• October

    1

    2023
  • 141
  • 0
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია 15-წლიანი საქმიანობის შედეგებს აჯამებს – ჩვენ დავრჩებით საქართველოში, ვიდრე საჭირო იქნება

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია 15-წლიანი საქმიანობის შედეგებს აჯამებს – ჩვენ დავრჩებით საქართველოში, ვიდრე საჭირო იქნება

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია 15-წლიანი საქმიანობის შედეგებს აჯამებს. სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა, დიმიტრიოს კარაბალისმა დღეს პრესკონფერენცია გამართა.

ევროკავშირში 27 წევრი სახელმწიფოა და თითოეულ მათგანს აქვს სუვერენული აზრი გადაწყვეტილების მისაღებად, ისინი განკარგულებებს არ იღებენ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა, დიმიტრიოს კარაბალისმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე განუცხადა.

მისივე განცხადებით, წევრობის კანდიდატის სტატუსს ევროკომისია არ იძლევა, აღნიშნულ საკითხზე გადაწყვეტილება 27 წევრი სახელმწიფო იღებს.

კითხვაზე, დაეხმარება თუ არა კანდიდატის სტატუსი საქართველოს კონფლიქტების მშვიდობიანი დარეგულირების საქმეში,  დიმიტრიოს კარაბალისმა აღნიშნა, რომ კონფლიქტის გადაჭრა არ არის დამოკიდებული ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაზე, თუმცა მისია ცდილობს, შექმნას შესაბამისი გარემო, რათა მხარეები მაგიდასთან დასხდნენ.

„როგორც იცით, ექვსპუნქტიანი შეთანხმების მიხედვით, კონფლიქტის გადაჭრა არ არის დამოკიდებული ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაზე, მაგრამ ჩვენ ვცდილობთ, შევინარჩუნოთ მშვიდი და სტაბილური სიტუაცია, რამდენადაც ეს შესაძლებელია, რათა შევქმნათ შესაბამისი გარემო, რომ მხარეები მაგიდასთან დასხდნენ და იპოვონ გამოსავალი. ჩვენ ვცდილობთ, შევქმნათ სათანადო პირობები დიალოგისა და გამოსავლის პოვნისთვის. შესაძლებელია, ჩემი კოლეგები არ დამეთანხმონ იმაში, რასაც ვიტყვი, საუბარია იმაზე, მისცემს თუ არა კომისია სტატუსს საქართველოს. ჩემი აზრით, კომისია არ არის ის, ვინც სტატუსს იძლევა. ევროკავშირში 27 წევრი სახელმწიფოა და თითოეულ მათგანს აქვს სუვერენული აზრი გადაწყვეტილების მისაღებად, ისინი განკარგულებებს არ იღებენ. ამიტომ როდესაც ვამბობ, რომ გადაწყვეტილების გამოცხადების პროცესი 27 წევრი სახელმწიფოს ხელშია, გთხოვთ, დაიმახსოვროთ ეს“, – აღნიშნა დიმიტრიოს კარაბალისმა.

„15 წლის წინ საქართველოში ორასზე მეტმა დამკვირვებელმა დაიწყო პატრულირება, 2008 წლის აგვისტოს დამანგრეველი ომიდან სულ რაღაც ექვსი კვირის გასვლის შემდეგ. ამ კონფლიქტმა სერიოზული გავლენა იქონია და ჯერ კიდევ აქვს ბევრი ადამიანის ცხოვრებაზე. ამიტომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის დაარსება ზეიმის მიზეზი არ არის. თუმცა ეს არის შესაძლებლობა, გადავხედოთ წარსულ მოვლენებს. ბოლო 15 წელია, დღე-ღამის განმავლობაში, წელიწადში 365 დღე ვპატრულირებთ. ჩვენი მიზანი საქართველოში სტაბილურობის, უსაფრთხოებისა და გრძელვადიანი მშვიდობის ხელშეწყობაა. ევროკავშირი რჩება საქართველოში, და უფრო ფართო რეგიონში, კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების გრძელვადიანი ვალდებულების ერთგული. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ეუთო-სთან ერთად აგრძელებს გადაკვეთის პუნქტების სრულად ფუნქციონირების აღდგენისკენ მოწოდებას“, – განაცხადა მისიის ხელმძღვანელმა.

მისივე თქმით, გადაადგილების მეტი თავისუფლება მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებას ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზების გასწვრივ.

„როდესაც ვსაუბრობთ გადაადგილების შეზღუდულ თავისუფლებაზე, ჩვენ ასევე უნდა ვისაუბროთ მიმდინარე ე.წ. ბორდერიზაციაზე. „ბორდერიზაცია“ ნამდვილად არ არის სწორი ტერმინი, მე ვგულისხმობ ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გამაგრებას ღობეების, მავთულხლართების და სათვალთვალო კოშკურების მეშვეობით. ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები ქალები, კაცები, ბავშვები და ხანდაზმული ადამიანები კვლავ განიცდიან ამის ზეგავლენას. ეს აფერხებს მათ წვდომას მიწასა და წყალზე, რელიგიურ ობიექტებზე. ეს ბავშვებს მათ მიერ არჩეულ განათლებას ართმევს. ეს მრავალი ადამიანის წარმატებულ მომავალზე ოცნებას ასამარებს. ოჯახები, მეზობლები, სოფლებიც კი გაყოფილი რჩება. კიდევ ერთხელ მინდა, გავიმეორო ჩვენი მთავარი გზავნილი: 15 წლის განმავლობაში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია გადამწყვეტ როლს თამაშობს სტაბილურობის უზრუნველყოფაში და დაძაბულობის შემცირებაში საქართველოში და ფართო რეგიონში. ჩვენი ადგილზე ყოფნა ბოლო 15 წლის განმავლობაში ადასტურებს ევროკავშირის გრძელვადიან ერთგულებას მშვიდობისა და უსაფრთხოების ხელშეწყობისთვის. ჩვენ კვლავ ვრჩებით ჩვენი მისიის ერთგული, რაც ადგილობრივი თემების ცხოვრებისა და უსაფრთხოების გაუმჯობესებას ითვალისწინებს. ჩვენ დავრჩებით საქართველოში, ვიდრე საჭირო იქნება“, – განაცხადა სადამკვირვებლო მისიის  ხელმძღვანელმა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor