
- By Keti Khomeriki
- In ინტერვიუ
დიმიტრი ლორთქიფანიძე საქართველოს მიმდინარე პოლიტიკურ ლანდშაფტს აფასებს
,,GEO NEWS” გთავაზობთ ინტერვიუს პოლიტიკოს, პრიმაკოვის ცენტრის ხელმძღვანელ დიმიტრი ლორთქიფანიძესთან, რომელმაც ბოლო პერიოდში ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები შეაფასა. მან ისაუბრა რამდენიმე დღის წინ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომელიც ქვეყანაში დესტაბილიზაციის მოწყობას უკავშირდება.
დიმიტრი ლორთქიფანიძე :,,სუს”-ის განცხადებას კონკრეტული საფუძველი ჰქონდა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დესტაბილიზაციისა და არეულობის საქმეზე წლების განმავლობაში არა ერთი განცხადება გააკეთა. დიახ, პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განცხადებას აკეთებს ქვეყანაში დესტაბილიზაციის გამომწვევი გარემოებების გამო დაწყებულ საგამოძიებო მოქმედებებზე, იქნება ეს ,,აკერმანის ბაკურიანის სემინარები”, თუ პოპოვიჩის სერბული ,,ოტპორის” ლექციები გიული ალასანიას უნივერსიტეტში. ,,სუს”-ის გახსნილია 2016 წლის ტერაქტი თბილისის ცენტრში. თქვენ იცით, რომ მისი ერთ-ერთი მონაწილე დარჩო ხეჩუაშვილი უკრაინიდან საქართველოში შემოსვლის მომენტში დააკავეს. ასე რომ, ,,სუს”-ის განცხადებებს მყარი საფუძველი აქვს. შესაბამისად, არსებობს მოლოდინი, რომ მთავარი სათქმელი ჯერ კიდევ წინ არის.
–ამასობაში, პრეზიდენტი ,,ქართულ ქარტიას” ლობირებს…
-ასეთი ქარტია ქართულ პოლიტიკაში ბევრჯერ გვინახავს. 2007 წლის ,,გაერთიანებული ოპოზიციის საგურამოს მანიფესტიც” საკმარისია იმის გასახსენებლად, თუ რა ,,ენთუზიაზმით” ფორმდება ასეთი ტიპის მემორანდუმები და შემდეგ როგორი სისწრაფით ხდება პირობების შესრულებაზე უარის თქმა. ვფიქრობ, ამ აქტს ორი მიზეზით აქვს ძალა დაკარგული. პირველი, ეს არის ოპოზიციაში არარსებული იდეური ერთსულოვნება და მეორე, არასაკმარისი ხმები მათი რეალიზებისთვის.
–მოლდოვასთან შედარებით საქართველოში ,,შავი სურათია”,- განაცხადა საგარეო ურთიერთობების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზებ ბორელიმ. როგორია თქვენი შეფასება ?
-ევროკავშირის პოზიცია საქართველოსთან მიმართებით ტენდენციური იყო ბოლო წლებში. აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატში უკრაინის, მოლდოვასა და საქართველოს მიერ შესრულებული სამოქმედო გეგმის საბოლოო შედეგების მიხედვით საქართველო ყოველთვის გამოხატული ლიდერი იყო, როგორც მედია-პლურალიზმის, ისე სასამართლო გამჭვირვალობისა და ანტიკორუფციული ინდექსის მაჩვენებლებითაც. საქართველოს მოლდოვა-უკრაინისგან განასხვავებდა ერთი რამ: სწრაფვა მეტი სუვერენიტეტისა და თვითმყოფადობისკენ, როგორც ორიათასწოლოვანი ქრისტიანული კულტურის უძველესი ცივილიზაციის სამართალმემკვიდრე ქვეყნის სრულიად ლეგიტიმური არჩევანი. რასაც ყოველთვის წინააღმდეგობა ხვდებოდა ევროკავშირის სხვადასხვა სტრუქტურებიდან, როგორც ევროპარლამენტიდან, ასევე ევროკომისიებიდან. და ევროკომისარი ჯოზეფ ბორელი გამონაკლისი არ ყოფილა ამ ჯაჭვიდან.
–და ბოლოს, ,,ქართული ოცნება” შეინარჩუნებს თუ არა უმრავლესობას ?
-მმართველი პარტიისადმი კრიტიკის მიუხედავად, რაც წლების განმავლობაში დაპირებული სამართლიანი გარემოს შექმნაზე აღებულ პასუხისმგებლობას უკავშირდება, რომელიც თავსმოხვეულმა კოჰაბიტაციამ ჩაანაცვლა ჩემი უკმაყოფილება გამოიწვია. თუმცა, უკრაინაში განვითარებულმა გეოპოლიტიკური ხასიათის დაპირისპირებამ გლობალურ დასავლეთსა და რუსეთს შორის, საქართველოსთვის გახსნა ახალი შესაძლებლობის ფანჯრები, რაც გონივრულად იქნა გამოყენებული ქართული მთავრობის მიერ. ამ ფაქტმა კი, პოზიტიური განცდები გამოიწვია.
საქართველომ ამ ორ წელიწადში გაუძლო მრავალ გამოწვევას და უმნიშვნელოვანეს მონაპოვრად ჩაითვლება ქვეყნის მონაწილეობა შუა დერეფნის ტრანს-კასპიურ მეგა- ეკონომიკურ პროექტში. შესაბამისად, თავისთავად ცხადია, რომ ხელისუფლებას ბუნებრივია აქვს მოლოდინი, რომ ამ არჩევნებში გამარჯვებას სახალხო მხარდაჭერის გზით მიაღწევს.
ირაკლი გუნია





