
დიანა გვიშიანი : ,,გიორგი ქობულიძე, რომელიც წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი გახდა, 3 დღე ჰყავდათ გვამზე მიბმული, რადგან საჩივარი სტრასბურგში შეიტანა – მსგავსი არაადამიანური დანაშაულების გამო ,,ნაცმოძრაობა” უნდა აიკრძალოს” !
ჩვენი დღევანდელი რესპონდენტი ცნობილი ადვოკატი, ქალბატონი დიანა გვიშიანი გახლავთ, რომელთანაც მიმდინარე პოლიტიკურ და საზოგადოებრივ საკითხებზე ვისაუბრეთ. ქალბატონი დიანას ცოდნა და კვალიფიკაცია, იმ გამორჩეულ ხედვასთან ერთად, რომელიც მას უდვაოდ გააჩნია, აშკარად საინტერესო და ყურადღებამისაქცევი ინტერვიუს წინაპირობა გახლავთ. ამდენად ჩვენი მკითხველისთვის ერთობ გამორჩეულ და საინტერესო ინტერვიუს გთავაზობთ.
-ქალბატონო დიანა, როგორ შეაფასებდით საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის მუშაობის ეფექტურობას ?
-მოგეხსენებათ, 2000 წლიდან ვეწევი საადვოკატო საქმიანობას. ყველა ადვოკატისთვის, რომელიც რეჟიმის მმართველობის დროს პრაქტიკულ საქმიანობას ეწეოდა, განსაკუთრებით რთულია 2003- 2011 წლების გახსენება მათი საქმინობის პროცესში. რეჟიმს არაერთი მათი დაცვის ქვეშ მყოფის სიცოცხლე და ჯანმრთელობა ემსხვერპლა. ოჯახები გაუბედურდა და არაერთი ადამიანის ფსიქიკა დაზიანდა.
მართლმსაჯულების განხორციელება პრაქტიკულად შეუძლებელი იყო, სტატისტიკით დადგენილია, რომ გამამართლებელ განაჩენთა რიცხვი იყო 0.1 პროცენტი. მოქალაქეები იყვნენ დაშინებულები და არ არსებობდა სამართლიანობის განცდა.
საგამოძიებო კომისიის საქმიანობა ამ თვალსაზრისით მნიშვლოვანია. ის იკვლევს გახმაურებულ საქმეებს და ხელს უწყობს რეალობის დადგენას. კომისიის მიზანია, რომ საზოგადოებამ და მომავლმა თაობამ იცოდეს რა მოხდა და როგორ იმოქმედეს შესაბამისმა პირებმა, ვინ არის პასუხისმგებელი და ა. შ. საგამოძიებო კომისია მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია, რომლის მეშვეობითაც შეიძლება გამოვლინდეს სიმართლე.
პატიმრების წამება და არაადამიანური მოპყრობა წარმოადგენს ერთ-ერთ უმძიმეს ადამიანის უფლებათა დარღვევას, რომელსაც გააჩნია, როგორც ეთიკური, ასევე სამართლებრივი მხარეები, რაც მნიშვნელოვნად არღვევს ადამიანის ღირსებას და პირის ფსიქიკურ და ფიზიკურ ჯანმრთელობას.
ყოველივე ზემოაღნიშნულს ,,ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის პერიოდში ჰქონდა სისტემური ხასიათი და ის უნდა გასამართლდეს, როგორც სისხლიანი რეჟიმი, რასაც საქართველოში ასობით ადამიანის სიცოცოცხლე და ჯანმრთელობა ემსხვერპლა. სისხლის სამართლის დანაშაულის კონკრეტულ ეპიზოდებზე დამნაშავე პირთა მიმართ დაიწყო სისხლისამრთლებრივი დევნა და დადგა გამამტუნებელი განაჩენები, თუმცა აღნიშნულს ჰქონდა სისტემური ხასიათი და შეეხო ყველა იმ პატიმარს, რომელიც სასჯელს იხდიდა 2003- 2011. წლებში.
–აქედან გამომდინარე, ხომ არ გაიხსენებდით თქვენთვის ცნობილ კონკრეტულ მაგალითებს ?
-გლდანის მე-8 დაწესებულებაში მყოფი პატიმრები ითხოვდნენ ადვოკატის ყოველდღიურ ვიზიტს ციხეში, ისინი საუბრობდნენ აუტანელ პირობებზე, სცემაზე და წამებაზე, ხმებზე, რომელიც ისმოდა ციხეში პატიმრების წამების შედეგად, საუბრობდნენ, რომ არ ჰქონდათ საკანში შუქის ანთებისა და საუბრის უფლება, წამოწოლის უფლება, მათ შემოსული ბადრაგები უმიზეზოდ სცემდნენ, აიძულებდნენ ცალ ფეხზე დგომას, ან ლოგინის ქვეშ შეძრომას, ემუქრებოდნენ ოჯახის წევრების – ცოლის, მეუღლის დის, შეყვარებულის გაუპატიურებით. გაჰყავდათ კამერიდან რომელიმე პატიმარი, რომელსაც უკან დაბრუნებულს ვერ ნახავდნენ, ღამე საკაცით გადაჰყვდათ გარდაცვლილი პატიმრები, რომლებსაც საკნიდან უყურებდნენ. სტატისტიკით დადგენილია ამ პერიოდში ასობით პატიმრის გარდაცვალების შემთხვევა.
თამაზ დადვანი, რომელსაც ვიცავდი 2010 წელს ციხეში სცემით მოჰკლეს, რადგან გარდაცვლილს აღენიშნებოდა დაზიანებები, იმავე დღეს დაიბარეს ციხეში ოჯახის წევრი და დააწერინეს, რომ ოჯახს პრეტენზია არ ჰქონდა, წინააღმდეგ შემთხვევაში, მკვდარს არ გამოატანდნენ. ციხიდან გამოიყვანეს დადვანი მანქანაში დასვენებული, მახსოვს დედის განწირული ხმა, რომელიც ყვიროდა ეს ჩემი შვილი არ არისო, ისეთი ნაცემი იყო საკუთარი შვილი დედამ ვერ იცნო. მე, მაშინვე დავურეკე ჟურნალისტ ნანა ლეჟავას და დიმიტრი ლორთქიფანიძეს, მომხდარი ფაქტი გავაშუქეთ ტელევიზიით. დიმიტრი ლორთქიფანიძეს ვთხოვე საკითხის პარლამენტში გატანა, თუმცა ოჯახი ისე დააშინეს, ესპერტიზაც ვერ ჩაატარეს, რათა დაედგინათ გარდაცვალების მიზეზი.
ზვიადი ჭელიძე, რომელსაც ვიცავდი. მას აიძულებდნენ დანაშაულის აღიარებას, შესთავაზეს, ან გაგაუპატიურებთ, ან ფეხებს დაგამტვრევთო, ფეხების დამტვერევა ავირჩიეო, მითხრა. ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, მას არაერთი ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა ციხე ეტლით დატოვა, ციხიდან გათავისუფლების შემდეგ, ძალიან მალე გარდაიცვალა.
გია ნიჟარაძე, მისი საქმე სტრასბურგში გავასაჩივრეთ მე-3 მუხლით, სტრასბურგიდან დადებითი პასუხი მოვიდა, გიას ისეთი ავადმყოფობები ჰქონდა, მისთვის სასჯელის მოხდა კონვენციის მე-3 მუხლს არღვევდა და უნდა გაეთავისუფლებინათ. მაშინდელმა ციხის დირექტორმა დაგვიბარა, დაგვემუქრა და და საჩივრის უკან გახმობა გვთხოვა. გაითხოვეთ და გავანთავისუფლებთო, ისე არაო. საბოლოოდ, გაათავისუფლეს გია ნიჟარაძე, რადგან დათანხმდა საჩივრის უკან გახმობას. მასთან ერთად სასჯელს იხდიდა პატიმარი ლერი ალიმონაკი, რომელიც ციხეში არაადამიანური მოპყრობის გამო ფსიქიურად დაავადდა.
–იცით, გასაოცარია, რასაც გვიყვებით – ყველა ადამიანში აღშფოთებას გამოიწვევს…რაიმე განსაკუთრებულად ცინიკურ და არაადამიანური მოპყრობის ფაქტსაც ხომ ვერ გაიხსენებდით ? საზოგადოებამ უნდა იცოდეს ყველა დეტალი….
–გიორგი ქობულიძე, რომელიც ასევე წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი გახდა, სასჯელს იხდიდა რუსთავის მე-6 დაწესებულებაში, 3 დღე ჰყავდათ გვამზე მიბმული, რადგან საჩივარი შეიტანა სტრასბურგში. გიორგი ქობულიძემ 2015 წელს მოიგო საქმე სტრასბურგის სასამართლოში და მიიღო ფულადი კონპენსაცია, თუმცა შერყეული ჯანმრთელობის გამო თავისუფლებაში ყოფნისას მალევე გარდაიცვალა.
–ასეთი განუკითხაობა შეუძლებელია თქვენი პროფესიის ადამიანებსაც არ შეხებოდა უშუალოდ და პირადად, ამ თვალსაზრისით, რას გვეტყვით ?
-2005- 2011 წლებში სხვადასხვა გაურკვეველი ბრალდებებით დაკავებული იყო 150 ადვოკატი, სასჯელს იხდიდნენ პენიტენციურ დაწესებულებებში. ხდებოდა ადვოკატის როლის შესუსტება მართლსაჯულების პროცესში და მიმდინარეობდა რეჟიმთან მებრძოლი ადვოკატების დაშინება-განეიტრალება.
დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობისთვის მნიშვნელოვანია ადვოკატის ინსტიტუტის გაძლიერება. გარკვეული პოლიტიკური პირები მათი პირადი ინტერესით მოქმედებდნენ და ხელს უშლიდნენ მართლმსაჯულების განხორციელებას.
–დასასრულ, ისევ საგამოძიებო კომისიას დავუბრუნდეთ და მისი როლის პერსპექტივაში შეფასება ვცადოთ….
-საგამოძიებო კომისიის განხილვის დროს გამოვლინდა არაერთი შემთხვევა, ბიზნესის რეკეტი და გახმაურებული საქმის დეტალები, მკვლელობა და დაშინება, რაც საზოგადოებისთვის და მომავალი თაობისთვის ცნობილი უნდა იყოს.
საგამოძიებო კომისიის მუშაობა ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანია, ასევე ყველა იმ პოლიტიკური პირის გამოვლენა, რომელიც პირადი ინტერესით მოქმედებდა და ხელს უშლიდა ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარების პროცესს.
ირაკლი კერესელიძე, გიორგი კორძაძე