
- By Keti Khomeriki
- In მსოფლიო
დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ „ბურევესტნიკის“ გამოცდაში არაფერია ისეთი, რამაც შეიძლება, მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობები დაძაბოს
რაკეტა „ბურევესტნიკის“ გამოცდაში არაფერია ისეთი, რამაც შეიძლება, მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობები დაძაბოს, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
„აქ არაფერია ისეთი, რამაც შეიძლება ან უნდა დაძაბოს მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობები“, – განაცხადა პესკოვმა.
პესკოვის თქმით, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადება რუსეთის სანაპიროსთან მდებარე წყალქვეშა ნავის შესახებ, რომელიც „ბურევესტნიკის“ რაკეტის გამოცდის საპასუხოდ გაკეთდა, აშშ-ის პრეზიდენტის თვალსაზრისია.
„ეს არის აშშ-ის პრეზიდენტის თვალსაზრისი. ეს მნიშვნელოვანია“, – განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.
პესკოვმა აღნიშნა, რომ, ვაშინგტონის არამეგობრული ნაბიჯების მიუხედავად, რუსეთი შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გაუმჯობესებისთვის კვლავ ღიაა. ამასთან, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა აღნიშნა, რომ მოსკოვი საკუთარ ინტერესებს იცავს.
„აშშ-ის პრეზიდენტის მიერ გაჟღერებული სხვადასხვა ნიუანსის მიუხედავად, ჩვენ მაინც უნდა გავამახვილოთ ყურადღება ჩვენს ინტერესებზე. ჩვენი ინტერესები ყველა ქვეყანასთან, მათ შორის შეერთებულ შტატებთან, კარგი ურთიერთობების დამყარებაა. რა თქმა უნდა, ამ კვირაში განხორციელებული ქმედებები არამეგობრული ნაბიჯი იყო. მათ ნამდვილად დააზიანეს ჩვენი ურთიერთობების აღორძინების პერსპექტივები, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა მივატოვოთ ეს მისწრაფებები. ჩვენ უნდა გავაკეთოთ ის, რაც ჩვენთვის სასარგებლო იქნება“, – განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.





