
- By Keti Khomeriki
- In ინტერვიუ, პოლიტიკა, სიახლეები
დავით ახრახაძე: ,, ნაცები” არეულობის მოწყობას შეეცდებიან – მამულაშვილს არახამია მფარველობს, ,,სბუ” ტყუილად არ ჩაერეოდა, ყველაფერი წინ არის
,, სუს”-ის ინფორმაცია ჩემთვის სარწმუნოა, შეიძლება ,,ნაცებმა” ქვეყანაში მღელვარების მოწყობა მაინც სცადონ, თუმცა არაფერი გამოუვათ. აი, მამულაშვილის საქმიანობით კი, უკრაინის უშიშროება ,,სბუ” სერიოზულადაა დაინტერესებული” – განაცხადა ,,Geo news”-თან საუბრისას ომის ვეტერანმა, დავით ახრახაძემ.
-ბატონო დავით, მოდით, საუბარი ,,სუს”-ის განცხადების შეფასებით დავიწყოთ – ,,საქართველოს ტერიტორიაზე და მის ფარგლებს გარეთ მოქმედი პირთა გარკვეული ჯგუფი ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში დესტაბილიზაციას და არეულობას მოწყობას გეგმავს, რომლის მთავარი მიზანი ხელისუფლების შეცვლაა”. საზოგადოების გარკვეულმა ნაწილმა ეს ინფორმაცია სარწმუნოდ მიიჩნია, მეორე ნაწილმა არა. უფრო მეტიც, გაეღიმათ და ჩათვალეს, რომ ,,სუს”-მა ეს ინფორმაცია ოთარ ფარცხალაძის დასანქცირების საკითხის გადასაფარად გაავრცელა…
-,, სუს”-ის ინფორმაცია ჩემთვის სარწმუნოა. ფაქტია, რომ რადიკალურ ოპოზიციას ხელისუფლებაში დასაბრუნებლად მხოლოდ სახელმწიფო გადატრიალების გზა აქვს დარჩენილი. დიახ, სხვა გზა არ აქვთ, რადგან არაერთხელ წააგეს არჩევნები, მომავალშიც წააგებენ. ოპოზიციას არჩევნებში გამარჯვების შანსი, არც 2024 წელს აქვს და არც 2030 -ში. ვიმეორებ, მშვიდობიანი გზით არჩევნების მოგების შანსი მათ არ ექნებათ, ამიტომ ისინი ყველაფერზე მიდიან.
დიახ, ამბობენ, ხელისუფლების გადატრიალების თემა ,,სუს”-მა ფარცხალაძის დასანქცირების საკითხის გადასაფარადად შემოაგდოო, კარგით რა, ვის ახსოვს საქართველოში ფარცხალაძე, ან ვის რაში აინტერესებს. ჩემთვის გაუგებარია, რა არის აქ გადასაფარი. ,,ნაცების” მხრიდან საქართველოში მაიდნის განხორციელება, არახალია. ისინი ყოველ წელიწადს მაიდნით იმუქრებიან. თქვენ გახსოვთ, ხან კარვები გაშალეს, ხან აქციები მოაწყვეს, მოკლედ, რა არ აკეთეს. ასე რომ, ეს არ არის ახალი ამბავი. უბრალოდ, მსგავსი მცდელობები არ გამოუვიდათ ერთხელ, არ გამოუვიდათ მეორედ, არ გამოუვიდათ მესამედ, აი, ეს არის და არც ახლა გამოუვათ, თორემ მცდელობა ყოველთვის ჰქონდათ და ექნებათ.
ფიქრობენ, რადგან მამულაშვილს გარკვეული შეიარაღებული კონტიგენტი ( ცხადია, ყველას არ ვგულისხმობ ), ჰყავს, რაიმე გამოუვათ. ზოგმა გამოცდილება მიიღო, ზოგმა სისხლის სუნი იყნოსა, ზოგი გზააბნეულია და ა.შ.. ვიმეორებ, ყველას არ ვგულისხმობ. მოკლედ, ყველანაირად ცდილობენ, რომ ძალისმიერი მეთოდებით რაიმე გააკეთონ. შემდეგ ვიღაც-ვიღაცეები გარკვეულ ქვეყნებში ამას გაუპრავებენ და ასე, ეს არის, ამის იმედი აქვთ. თუმცა აქ არის მეორე მომენტი: რევოლუცია, სადაც ხდება, იქ ხალხი სულ სხვანაირად არის განწყობილი ხელისუფლების მიმართ, ჩვენთან ასე არ არის. და მაინც, თუ რაიმე დაიწყეს, მე მგონი, სხვაზე ნაკლები ვაჟკაცი ბიჭები, არც საქართველოში არიან და აი, ეშინოდეთ, რომ თავად ხალხმა არ აიღოს მართვის სადავეები ხელში და არ მოთხოვოს მათ პასუხი. აი, სწორედ ეს არის მეტად საშიში. ასევე საკითხავია, ჩაიარა თუ არა საშიშროებამ…
–ფიქრობთ, არ ჩაიარა, საფრთხე არსებობს ?
-მე მგონი, არ ჩაუვლია. ისინი თავისას შეეცდებიან, შეიძლება რაღაც ვადებში გადაწიონ, ან გეგმები გადაალაგონ, მაგრამ თავისას არ მოიშლიან.
აი, ერთი ვარიანტი ავიღოთ, დავუშვათ, რომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი არ მოგვცეს, რა ხდება ამ დროს ? მათი აზრით, ხალხი გარეთ გამოვა, თავად კი, შენობების პიკეტირებასა და ბლოკირებას დაიწყებენ. ამავდროულად, თავად დაღვრიან სისხლს, როგორც კიევში, მაიდანზე მოხდა. სახალხო მღელვარების გამოწვევით არევენ სიტუაციას. აი, ეს ეცენარი აქვთ, მაგრამ მათ დიდი ჭკუა არ მოეკითხებათ და კოვზი ნაცარში ჩაუვარდებათ. ვიმეორებ, ხალხი ამას არ დაუშვებს. აქ არ არის საუბარი იმაზე, ვინმე ,,ოცნების” მომხრეა, თუ არა, ფაქტი ერთია: ყველას უნდა მშვიდობა – არავის უნდა, რომ სისხლი დაიღვაროს. და ქართველ კაცზე ხელს, ვინც აწევს და სისხლს დაღვრის, იმას საქმე ცუდად დაუმთავრდება და ვერანაირი მაშველი და ვერანაირი სანქცია მას ვერ ჩამოუსწრებს, ვერც უცხოეთის დახმარება ვეღარ უშველის.
რატომღაც ჰგონიათ, რომ უკრაინაში ომი მორჩა და ახლა ყველაფრის უფლება აქვთ, თუმცა შევახსენებ, რომ უკრაინაში ომი ჯერ არ დამთავრებულა და კიდევ ცოტა ხანს არ დასრულდება, ასე რომ, სჯობს, ნაადრევად ნუ ჟივილხივილობენ.
-ოპოზიციის თქმით, ,,სუს”-ს მტკიცებულებები არ წარმოუდგენია, რადგან არ აქვს. როგორ ფიქრობთ, შესაძლოა, რომ რაიმე სახის მტკიცებულებები დაიდოს, გამოქვეყნდეს ფარული ჩანაწერები და ა.შ…
-დამატებითი მტკიცებულებების დადება, ან გამოქვეყნება, სისულელეა. ჯერ ერთი, რა ფაქტები უნდა დაიდოს, ან რა მტკიცებულება უნდა ამას, ამ ყველაფერს ხომ თავად ,,ნაცები” იძახიან. ბოლო დროა, ცოტა მოუკლეს ძახილს, მაგრამ ადრე მუდამ იმას გაიძახოდნენ, მაიდანი, შეჭრა, დამხობა და პარლამენტის აღება მოხდებაო. თავად ნიკა გვარამია ამბობდა, ეს ხელისუფლება უნდა დავამხოთო. ,,ნაციონალების” ლიდერები ერთხმად აცხადებდნენ, ეს ხელისუფლება უნდა დავამხოთო და ფიქრობთ, ახლა გადაიფიქრეს ?
,,სუს”-ს მანდ თავის ხალხი ჰყავს შეგზავნილი ( არა მარტო მანდ, ყველგან, რადგან ასე მუშაობს უწყება) , იგივე მამულაშვილთან, მეტიც, შეიძლება ყველა ქუჩაზე თითო ინფორმატორი ჰყავს და ამის გაშიფვრა, მე მგონი, სისულელეა და არც იზამენ ამას, არც არის საჭირო.
,,გირჩი”, რომ გირჩია ისიც ამას ამბობს. წარმოიდგინეთ, ჯაფარიძე, რომ ჯაფარიძეა, ისიც იმას ამბობს, რომ ,,ქართულ ოცნებას” არჩევნებს ვერ მოვუგებთო. ასე რომ, მხოლოდ ეგ გზა რჩებათ. მათი განცხადებები გამოვაქვეყნოთ ხელმეორედ, რად უნდა ამას იმის კვლევა ,,სუს”-მა საიდან მოიპოვა ინფორმაცია. ,,სუს”-ის ინფორმაციები საიდუმლოა, ან რა დოკუმენტი უნდა გამოაქვეყნონ, წერილობით ხომ არ იქნება დაბეჭდილი და ნოტარიუსით დამოწმებული. ვმეორდები, ეგ გეგმა შედგენილი იყო, ,,სუს”-ს ინფორმატორი ჰყავდა და ინფორმაციამ გაჟონა, მორჩა, ეს არის.
-მამუკა მამულაშვილის თქმით, ,,სუსი” ,,ქართული ლეგიონი”-ს დიკსრედიტაციას ცდილობს და დეზინფორმაციას ავრცელებს…
-მამუკა მამულაშვილი, როგორც ამბობს, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის იბრძვოდა, მაგრამ ვეტერანის სტატუსი დღემდე არ აქვს. როგორც ცნობილია, ის ჩეჩნეთში 1994-1996 წლებში იყო. მაშინ რუსებმა მთელი ჩეჩნეთი გაწყვიტეს და ის როგორ გამოვიდა იქიდან მშრალად, აი, ეს არის საინტერესოა, თუმცა ცალკე განხილვის თემაა. პრინციპში, ეს ფაქტი ჩემს გაკვირვებას არ იწვევს. აგერ უკვე, 10 წელიწადია, რაც უკრაინაშია და არც კი გაკაწრულა კაცი, არათუ დაჭრილიყო, სამაგიეროდ მის გარშემო ბევრი კარგი ქართველი დაიღუპა. მან შექმნა ორგანიზაცია ,,ქართული ლეგიონი” და ზის კიევში ,,ფაშასავით”, ბიჭები კი, ომობენ. აგერ, კვირა არ გავა, რომ ქართველი მეომარი არ ჩამოასვენონ, ვინ არ დაეღუპათ. თავად რატომღაც თავს არიდებს ბრძოლებს და რამდენადაც ვიცი, დაჭრილ-დაკაწრული არავის უნახავს. რაღაც საშინელ კონტრაქტებს ადებინებს ხალხს, რის მიხედვითაც ბიჭებს უკრაინაში მკურნალობის გაგრძელებაც კი არ შეუძლიათ. მათზე არანაირი კონვენცია არ მოქმედებს. ეს კონტრაქტი საზიზღრობაა და რატომ იდება მსგავსი კონტრაქტები, ესეც ცალკე განხილვის საგანია.
-პრეზიდენტის იმპიჩმენტსაც მინდა შევეხოთ, რამდენად დროული იყო ,, ქართული ოცნების” ეს გადაწყვეტილება ?
-ზურაბიშვილის იმპიჩმენტის საკითხი დროული კი არა, მე თუ მკითხავთ, დაგვიანებულია. სახელმწიფო ვალდებულია კონსტიტუციის დარღვევის გამო, თუნდაც სიმბოლურად დააყენოს ეს საკითხი, თორემ სალომე დიდს არაფერს წარმოადგენს. ავტორიტეტიც არ აქვს ისეთი, რომ სახალხო მხარდაჭერა ჰქონდეს. პირდაპირ გეტყვით, ის ,,ნაცმოძრაობის” პრეზიდენტია. იმ ,,ნაცმოძრაობის”, რომელიც რუსეთის აგენტს უწოდებდა და დღეს ისინი ერთად არიან. წარმოიდგინეთ, რუსეთის აგენტი ხარო, ეუბნებოდნენ, და დღეს, სალომეს გვერდით ,,ნაცმოძრაობაა”, რომელიც მის დახმარებას, დახსნას და პრეზიდენტად დატოვებას ცდილობს. ალბათ, მაშინაც მართლები იყვნენ. როგორც ჩანს, წრე იკვრება – აი, ვინ ემსახურება რუსეთს.
–როგორ ფიქრობთ, საქართველო წლის ბოლომდე კანდიდატის სტატუსს მიიღებს ?
-მე მაინც მგონია, რომ წელს კანდიდატის სტატუსს მოგვცემენ. ეს პრემიერ-მინისტრზეა დამოკიდებული. ირაკლი ღარიბაშვილი ამისთვის საკმაოდ ბევრს შრომობს.
-და ბოლოს, საპარლამენტო არჩევნებამდე მშვიდობიანად მივალთ ?
-ეს დამოკიდებულია იმაზე, კანდიდატის სტატუსს მოგვცემენ თუ არა. ვიმეორებ, შეიძლება ,,ნაცებმა” მღელვარების მოწყობა მაინც სცადონ, მაგრამ ის, ნამდვილად, ვიცი, რომ არაფერი გამოუვათ. დარწმუნებული ვარ, ,,ნაცმოძრაობა” თავის საწადელს ვერ მიაღწევს, გამორიცხულია, ტყუილად წვალობენ.
და ბოლოს, გეტყვით, რომ მამულაშვილით უკრაინის უშიშროება ,,სბუ” არის დაინტერესებული. მას უკრაინაში არახამია და ქართველი ჩინოსნები მფარველობენ, ასე ვთქვათ, კრიშავენ, ამიტომ ,,სბუ”-ს რაიმე გადაწყვეტილების მიღება ცოტა უჭირს, მაგრამ მე მგონი, ამის დროც მოვა და მამულაშვილის საქმიანობით სერიოზულად დაინტერესდებიან. ტყუილად ,,სბუ” არსად ჩაერევა და ჩემი ინფორმაციით, უკვე ჩარეულია.
ქეთი ხომერიკი





