
- By Keti Khomeriki
- In მსოფლიო
დონალდ ტრამპმა ავღანეთი, ბოლივია, მიანმარი, კოლუმბია და ვენესუელა იმ ქვეყნებს შორის დაასახელა, რომლებმაც გასული წელს საერთაშორისო ანტინარკოტიკული შეთანხმებები არ შეასრულეს
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ავღანეთი, ბოლივია, მიანმარი, კოლუმბია და ვენესუელა იმ ქვეყნებს შორის დაასახელა, რომლებმაც გასული წელს დემონსტრაციულად არ შეასრულეს საერთაშორისო ანტინარკოტიკული შეთანხმებები.
ტრამპის თქმით, ეს გადაწყვეტილება შეიძლება აისახოს ამ ქვეყნების დაფინანსებაზე. შესაბამისი შეფასება დონალდ ტრამპმა აშშ-ის კონგრესს გაუგზავნა.
ტრამპის დეკლარაციაში ნათქვამია, რომ კოკის კულტივაციამ და კოკაინის წარმოებამ კოლუმბიაში „პრეზიდენტ გუსტავო პეტროს დროს ყველა დროის რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია და მისმა წარუმატებელმა მცდელობებმა, მიეღწია შეთანხმებებისთვის ნარკოტერორისტულ ჯგუფებთან, მხოლოდ გაამწვავა კრიზისი“.
დონალდ ტრამპმა კოლუმბიის პოლიტიკური ხელმძღვანელობა დაადანაშაულა ნარკოტიკებზე კონტროლის ვალდებულებების შეუსრულებლობაში, თუმცა მადლობა გადაუხადა სამხედრო პერსონალს მათი სიმამაცისთვის.
„მე განვიხილავ ამ სტატუსის შეცვლას, თუ კოლუმბიის მთავრობა უფრო აგრესიულ ქმედებებს განახორციელებს კოკის აღმოსაფხვრელად და კოკაინის წარმოებისა და ვაჭრობის შესამცირებლად“, – აღნიშნავს ტრამპი.
ამავე წერილში, ტრამპი აღნიშნავს, რომ ვენესუელის პრეზიდენტი ნიკოლას მადურო „ხელმძღვანელობს მსოფლიოში კოკაინის ვაჭრობის უდიდეს ქსელს“ და აშშ გააგრძელებს მისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებას.
ვენესუელის ხელისუფლება ტრამპის ადმინისტრაციის ბრალდებებს უარყოფს. ნიკოლას მადურო აცხადებს, რომ ტრამპი ვენესუელაში რეჟიმის შეცვლისკენ მიისწრაფის. კოლუმბიის პრეზიდენტმა კი წუხილი გამოთქვა ტრამპის გადაწყვეტილების გამო. მან აღნიშნა, რომ ნარკოვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლას ათობით კოლუმბიელი პოლიციელი, სამხედრო და მოქალაქე ემსხვერპლა.





