამერიკაში ბევრი რამ შეიცვლება და ალბათ, დანარჩენ მსოფლიოშიც. რამეთუ, ეს გამოწვეული იყო ამერიკის საგარეო კურსიდან გამომდინარე, რომელიც სამწუხაროდ, მაინც და მაინც, არ იყო იმის მომხრე, რომ მშვიდობა დამყარებულიყო სხვადასხვა ცხელ წერტილში. ტრამპი პირდაპირ გაცხადებულად ამბობდა, რომ მშვიდობის მომხრე იყო და მოახერხებდა იმას, რომ ამერიკა ყოფილიყო, არა მსოფლიოს ,,პოლიციელი”, არამედ, პირველ რიგში, თავის თავზე მზრუნველი. აქედან გამომდინარე, ჩვენი ინტერესები ბუნებრივად ემთხვევა ტრამპის გაცხადებულ პოლიტიკას და შესაბამისად, ახალი ადმინისტრაციის ხედვას, როგორც ოჯახური ღირებულებების, ასევე პარტნიორული ურთიერთობების კუთხით. დაველოდებით მოვლენების განვითარებას. ვფიქრობ, ამერიკის საზოგადოების უმრავლესობამ დაადასტურა, რომ სწორ მხარეს დგას.

სადღეისოდ, ტრამპის ახალი პოლიტიკის შესაძლო შედეგების გათვალისწინებით, საქართველოში დესტრუქციული ძალები, მათ შორის, არც პრეზიდენტი და არც რადიკალური ოპოზიციის ნაწილი არ მიდის პროკურატურაში გამოკითხვაზე, სადაც გამოძიება არჩევნების სავარაუდო გაყალბების საქმეზე მიმდინარეობს. ამ ფაქტებს როგორ შეაფასებთ ?

-რა თქმა უნდა, როდესაც სალომე ზურაბიშვილი და რადიკალური ოპოზიცია არჩევნების გაყალბების გამოსაძიებლად პროკურატურაში არ მიდის, მით უფრო, როდესაც მსგავსი მოწოდება ამერიკიდანაც გაისმა, ეს პირდაპირ გამოძიების საბოტაჟზე მეტყველებს. ვიმეორებ, ჩვენ გვახსოვს, იყო მოწოდება, რომ ზურაბიშვილსა და ოპოზიციას ეთანამშრომლა გამოძიებასთან, მაგრამ ზურაბიშვილი პროკურატურაში არ მივიდა. იმიტომ რომ, გაყალბების ფაქტების მტკიცებულებები არ აქვს. არც ოპოზიციის ნაწილი მივიდა. ის ვინც მივიდა მტკიცებულება ვერ მიიტანა. ასე რომ, როგორც შევიდნენ, ისე გამოვიდნენ. იქიდან ვერაფერი გამოიტანეს, იმიტომ რომ, ვერც ვერაფერი შეიტანეს მტკიცებულების სახით. ეს არის მათი ანატომიური არსი, რომლითაც ოპოზიცია და სალომე ზურაბიშვილი ჭიქაში ქარიშხლის ატეხვას ცდილობს, რაც უშედეგოა. მათი დესტრუქცია კარგად დაინახა ქართულმა საზოგადოებამ და სწორედ ამიტომ, უარი უთხრა ოპოზიციას და მხარი ,,ქართულ ოცნებას” დაუჭირა.

როგორ გესახებათ პროცესების განვითარება რადიკალურ ფლანგზე, იგივე დაანონსებული აქციები და ჯერ არარსებული კარვები, მათ შორის საპარლამენტო ბოიკოტის პერსპექტივა ?

-ჩვენ არა ერთხელ აღვნიშნეთ, რომ ოპოზიცია შევა თუ არ შევა პარლამენტში, ეს ჩვენი თავის ტკივილი არ არის. ეს მეტად მათი თავის ტკივილია. ჩვენ მშვიდად და ჩვეული წესით განვაგრძობთ ცხოვრებას და ქვეყნის განვითარებას. და თუ შემოვლენ პარლამენტში, მაშინ თავის ადგილს მივუჩენთ – ზღვარის გადაკვეთის უფლებას არ მივცემთ.

რაც შეეხება აქციებს, ჩვენ დავინახეთ, რომ ისინი მათივე მხარდამჭერებმაც სასაცილოდ აიგდეს. მათ, არათუ, საკუთარი გეგმა, არამედ მათი გადაწყვეტილებების ლოგიკაც კი ვერ გააგებინეს თავიანთ ამომრჩეველს. ხან კარვები დააანონსეს, ხან ქუჩის აქციები, მერე უცხოეთში წასვლა, საბოლოოდ კი, ვერაფერი გააკეთეს, იმიტომ რომ, ამომრჩეველს არჩევნების გაყალბების ვერავითარი მტკიცებულება ვერ წარუდგინეს. ასეთია მათი უშინაარსო არსი. აი, ასეთ პოლიტიკურ ლაბირინთში არიან, საიდანაც ვერასდროს გამოვლენ. თუ დავაკვირდებით ოპოზიციას, თავიანთი მარცხის აღიარება ვერასდროს შესძლეს, შესაბამისად, ისე გამოდის, რომ თუ საკუთარი მარცხის აღიარება არ ძალგიძს, ვერც გამარჯვების ძალას მოიკრეფ.

ჩვენ ვნახეთ როგორი ზეწოლა იყო ამერიკის არჩევნებზე, მაგრამ დემოკრატებმა მარცხი აღიარეს და ხალხმა რესპუბლიკელი კანდიდატი აირჩია. მსგავსი ქცევის მოდუსია ევროპაშიც, როდესაც წაგებული მარცხს აღიარებს. სამწუხაროდ, დესტრუქციულ ოპოზიციას პოლიტიკური შორსმჭვრეტის უნარი არ გააჩნია, არადა, ამბობენ, დემოკრატები ვართ და თავისუფალი სამყაროს წარმომადგენლებიო. მათი ქმედებები ვერ ჯდება, ვერც ქართულ, ვერც ამერიკულ და ვერც ევროპულ დემოკრატიაში.

როგორ შეაფასებთ დასავლეთიდან უსაფუძვლო კრიტიკას, მწვავე გზავნილებს, საიდანაც კვლავ მოითხოვენ ორი რეზონანსული და საჭირბოროტო კანონის გაუქმებას, მათ შორის კანონის, რომლის მიზანი ,,ლგბტ” პროპაგანდის შემცირებაა ?

-პირველ რიგში, უნდა ვთქვათ, რომ ამ ორი კანონის არსებობა არ არის მხოლოდ კანონმდებლების სურვილი. არჩევნებმა დაადასტურა, რომ ამ კანონებს აქვს ფართო საზოგადოებრივი მხარდაჭერა. გაიხსენეთ, ისინი არჩევნებამდე მივიღეთ და თუ ხალხი არ მოიწონებდა, ჩვენ აღარ აგვირჩევდნენ. ნებისმიერმა პირმა, ვინც ხმას აიმაღლებს ამ კანონების წინააღმდეგ, პატივი უნდა სცეს ქართველი ხალხის ნებას. სხვა შემთხვევაში, გამოდის, რომ არადემოკრატიული და შეურაცხმყოფელია ასეთი ტიპის განცხადებები, ეს ერთი. მეორე, ამერიკაშიც იმ ადამიანებმა გაიმარჯვეს, რომლებიც ტრადიციებისა და ოჯახური ღირებულებების მომხრეა.

გასულ წელს უნგრეთში კონფერენციაზე ტრამპმა ვიდეო მიმართვაც კი ჩაწერა ოჯახური ღირებულებების შესახებ. ჩვენ ვხედავთ, რომ ევროპას შეექმნა სერიოზული პრობლემები, მათ შორის ევროპარლამენტის არჩევნებში – წამყვან ქვეყნებში ყველა ლიბერალი დამარცხდა. სინამდვილეში კი, ეს იყო ფსევდოლიბერალიზმი და ჩვეულებრივი ფაშიზმი. ჩვენ ვიცით, რომ საფრანგეთის არჩევნებში მეორე ადგილი დაიკავა მაკრონის პარტიამ, გერმანიაში მესამე ადგილზეა შოლცის პარტია, ხოლო სულ ახლახან საერთოდ დაიშალა გერმანიის სახელისუფლებო კოალიცია და ხელახალი არჩევნები ჩაინიაშნა. არადა, ჩვენთან ვადამდელ არჩევნებს ითხოვდნენ და თვითონ მიიღეს. აი, ასე ხდება, როცა სხვას აყენებ შეურაცხყოფას, აკეთებ უსამართლო და დაუსაბუთებელ განცხადებებს, იგივე დაგემართება შენ შენს ქვეყანაში. და ამ დროს საქართველოს არჩევნებზე საუბრობ, რომელიც ეუთო/ოდირის დასკვნით ნორმალურად და მშვიდ ვითარებაში ჩატარდა. ასე რომ, მათი მხრიდან კრიტიკა უსაფუძვლოა. აქედან გამომდინარე, ქართული საზოგადოება, ამერიკული საზოგადოება და ევროპული საზოგადოება ღიად ამბობს, რომ ისინი ირჩევენ მშვიდობას, ტრადიციულ ფასეულობებს, ოჯახურ ღირებულებებსა და პარტნიორულ ურთიერთობებს.

ირაკლი გუნია, ქეთი ხომერიკი

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor