აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ნაკლებად დარწმუნებულია, ირანი შეერთებულ შტატებთან ახალი ბირთვული შეთანხმების ფარგლებში ურანის გამდიდრების სრულად შეწყვეტას დათანხმდება.
აღნიშნულის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა „პოდ ფორს უან“ პოდკასტთან ინტერვიუში განაცხადა.
კითხვაზე, ფიქრობდა თუ არა, რომ შეძლებდა ირანის დარწმუნებას ბირთვული პროგრამის შეჩერებაზე, ტრამპმა უპასუხა: „არ ვიცი. ასე ვფიქრობდი და სულ უფრო და უფრო ნაკლებად ვრწმუნდები ამაში. როგორც ჩანს, ისინი აგვიანებენ. ვფიქრობ, ეს სამწუხაროა, მაგრამ ახლა ნაკლებად დარწმუნებული ვარ, ვიდრე რამდენიმე თვის წინ ვიყავი. რაღაც დაემართათ, მაგრამ გარიგების მიღწევაში ნაკლებად ვარ დარწმუნებული. ისინი შეთანხმებას თუ არ დადებენ, ბირთვული იარაღი არ ექნებათ. შეთანხმებას თუ დადებენ, მათ ასევე არ ექნებათ ბირთვული იარაღი. ამიტომ, ამ თვალსაზრისით ამას მნიშვნელობა არ ექნება, მაგრამ უკეთესი იქნებოდა ამის გაკეთება ომის გარეშე, ადამიანების სიკვდილის გარეშე ბევრად უკეთესია ამის გაკეთება. არ მგონია, მათში იმავე დონის ენთუზიაზმს ვხედავდე შეთანხმების მისაღწევად. ვფიქრობ, შეცდომას დაუშვებენ, მაგრამ ვნახოთ. ალბათ, დრო გვიჩვენებს“.