-ბატონო დემურ, იმ მნიშვნელოვანი მოვლენის შემდეგ, რასაც ადგილი ჰქონდა თეთრი სახლის ოვალურ ოთახში ტრამპს, ჯეი დი ვანს-სა და ზელენსკის შორის, როგორ მიგაჩნიათ, მას მერე, რაც თქვენი ვარაუდები, ამ თვალსაზრისით, სრულად გამართლდა, რა შემდგომი განვითარება ექნება ამ მძიმე მდგომარეობას ?
-სინამდვილეში არაფერი ხდება,ზელენსკიმ შეასრულა ის დავალება, რაც საკუთარი პატრონებისაგან მიიღო. აქ საყურადღებოა ის, თუ სად შეიარა სანამ აშშ-ში ჩაფრინდებოდა. თავის მხრივ, ამერიკელებმა მისცეს ზელენსკის იმის შესაძლებლობა მოქცეულიყო ისე, რომ საკუთარი თავისთვის და საკუთარი ქვეყნისთვის მაქსიმალური ზიანი მიეყენებინა.
ვინც ამერიკული ელიტები იცის, იმასაც ხვდება, რომ ამერიკელები საკმაოდ ხისტი და დაუნდობელი ხალხია და ზელენსკი თავად, რომ არ მიეშვათ ხმასაც არ ამოაღებინებდნენ. ძალიან ტაქტიკურად მიუშვეს და მისცეს საშუალება ეკეთებინა, უფრო სწორად ჩაედინა ის, რაც მას რთულ და გამოუვალ მდგომარეობაში ჩააგდებდა, როგორც ადამიანს.
თავის მხრივ, შეერთებულ შტატებს აქვს სურვილი, ახალი ადმინისტრაციის პირობებში, რომ გავიდეს უკრაინის კომფლიქტიდან, რადგან პროფესიონალმა სამხედროებმა დაარწმუნეს ტრამპის ადმინისტრაცია, რომ ეს შეიძლება აღმოჩნდეს ახალი ვიეტნამი აშშ-სთვის. სადღეისოდ, გაჩნდა საფრთხე იმისა, რომ ეს ორი დიდი სახელმწიფო, ყველაზე დიდი ბირთვული პოტენციალით შეიძლება დაპირისპირებოდა ერთმანეთს, ამაზე იყო ხაზგასმა ტრამპის სიტყვებშიც, როცა ზელენსკის უთხრა, რომ მესამე მსოფლიო ომს ეთამაშებოდა.
-როგორ გგონიათ, უკრაინის ავანტურის მიზანი რუსეთის ომში შეთრევის გზით დასუსტებას ემსახურებოდა ?
-აშკარაა, რომ რუსეთისთვის ხაფანგის მომზადება უკრაინაში შეტყუებით უნდოდათ, სადაც ივარაუდებოდა, რომ რუსეთი ვერ გაუძლებდა ომის ხარჯებს და დაიშლებოდა პატარა ნაწილებად, რაც დიდი ილუზია იყო და არ გამოვიდოდა. როცა მე ამაზე ვსაუბრობდი „პორტ არტურის“ აგენტად მაცხადებდნენ. თუმცა, პოლიტიკას აქვს საკუთარი კანონზომიერებები და როდესაც ექსპერტობაზე გვაქვს პრეტენზია, მინიმალური კომპეტენცია მაინც უნდა გქონდეს.
-რამდენადაც ცნობილი გახდა, აშშ-მ უკრაინის დახმარება გაყინა და არც ევროპელები გამოთქვამენ დიდ ენთუზიაზმს ჩაანაცვლონ ამერიკელების დაპაუზებული დახმარება, რასთან გვაქვს საქმე ?
–ამერიკის ხელისუფლებამ ძალიან გათვლილად გააკეთა ყველაფერი, დაასრულა უკრაინის დახმარება გარკვეულ დრომდე და წინ დააყენა საკუთარი ნაციონალური ინტერესები.
გუშინ, აშშ-ს თავდაცვის მინისტრმა მიანიშნა ნატოში კოლეგებს, რომ ამერიკა გადის ევროპიდან და შესაბამისად, თავად ევროპელებმა უნდა მეტი იზრუნონ საკუთარ უსაფრთხოებაზე და სათანადოდ, მეტი ინვესტიცია მოახდინონ უკრაინის მიმართულებითაც, ასე რომ, გასაგებია რატომაც იქცევა ასე ამერიკა.
არავითარი რუსეთუმე ტრამპი არ არის და არავითარ რუსეთის ინტერესებს არ ატარებს, უბრალოდ, კოლოსალური ხარჯები ისეთ კორუმპირებულ ორგანიზაციაზე, როგორიც არის ნატო და ისეთი გაუგებარი წარმონაქმნი როგორიცაა ევროკავშირი, აღარ წარმოადგენს ამერიკის სტრატეგიულ ინტერესს.
ამერიკელებს უზარმაზარი პოტენციალი აქვთ ზრდისთვის, არავითარი ომი და არასტაბილურობა მათ არ სჭირდებათ. არც უზარმაზარი ხარჯების გაწევა ესაჭიროებათ ამერიკელებს, ისეთ უმოქმედო და არაფრის მომცემ ორგანიზაციაზე, როგორიცაა ნატო. ის ყველაფერი, რასაც ახლა ამერიკის ახალი ადმინისტრაცია აკეთებს, ამერიკელი ხალხის სასიკეთოდ კეთდება.
ტრამპი არის სერიოზული კონსერვატიული ელიტის წარმომადგენელი და ისინი ახლა ცდილობენ დააბალანსონ ყველა ის სიგიჟე, რაც დემოკრატიულმა ადმინისტრაციამ აკეთა ჯო ბაიდენის ხელმძღვანელობით. მათ შორის, ის ფაქტი, როდესაც კალამი ძლივს გამოგლიჯეს ხელიდან ბაიდენს, როცა რუსული ქალაქების დაბომბვის ბრძანებისთვის სურდა ხელმოწერა.
-საქართველოს რეალობაზე რას იტყვით ?
–ერთი პატარა ქვეყანა საქართველო, მოქცეული გლობალური პოლიტიკის ცენტრში, გზაჯვარედინზე, გახდა მნახველი ისეთი გონება დაბნელებულობისა ჩვენი ფსევდო ლიბერალების, რომლებსაც დაემხოთ თავზე ყველაფერი და ერთადერთი, რაც მოიფიქრეს, ესაა ტრამპისთვის რუსეთის აგენტი ეძახათ და აქამდე არ არსებული ანტიამერიკული განწყობების გენერირება მოეხდინათ. არადა, ეს იყო ხალხი, რომელიც დასავლური ორიენტაციის მიმდევარს უწოდებდა საკუთარ თავს.
-შეუძლებელია, რომ ასეთი სახის მედროვეობა ყველასათვის ხილული არ იყოს და საერთო დაგმობას არ იწვევდეს. ისინი ვინც გუშინ, ამერიკელების გულის გასახარებლად ომში ჩართვისაკენ მოგვიწოდებდნენ, დღეს აშშ-ს საელჩოსთან საპროტესტო მიტინგებს გეგმავენ ამერიკის პრეზიდენტის ქმედებების გასაპროტესტებლად.
ჩემთვის პრინციპულია ის საკითხი, რომ ამ სრულიად არაპროგნოზირებად გარემოში, საქართველომ გადადგას წინდახედული და ბრძნული ნაბიჯები და ის მდგომარეობა გამოსწორდეს, როდესაც მსოფლიოს სამი დომინანტი გლობალური ძალიდან : რუსეთი, ამერიკა და ჩინეთი, პირველი ორი – აშშ და რუსეთი, საქართველოს მტრად არ განიხილებოდეს. ამ მდგომარეობის დაშვება განდრძობადად დაუშვებელია.
ირაკლი კერესელიძე
,,GEO NEWS”