
დათო ლორთქიფანიძე – სიმართლის ხმა პოლიტიკურ ქარიშხალში !
,,GEO NEWS” გთავაზობთ ექსკლუზიურ და უაღრესად გულწრფელ ინტერვიუს იმ ადამიანთან, რომლის ხმაც წლების განმავლობაში ისმოდა ( ისმის ) ქართული სახელმწიფოს მშენებლობის ეპიცენტრში. ისაუბრეთ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი დამფუძნებელთან, მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრთან და უმნიშვნელოვანესი სახელმწიფო გამოცდილების მქონე პირთან, ბატონ დათო ლორთქიფანიძესთან.
დღევანდელი პოლიტიკური რეალობა, როდესაც ქვეყანა უმწვავესი გამოწვევებისა და გარდამტეხი ცვლილებების გზაგასაყარზე დგას, მოითხოვს არა ზედაპირულ შეფასებებს, არამედ სიღრმისეულ ანალიზს. სწორედ ამიტომ, განსაკუთრებით ფასეულია იმ ადამიანების ხედვა, რომლებიც უმცირეს დეტალებამდე იცნობენ სახელისუფლებო სისტემის მექანიზმებსა და საერთაშორისო ასპარეზზე მიმდინარე კონიუნქტურას. ბატონი დათო ლორთქიფანიძე კი სწორედ ასეთი პერსონაა – პიროვნება, რომელიც, არა მხოლოდ ობიექტურად აფასებს მოვლენებს, არამედ მუდამ უშიშრად იცავს სახელმწიფო ინტერესს.
ამ ინტერვიუში თქვენ კიდევ ერთხელ დარწმუნდებით, რომ „ქართული ოცნება“ არის მართვის სტაბილური, პასუხისმგებლიანი და ხალხის მხარდაჭერით გაჯერებული ძალა. ბატონი ლორთქიფანიძე, კონკრეტულ ფაქტებსა და არგუმენტებზე დაყრდნობით, საუბრობს სახელმწიფო ინსტიტუტების გამართულ მუშაობაზე და განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებს უსაფრთხოების სამსახურების განუზომელ ეფექტურობაზე, რაც უშუალოდ აისახება საზოგადოების მზარდ ნდობაზე.
გარდა ამისა, რესპონდენტი მწვავედ, მაგრამ უზადოდ ზუსტად აფასებს ე.წ. დასავლური ჩარევების რისკებს, რომლებიც ხშირად სცდება დიპლომატიურ ჩარჩოებს და პირდაპირ საფრთხეს უქმნის ქვეყნის სუვერენიტეტს. ის არც ოპონენტებს ტოვებს უყურადღებოდ და მკაფიო გზავნილებით მიმართავს – ურჩევს, საკუთარი პოლიტიკური ენერგია კონსტრუქციულ ჩართულობაში მიმართონ, რათა მომავალ არჩევნებზე რეალურ ძალად წარმოჩნდნენ და არა მედია-სპეკულანტებად.
დათო ლორთქიფანიძის ხმა – ეს არის ღირსეული, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ქართველის ხმა, რომელიც მკაფიოდ გამოხატავს პრაგმატულ, მშვიდობისმოყვარე და ურყევ პროსახელმწიფოებრივ პოზიციას, ასე რომ, არ გამოტოვოთ – ისიამოვნეთ ამ ინტერვიუთი ძვირფასო მკითხველო !
–ბატონო დათო, საზოგადოებამ თვალნათლივ დაინახა, რომ ,,ქართული ოცნების” ხელისუფლება საკუთარ მაღალი თანამდებობის პირსაც კი არ ინდობს, როდესაც აშკარა ხდება, რომ ეს თანამდებობის პირი თავის პოზიციას პირადი გამდიდრებისთვის იყენებს. მსგავსი სახელმწიფოებრივი მიდგომა ,,ნაცხროვის” დროს წარმოუდგენელი იყო. გთხოვთ, გაგვიანალიზოთ სახელმწიფოებრივი ხედვის ასეთი პრინციპული გამოვლინება და სუს-ის ესოდენ მაღალი პროფესიონალიზმი ?
-სიმართლე გითხრათ, ის რაც მოხდა მიქაუტაძესთან მიმართებაში გარკვეულწილად მოულოდნელობა იყო, მაგრამ ამასთანვე, ჩემთვის, გამოცდილების მქონე პოლიტიკოსისათვის თვალნათელია, რომ სახელმწიფო ინსტიტუციები, რომელთაც სამათალდარღვებებზე რეაგირება ევალებათ, აშკარად კარგ ფორმაში არიან, გრძნობენ თავს და აღნიშვნის ღირსია სუს-ის სამსახურის ოპერატიულობა და ყოველივე ამაში მთავარი ის ნებაა, რაც პრემიერ-მინისტრის, ბატონი ირაკლი კობახიძისაგან მოდის.
რომეო მიქაუტაძეს ბრალს ოფიციალურად, რომ წაუყენებენ და დაიწყება სასამართლო პროცესები, მაშინ უნდა შეეცადოს თავისი სიმართლის დამტკიცებას, ოღონდ აქ, ხაზს გავუსვამ იმას, რომ ჩემთვის, ადამიანისათვის, ვინც მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრების უდიდესი ნაწილი სახელმწიფო სამსახურში გავატარე, ეს დანაშაული, რომელიც სამოხელეო დანაშაულს განეკუთვნება, სერიოზული დარტყმაა იმ სახელმწიფო ჩინოვნიკებზე, რომლებიც პატიოსნად ემსახურებიან სახელმწიფოს. ანუ არ უნდა გაჩნდეს განცდა, რომ სახელმწიფო სტუქტურებში მომუშავე ადამიანები არაკეთილსინიდისიერები არიან. მმართველ პოლიტიკურ გუნდს, პირიქით, საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება და საზოგადოებამ უნდა იწამოს, რომ ნებისმიერი ჩიონოსანი, ვისაც ,,ხელი წაუცდება”კორუფციაზე, მთელი სიმკაცრით, ოღონდ სამათლებრივად დაისჯება.
ამის მსგავსი, რა თქმა უნდა, ,,ნაცების” ხელისუფლების დროს წარმოუდგენელი იყო. მაშინაც იჭერდნენ, მაგრამ ძირითად ,,თეატრალური დაჭერებით” დაგვამახსოვრეს თავი. მაგალითად, გავიხსენებ, ქუთაისის მერიაში როგორ მიიყვანეს დაკავებული მერიის თანამშრომელი, შემოიყვანეს სათათბირო ოთახში სხვა თანამშრომლები და ტელეკამერების წინ მოახდინეს იმ ადამიანის ,,პატიმრობაში აყვანა”. უფალმა დაგვიფაროს მათი დროინდელი სამართალისაგან.
–თქვენი, როგორც ,,ქართული ოცნების” ერთ-ერთი დამფუძნებლის და ცნობილი სახის გამორჩეული ანალიტილური აზრი და სახელმწიფოებრივი ხედვა საინტერესო იქნებოდა იმ მოვლენებთან დაკავშირებით, რასაც დღეს ვხედავთ ევროკავშირის ელჩისა და მსგავსი ბიუროკრატების მხრიდან საქართველოს შიდა სუვერენულ პოლიტიკაში ჩარევის კუთხით. რამდენად მისაღებია მსგავსი ქცევა დამოუკიდებელი სახელმწიფოს მიმართ და ხომ არ გვაგონებს აღნიშნული მეტროპოლიისა და პერიფერიის ურთიერთობებს ?
-ის რასაც დღეს ევროპარლამენტი თავისი რეზოლუციებით ( ორიოდე დღის წინ მიიღეს მორიგი რეზოლუცია ) და აქ ევროკაშირის ელჩი და ზოგიერთი ევროპული ქვეყნის ელჩები სჩადიან, დასამალი არაა, რომ არის პირდაპირი ჩარევა სუვერენული სახელმწიფოს საქმეებში, ამას კიდევ რაღაცნაირად, პოლიტიკურად მოვუძებნიდი ადამიანი ახსნას, მაგრამ, როცა უშუალოდ სასამართლოს მოუწოდებენ ,,გაანთავისუფლონ ესა თუ ის პატიმარი”, ეს ნადვილად მიუღებელია და ქართველი ხალხის თვალში ევროპული სტრუქტურებისადმი ნდობის ვოტუმის ამაღლებას ნამდვილად არ ემსახურება, რაც სწრაფად უნდა გამოსწორდეს.
–დაბოლოს, როგორ შეგვიფასებდით სულ უფრო თვალხილულ განხეთქილებას მოღალატე ოპოზიციაში, რომელიც ვერც ერთიან ბოიკოტზე თანხმდება და ვერც ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობაზე. აღნიშნულუდან გამომდინარე რა მოლოდინები შეიძლება გვქონდეს წინასაარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით ?
-რაც შეეხება ოპოზიციას, მათი მდგომარეობა აშკარად არაშესაშურია. მათი რეტინგი ყოველდღიურად კლებულობს და ამაში მხოლოდ თავად არიან დამნაშავენი. ერთნი ამბობენ, ადგილობრივ არჩევნებს ბოიკოტს ვუცხადებთო, მეორენი ამბობენ, ,,არჩევნებში მონაწილება აუცილებელიაო”…,,ხოლო მესამენი,,…აპირებენ რაღაც გაერთიანების შექმნას, რომელიც ერთობლივი ძალით დაამარცხებს ხელისუფლებას”…
მინდა ისინი ,,დავამშვიდო”და ვურჩიო, რომ მონაწილეობა მიიღონ 2025 წლის ოქტომბრის არჩევნებში და იქ დაუმტკიცონ თავიანთ ,,ევროპელ პატრონებს”, რომ საქართველოში ანგარიშგასაწევი ძალა არიან, მაგარამ ამას ვერ აკეთებენ, იმიტომ რომ გრძნობენ, ამომრჩევლის მხარდაჭერა არ აქვთ. აბა, საიდან უნდა ჰქონდეთ მხარდაჭერა ,,დიღომს არ სცილდებიან”, რეგიონებში მოსახლებასთან არ მიდიან შეხვედრებზე და მხოლოდ პარტიული ტელევიზიებიდან, სხვადასხვა პერსონებით, ოღონდ აბსოლუტურად ერთი და იგივე მესიჯბოქსებით ესაუბრებიან ხალხს. დიახ, ტელევიზიებიდან ,,უღერენ მუშტებს” მმართველ პოლიტიკურ ძალას. ეს ტაქტიკა ვერ გაამართლებს, მაგრამ მგონია, რომ ამას შეგნებულად აკეთებენ, რამეთუ, ზოგავენ ფინანსებს, რადგან აზრს ვერ ხედავენ წაგებულ ბრძოლაში რეგიონებში სიარულისათვის.
ქეთი ხომერიკი
,,GEO NEWS”





