
დავით ფაცაცია : ,,ის, რაც მოხდა აფხაზეთში ჩვენი საერთო ტრაგედიაა – ქართველების, მეგრელების, აფხაზების, სვანების, კახელების, სრულიად საქართველოს, ეს ომი არავის მოუგია – დამარცხებულები ყველა ვართ”
კინოთეატრ „ამირანში“ სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, გაიმართა მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმის „სოხუმის ფეხბურთელი მერი“ ჩვენება, რომელიც ეხება საქართველოს ეროვნულ გმირს, სოხუმის მერს გურამ გაბესკირიას.
,,განსაკუთებულ მადლობას ვუხდი ფილმის რეჟისორს – ენემეო სიდიანს და სცენარის ავტორს – ნანა ქარდავას, რომლებმაც კიდევ ერთხელ შეგვახსენეს ჩვენი გმირის სიცოცხლე, ღვაწლი და განსაკუთრებული ღირსება.
ბატონი გურამ გაბესკირია იყო ფეხბურთელი, მსაჯი, ქალაქელი კაცი, სტუმართმოყვარე ადამიანი და სწორედ მან აჩვენა საოცარი მაგალითი ღირსების, თავგანწირვისა და კაცობის.
დღეს, კიდევ ერთხელ მივაგეთ პატივი მის ხსოვნას და დარწმუნებული ვარ, რომ ფილმი ბევრ ახალგაზრდას მისცემს შესაძლებლობას, ახლოს გაიცნოს მისი ერთგულება და დამსახურება საქართველოს წინაშე.
ის, რაც მოხდა აფხაზეთში ჩვენი საერთო ტრაგედიაა — ქართველების, მეგრელების, აფხაზების, სვანების, კახელების, სრულიად საქართველოს. ეს ომი არავის მოუგია. დამარცხებულები ყველა ვართ. ამიტომ, ერთად უნდა მივიღოთ გონივრული გადაწყვეტილება ჩვენი მომავლისთვის.
იმედიანად ვარ განწყობილი, რომ ჩვენი გოლგოთის გზა აუცილებლად ძალიან მალე დასრულდება. დღეს აფხაზეთიდანაც კარგი იმპულსები მოდის, თვითონაც გრძნობენ და ამბობენ, რომ მხოლოდ ერთად გადავრჩებით. ამის ერთადერთი გზა – უფლის რმწენა, ერთიანობა, სიყვარული და მიმტევებლობაა.
ქართველებს ერთი დიდი ანდაზა გვაქვს: „რაც მტრობას დაუნგრევია, სიყვარულს უშენებია“ და იყოს აფხაზეთი მსოფლიოსთვის მაგალითი მშვიდობიანი გაერთიანების.
ჯვართამაღლების დღეს კიდევ ერთხელ გვაქვს შესაძლებლობა, პატივი მივაგოთ ჩვენს დიდებულ გმირებს და მათ სულებს, ხსოვნას კიდევ ერთხელ თავდახრილად მადლობა გადავუხადოთ თავგანწირვისთვის, ერთგულებისთვის, დიდებული ბრძოლისთვის, რომლებმაც ახალგაზრდა თაობას მოგვცეს უდიდესი მაგალითი იმისა, თუ როგორ უშიშრად უნდა გიყვარდეს სამშობლო და იცავდე მის ერთიანობას და ღირსებას.
მადლობა ყველას, ვინც ჩვენთან ერთად დღეს პატივს მიაგებს ჩვენი სამშობლოსთვის თავდადებულ გმირებს”, – განაცხადა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრმა, დავით ფაცაციამ.
მოამზადა – თამთა მაისურაძემ
,,GEO NEWS”





