
ემიგრანტის დღიურებიდან…
,,GeoNews“- ის სტუმარია ექსკლუზიურად ყოფილი ჟურნალისტი და ამჟამად ემიგრაციაში მყოფი, ორი შვილის დედა,ელენე დარაშვილი (გურგენაძე).
იგი წლების განმავლობაში გახლდათ რეგიონული პრესის წარმომადგენელი გურიის მხარეში,ჰქონდა საკმაოდ საინტერესო კარიერა,სხვადასხვა დროს იყო რამდენიმე რაიონული და რეგიონული გაზეთის თანამშრომელი სხვადასხვა საპასუხისმგებლო პოზიციაზე.თუმცა მთელი რიგი მიზეზების გამო,ჟურნალისტიკიდან (და როგორც აღმოჩნდა,ყვეყნიდანაც) წავიდა.
ელენე მრავალმხრივი ნიჭის მქონე ადამიანია.დღეს გვინდა მისი შემოქმედებითი მხარე გაგაცნოთ. მართალია,საკუთარ თავს პოეტს არ უწოდებს და ამბობს,რომ ყოფილი ჟურნალისტია,მაგრამ მისი პოეზიის გაცნობის შემდეგ გვჯერა,დაგვეთანხმებით, რომ ეს მხოლოდ ფურცლებზეგადატანილი ემოციები და განცდები არ არის. გვინდა წარმატებები და სამშობლოში მალე დაბრუნება ვუსურვოთ მას. იმედს ვიტოვებთ,ერთ დღეს პროფესიასაც დაუბრუნდება და თავის სიტყვას კვლავ ხმამაღლა,ყველას გასაგონად იტყვის.
ემიგრანტული
მხრებზე შემოიცვა ღამემ გათენება,
თითქოს იარები წამით მომიშუშდა…
გითხრათ,რა ძნელია სხვაგან გაჩერება?
ჩემთვის შეგრძნებაა სულ სხვა…
როცა ძვლებში მამტვრევს შვილის მონატრება,
როცა მომლოდინე დედას წარმოვიდგენ,
როცა ცრემლებს ვმალავ,თვალს რომ მომადგება,
როცა სხეულის და სულოს ტკივილს ვითმენ…
როცა ჩემი მიწის სუნი მენატრება
და ის ვარსკვლავები,ცას რომ ახატია…
იქ,ჩემს სამშობლოში სხვაა ნეტარება…
შვილმა უჩემობა ალბათ მაპატია…
მხრებზე შემოიცვა ღამემ გათენება,ფიქრი სიმარტოვეს ისევ შევაჩვიე…
გითხრათ,როგორია სხვაგან გაჩერება,
ან და,მარტოობას როგორ შევეჩვიე?
თვალებს დავხუჭავ და ისე წარმოვიდგენ:
ჩემი სოფლის შარას,და კვამლიან ბუხრებს…
როგორ მივუყვები გაუთოვლავ მთის გზებს,
ხან კი გადაღლილი როგორ ჩავიმუხლებ.
ჭიშკარს შევაღებ და მონატრებულ შვილებს,
როგორც თეთრ გვირილებს,გულზე მივიხუტებ…
ასე,ამ ფიქრებით,რაღა შემაშინებს?
ცრემლებს სხვებს ვუმალავ,სიმარტოვეს ვუძლებ…
მხრებზე შემოიცვა ღამემ გათენებათითქოს იარები წამით გამიყუჩდა…
გითხრათ,რა ძნელია სხვაგან გაჩერება?
ამ ერთ წელიწადში დედა მომიხუცდა…
ისევ ძვლებში მამტვრევს შვილის მონატრება,
ის მზე მენატრება,ცას რომ ახატია…
იქ,ჩემს სამშობლოში სხვაა ნეტარება…
შვილმაც უჩემობა ალბათ მაპატია…
მართლა რომ შემეძლოს
მართლა რომ შემეძლოს ცაზე ოცნებების ხატვა,
ზეცა ოქნებოდა ცისარტყელასავით ჭრელი…
და არ დარჩებოდა აუსრულებელი ნატვრა,
რადგან სულის ტკივილს ზოგჯერ ოცნებები შველის…
მართლა რომ შემეძლოს ცხელი მზის ხელებით ჭერა,
სითბოს ვარიგებდი, ალბათ უსასრულოდ, ხალხში…
მართლაც რომ შემეძლოს რამე მნიშვნელოვნის წერა,
ალბათ ვიჯდებოდი ჩემთვის,საათობით სახლში…
რა ვქნა,თუკი მინდა ზეცას დავეკიდო ხელით,
რა ვქნა,თუკი სევდებს ვერსად უპოვნიათ ბინა,
თუკი სიმარტოვე უკვე ვეღარაფრით მშველის,
თუკი, უსაშველოდ, სახლში დაბრუნება მინდა?!.
ვიცი,არ დამრჩება აუსრულებელი ნატვრა,
ზოგჯერ სულის ტკივილს მხოლოდ სიმარტოვე შველის…
მართლა რომ შემეძლოს ცაზე ოცნებების ხატვა,
ზეცა იქნებოდა ცისარტყელასავით ჭრელი…
ცოტაც და…
ცოტაც და, მოვა ჩემი აპრილი
და გვირილების იქნება თოვა…
ისევ რთული ვარ, ვერ გავმარტივდი,
ვერც გამიშლია ფიქრების გროვა
ზამთარს რომ სულში შემოუნახავს,
ძვლებს რომ მიმტვრევს და შიგნიდან მლეწავს…
ვისაც არ უნდა, ვერ დაინახავს,
ვერ დაინახავს თვალებში ლერწსაც!
ზოგს თუ მოუნდა,ბეწვსაც შეამჩნევს,
რა მარტივია სხვისი ქილიკი…
ვიდრე რაიმე ტექსტებს შეარჩევთ,
ჯერ გაიარეთ ჩემი ბილიკი!
ცოტაც და,მოვა ჩემი აპრილი,
მზე ისევ ყელზე შემომეხვევა…
ჰო,კვლავ რთული ვარ,ვერ გავმარტივდი,
როგოეც ამბობენ,მძიმე შემთხვევა, –
ჰქვია ჩემს ყოფნას; და ნუ ეცდებით
ეძიოთ ჩემში ის სიმარტივე…
თქვენ რომ გგონიათ, მე არ შევცდები!
პირიქით, ყოფას გავიმარტივებ!
ცოტაც და,მოვა ჩემი აპრილი,
იასამნების მომიტანს სურნელს…
ისევ რთული ვარ,ვერ გავმარტივდი,
თქვენ,ამის გამო, მეძახდით ,,სულელს”…
მე – უცნაური,თავთან მებრძოლი,
ხან არეული, ურჩი მარტივით…
ვცხოვრობ და ვიბრძვი ჩემი მეთოდით,
ვისთვის რთული და ვისთვის მარტივი…
მოამზადა თამთა მაისურაძემ.





