
ევროკავშირის ოფიციალური პირები საქართველოს დაშინებას და შანტაჟს პირდაპირ ახორციელებენ
2024 წლის ევროკავშირის გაფართოების შესახებ საქართველოსთან დაკავშირებულ ანგარიშზე საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი განცხადებას ავრცელებს.
როგორც პაველ ჰერჩინსკიმ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, გაფართოების შესახებ წლიური ანგარიში საერთოა იმ ათივე ქვეყნისთვის, რომელმაც განაცხადი გააკეთა ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ.
„ანგარიში გამოქვეყნდა საპარლამენტო არჩევნებიდან რამდენიმე დღეში, სადაც საქართველოს ევროპული მომავალი ცენტრალური საკითხი იყო. საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებიდან ერთი წლის შემდეგ დადგა დრო შეჯამებისთვის – სად არის საქართველო ევროპულ გზაზე. გაფართოების შესახებ წლიური ანგარიში საერთოა იმ ათივე ქვეყნისთვის, რომელმაც ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ განაცხადი გააკეთა. ეს არის შეფასების და გააზრების მომენტი. გაფართოების შესახებ ანგარიშის ყურადღების ცენტრშია წინსვლა ფუნდამენტური რეფორმების განხორციელებასთან დაკავშირებით ყველა სფეროში. ის სამომავლო რეფორმების პრიორიტეტებთან დაკავშირებით სახელმძღვანელო მითითებებს შეიცავს.
ევროკავშირში გაწევრიანება თითოეული ქვეყნის სტრატეგიული და სუვერენული არჩევანია. თუმცა განაცხადის შეტანის შემდეგ, ქვეყანა თანხმდება, რომ ევროკომისია ევროკავშირში წევრობისთვის მის მზადყოფნას შეამოწმებს.
შარშან ანგარიშის გამოქვეყნებამ საზეიმო აღნიშვნის შესაძლებლობა მოგვცა. ევროკომისიამ რეკომენდაცია გაუწია საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას; დეკემბერში ეს რეკომენდაცია ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა ერთხმად დაადასტურეს. როგორც ევროკავშირისთვის, ასევე საქართველოს მოსახლეობისთვის ეს იმედით აღსავსე და დაუვიწყარი დღე იყო. ჩემთვის ეს ჩემი პროფესიული კარიერის მწვერვალს წარმოადგენდა.
დღეს, ერთი წლის შემდეგ, სამწუხაროდ, ბევრი არაფერი გვაქვს საზეიმო. საქართველოს მთავრობის მოქმედების კურსის გამო ევროკავშირის ლიდერებმა საქართველოს გაწევრიანების პროცესი შეაჩერეს. ის შეჩერებული იქნება იქამდე, ვიდრე საქართველო ევროკავშირისგან, ჩვენი ღირებულებებისა და ჩვენი პრინციპებისგან დაშორებას გააგრძელებს“, – აღნიშნა ჰერჩინსკიმ.
მისივე თქმით, დღევანდელი ანგარიში ბოლო 12 თვის განმავლობაში განვითარებული მოვლენების სამართლიან შეფასებას წარმოადგენს.
საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭა იმის გათვალისწინებით, რომ გადაიდგმებოდა ცხრა ნაბიჯი , ძირითადად კანონის უზენაესობასა და დემოკრატიასთან დაკავშირებით. სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლების მხრიდან არ იყო საკმარისი პოლიტიკური მზაობა აუცილებელი რეფორმების განსახორციელებლად.
გასული წლის ანგარიშის შემდეგ,ცხრა ნაბიჯიდან უმეტესი ნაწილის განხორციელების კუთხით, საქართველოს უმნიშვნელო წინსვლა ჰქონდა. დღევანდელი ანგარიში დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლასთან, პოლიტიკურ პოლარიზაციასთან, არჩევნებთან და ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული ნაბიჯების მიმართებაში აშკარა უკუსვლაზე მიუთითებს.
ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ უკუსვლა მოხდა იმ სფეროში, რომელსაც ყველაზე მნიშვნელოვანი თავი ეხება – „სასამართლო სისტემას და ფუნდამენტურ უფლებებს“. ნება მიბოძეთ, მკაფიოდ ვთქვა: ეს უპრეცედენტოა ქვეყნისთვის, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანებისკენ ისწრაფვის.
ევროკავშირში გაწევრიანება არის დამსახურებაზე დაფუძნებული და დამსახურებაზე დაფუძნებული დარჩება. ის სრულად დამოკიდებულია თითოეული ქვეყნის მიერ მიღწეულ ობიექტურ წინსვლაზე. წელს საქართველომ უკან დაიხია, ხოლო სხვა კანდიდატი ქვეყნებმა წინ წაიწიეს, რამდენიმე მათგანმა გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები გახსნა.
ცხრა ნაბიჯიდან ერთ-ერთი არჩევნების ჩატარებას შეეხება. საქართველოში საპარლამენტო არჩევნებზე სერიოზული დარღვევები აღინიშნა. დარღვევები, რომელიც ევროკავშირის კანდიდატი წევრისგან მოსალოდნელ სტანდარტებს არ შეესაბამება. საჭიროა, რომ საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ აღნიშნული დარღვევების გამოძიება სწრაფად, გამჭვირვალედ და დამოუკიდებლად მოხდეს. საერთაშორისო დამკვირვებლებს არ გამოუცხადებიათ, რომ არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი იყო. საპირისპიროც არ უთქვამთ.
რა იქნება შემდეგ? ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობების მომავალი ახლა საქართველოს ლიდერების ხელშია. ვთავაზობ ხელისუფლებას, ძალიან დიდი ყურადღებით წაიკითხოს გაფართოების შესახებ ეს ანგარიში. ის გვთავაზობს მკაფიო გზას ხელახალი ჩართულობისკენ და გზამკვლევს ევროკავშირში საქართველოს შესაძლო წევრობისკენ, მაგრამ მისი განხორციელება მოითხოვს ჭეშმარიტ პოლიტიკურ ნებას და დაბრუნებას ჩვენი უპირობო პრინციპებისა და ღირებულებებისადმი, რომლებზედაც ევროკავშირი არის დაფუძნებული.
გაფართოების პროცესი დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესია და საქართველო მხოლოდ იმ შემთხვევაში წაიწევს წინ ევროკავშირის გზაზე, თუ რეფორმებს განახორციელებს. არანაირი საიდუმლო და მოკლე გზა არ არსებობს. საქართველოს მომავალმა მთავრობამ უნდა შეცვალოს კურსი, დაუბრუნდეს დემოკრატიულ პრინციპებსა და ღირებულებებს, თუ მას სურს, ქვეყანა ევროკავშირთან დააახლოოს. ეს უნდა დაიწყოს სრული გამჭვირვალობით საარჩევნო პროცესთან დაკავშირებით.
ევროკავშირის კარი საქართველოსთვის კვლავ ღიაა. გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ საქართველოს ხელისუფლება პატივს სცემს საქართველოს მოსახლეობის მისწრაფებებს, რომელიც საქართველოს ევროპულ გზას ყოველთვის მხარს უჭერდა. ნუ დაკარგავთ იმედს!“ – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.
ის რაც ამ განცხადებით რეალურად გვითხრა ევროკავშირის ელჩმა, იყო უფრო ვრცელი ვერსია იმისა, რაც მისმა უშუალო უფროსმა ევროკომისარმა ბორელმა დღეს განაცხადა პრესკომფერენციაზე. ფაქტი კი, ნამდვილად შემაშფოთებელია.
არსებითად ევროკავშირი სახედაკარგულია და პირდაპირი შანტაჟის ენაზეა გადასული, რაც ნამდვილად ააშკარავებს აგრესიული დასავლეთის ბოროტ განზრახვას – რა ფასადაც არ უნდა დაუჯდეს გაანეიტრალოს და ხელისუფლებას ჩამოაცილოს ,,ქართული ოცნება”.
სწორედ აღნიშნულის მატერიალური მტკიცებულებაა ის ანგარიში და შეფასება საქართველოსთან დაკავშირებით, რაც სულ ახლახან გამოაქვეყნა ევროკავშირმა 10 კანდიდატ ქვეყანასთან მიმართებაში და მხოლოდ საქართველო გააკრიტიკა ამდაგვარად:
2024 წლის მაისში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის“ და 2024 წლის სექტემბერში „ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანთა დაცვის“ საკანონმდებლო პაკეტის მიღებამ შეასუსტა ძირითად უფლებათა დაცვის ზოგადი სამართლებრივი ჩარჩო, – ამის შესახებ ევროკავშირის გაფართოების შესახებ ევროკომისიის 2024 წლის ანგარიშშია აღნიშნული.
ანგარიშის თანახმად, ორივე ინიციატივა არღვევს ადამიანის უფლებებსა და ფუნდამენტურ თავისუფლებებს.
,,კერძოდ, არღვევს გაერთიანების, გამოხატვისა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებებს. ადამიანის უფლებათა დაცვის 2024-2026 წლების სამოქმედო გეგმა მიღებულ იქნა შეზღუდული კონსულტაციის პროცესის შედეგად. პერსონალური მონაცემთა დაცვის სამსახურის შესახებ კანონი 2024 წლის მაისში შეიცვალა, მაგრამ არ გაითვალისწინა ვენეციის კომისიის მნიშვნელოვანი რეკომენდაციები. „თბილისის პრაიდი“ 2024 წელს არ გაიმართა რეპრესიებისა და ძალადობის შიშის გამო. პარლამენტში სავალდებულო საარჩევნო გენდერული კვოტების გაუქმებით, პარლამენტმა გააუქმა ამ კვოტების 2032 წლამდე გახანგრძლივების ვალდებულება, რომელიც კომისიამ დადებითად შეაფასა 2023 წელს, როგორც გენდერული თანასწორობის პრიორიტეტის განხილვის საფუძველი. კომისიის გასული წლის რეკომენდაციები არ განხორციელებულა და ძალაში რჩება.
საქართველომ მომავალ წელს უნდა გააუქმოს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონი“; მიიღონ ეროვნული სტრატეგიები ყველა სახის სიძულვილისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ, ასევე ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების დასაცავად; გააძლიეროს ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის აღსრულება; მიიღოს უფრო გადამწყვეტი ზომები სიძულვილის ენისა და დანაშაულების აღკვეთისა და თავიდან აცილებისთვის; გააუქმოს „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტი; გამოიძიოს და დაისაჯოს 2021 წლის 5 ივლისსა და 2023 წლის 8 ივლისს „თბილისი პრაიდზე“ ძალადობის ორგანიზატორები; შეცვალოს ადამიანის უფლებების ეროვნული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, რათა უზრუნველყოფილი იყოს ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი, ტრანსგენდერი, ინტერსექსი და ქვიარი (LGBTIQ) პირების უფლებების სრულად დაცვა; უზრუნველყოს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების სრული პატივისცემა და დაცვა, კერძოდ, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის რეფორმით, მათ შორის დაინტერესებული მხარეების ფართო მონაწილეობით; ევროკავშირის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოიყვანოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამართლებრივი ჩარჩო; გააძლიეროს ძალისხმევა გენდერული თანასწორობის მიღწევისთვის“, – აღნიშნულია ანგარიშში.
ევროპის კავშირიდან ასეთი პირდაპირი მიკერძოებისა და მუქარის ფონზე, ერთადერთი, რაც მოაზროვნე ადამიანს დარჩენია – არის აღფრთოვანება ქართველი ამომრჩევლის სიბრძნით, რომელიც ათასგვარი ტვინის გამორეცხვისა, თუ მუქარების მიუხედავად, მაინც ერთგული დარჩა საქართველოში მშვიდობის პოლიტიკისა და არჩევანი მაღალი სახელმწიფოებრივი შეგნებით გააკეთა, სწორედ იმ ძალაზე, რომელიც ერთადერთია საქართველოში სიმშვიდისა და ეკონომიკური განვითარების ურყევი პოლიტიკით და რომელსაც ,,ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო” ჰქვია.
ქეთი ხომერიკი
,,GEO NEWS”




