
- By Keti Khomeriki
- In მსოფლიო
დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებები შეჩერებულია
რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებები შეჩერებულია. პესკოვი პროცესის შეჩერებაში დამნაშავედ ევროპის ქვეყნებს მიიჩნევს.
„კომუნიკაციის არხები არსებობს და ფუნქციონირებს. ჩვენს მომლაპარაკებლებს აქვთ შესაძლებლობა, დაუკავშირდნენ ამ არხებით. თუმცა ახლა ალბათ უფრო ზუსტი იქნება იმის თქმა, რომ ის შეჩერებულია. რუსული მხარე კვლავ მზად არის, მშვიდობიანი დიალოგის გზას დაადგეს. თუმცა ის ფაქტი, რომ ევროპელები ხელს უშლიან ამას, ნამდვილად მართალია. ეს არავისთვის არ არის საიდუმლო“, – განაცხადა მან.
Reuters-ის ცნობით, რუსეთი კიევს ადანაშაულებს, რომ ის „ადგილზე არსებულ რეალობას“ არ აღიარებს, მაშინ როცა მოსკოვი მოლაპარაკებებისადმი ინტერესს ავლენს.
ცნობისთვის, რუსმა და უკრაინელმა მომლაპარაკებლებმა წელს სტამბოლში პირდაპირი მოლაპარაკებების სამი რაუნდი გამართეს. 23 ივლისს მხარეებმა სამხედრო ტყვეებისა და დაღუპულთა ცხედრების დაბრუნების შესახებ რამდენიმე შეთანხმებას მიაღწიეს.





