
- By Keti Khomeriki
- In მსოფლიო
დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ტარიფებმა, რომელიც მექსიკას, კანადასა და ჩინეთს დაუწესა, შესაძლოა, გამოიწვიოს მოკლევადიანი სირთულეები ამერიკელებისთვის
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ტარიფებმა, რომელიც მექსიკას, კანადასა და ჩინეთს დაუწესა, შესაძლოა, გამოიწვიოს მოკლევადიანი სირთულეები ამერიკელებისთვის.
ტრამპის თქმით, ეს ზომები აუცილებელია იმიგრაციისა და ნარკოტიკების ტრეფიკინგის შესაზღუდად და ადგილობრივი ინდუსტრიების წასახალისებლად.
„შესაძლოა, მოკლევადიან პერიოდში გვქონდეს გარკვეული სირთულეები, და ხალხი ამას აცნობიერებს, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში, შეერთებული შტატები პრაქტიკულად ყველა ქვეყანამ გამოიყენა და ვაპირებთ, ეს შევცვალოთ“,- განაცხადა ტრამპმა.
აშშ-ის პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა ფენტანილის პრობლემაზე და აღნიშნა, რომ წელს სულ მცირე, 200 000 ადამიანი დაიღუპა ამ ნარკოტიკის გამო, რომელიც, მისი თქმით, ჩინეთიდან მექსიკისა და კანადის გავლით შემოედინება.
„თუ ისინი არ შეაჩერებენ ამას, ტარიფები გაცილებით უარესი გახდება“,- აღნიშნა ტრამპმა.
პრეზიდენტმა ასევე გააკრიტიკა კანადა საბანკო სექტორში ამერიკული ბანკების შეზღუდვების, ენერგეტიკული პოლიტიკისა და სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების იმპორტის შეზღუდვების გამო. მისივე თქმით, აშშ ყოველწლიურად დაახლოებით 200 მილიარდი დოლარით ასუბსიდირებს კანადას.
„ჩვენ ვაძლევთ სუბსიდირებას კანადას დაახლოებით 200 მილიარდ აშშ დოლარს წელიწადში. და რისთვის? რას ვიღებთ მისგან? ჩვენ არაფერს ვიღებთ. მიყვარს კანადელი ხალხი. მე არ ვეთანხმები კანადის ხელმძღვანელობას და იქ რაღაც მოხდება. მაგრამ თუ მათ უნდოდათ თამაში, წინააღმდეგი არ ვარ“,- განაცხადა ტრამპმა.
ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ დღეს სატელეფონო საუბარი ექნება კანადისა და მექსიკის ლიდერებთან, რომლებმაც უკვე გამოაცხადეს საპასუხო ტარიფების შესახებ, თუმცა ნაკლებად ელოდება, რომ ისინი აზრს შეცვლიან.
„არ ველოდები რაიმე დრამატულ ცვლილებებს. მათ დიდი თანხა მართებთ ჩვენი და დარწმუნებული ვარ, გადაიხდიან“, – განაცხადა ტრამპმა.
მისივე თქმით, ტარიფები „აუცილებლად დაწესდება“ ევროკავშირზეც, თუმცა არ დაუკონკრეტებია, როდის მოხდება ეს.
აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, აშშ-ს აქვს 300 მილიარდ დოლარზე მეტი სავაჭრო დეფიციტი და ევროკავშირი „სასტიკად სარგებლობს“ აშშ-ით.
„ჩვენ ვაპირებთ ამის შეცვლას. ეს იყო უსამართლო. ჩვენ ყველას ვეხმარებით. წლების განმავლობაში ყველას ვეხმარებით და გულახდილად რომ გითხრათ, არ მგონია, რომ ისინი ამას აფასებენ. ასე რომ, ჩვენ ვაპირებთ შევცვალოთ ეს. ჩვენ ვაპირებთ სწრაფად შევცვალოთ ეს. ჩვენ ვაპირებთ ამერიკა კვლავ დიდებული გავხადოთ”,-განაცხადა ტრამპმა.
ამასთან, ტრამპმა აღნიშნა, რომ გაერთიანებულ სამეფოსთან არსებული პრობლემების მოგვარება შესაძლებელია და დადებითად შეაფასა პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერთან ურთიერთობა.




