
ემიგრანტობის 7 წელი და ამ ხნის განმავლობაში გამოცემული საავტორო პოეტური კრებულები !
ახლახან საზოგადოება ,,ტყეშაველი-შემოქმედთა გაერთიანებამ” უნიჭიერესი პოეტის, ირინა ხურციძის ( ტყეშაველი ) საავტორო წიგნების წარდგენაზე : მზის მეტანია, რობაი, მზემ ფუნჯებით მომიხატა ( საბავშვო ), წიგნების პრეზენტაციაზე მიგვიწვია.
ჩვენი ძვირფასი და ერთგული მკითხველის და უაღრესად ნიჭიერი ქალბატონის სამივე წიგნი ერთად გამოიცა – გთავაზობთ ლექსებს წიგნ მზის მეტანიიდან, რომელიც პოეზიის მოყვარულთ ღრმა სიამოვნებას მოგანიჭებთ.
მზის მეტანია….
1 – გზებით ეფემერულით
( ეფემერა )
სულში ნისლის ტბორების ქაოსები ირევა,
დაილევა საცაა ამ ივნისის საღამოც,
მახსოვრობის ბარათში ჩალაგებულ ფირებად
სივრცეს ესალბუნება ფიქრი, როგორც მალამო.
ჩემი მძიმე წარსული, მიწას ისე ეყრდნობა,
როგორც ფესვებს ქარიშხლით დაბზარული ხე მუხის,
ბევრს არაფერს არ ვითხოვ _ ღმერთო, მომეც შენდობა,
დრო არ დამრჩეს მისხალი, უსასოოდ ჩამუხვლის.
ვიდრე ბოლო კურცხალი წამწამს სიმწრით მოსწყდება,
ვიდრე ჩაინთქმებიან ქარიშხლები ხევებში,
აღარ მინდა მესმოდეს კვლავ მოყვასის გოდება,
სადაც, იმედს ხვალისას ფარავს სევდის ფერები…
ბავშვის ხილვაც არ მინდა გამოწვდილი ხელებით…
სადაც ფულის მაგივრად, ზიზღის ხურდებს უყრიან ,
იმ მდიდარსაც არ მინდა, გადავაწყდე შემთხვევით,
წინაპართა საფლავებს, ქედსაც არ მოუხრიან…
მინდა ვიალიონო, მერე ისე, შემთხვევით,
ცას ავხედო მშობლიურს, მქონდეს შანსი შეხების,
ლურჯად ალაჟვარდებულ უნაზესი ფერებით,
ვქარგო ჩემი მამულის საოცარი ხედები…
მერე, როგორც არასდროს სივრცეებში ვიფრენდი,
თუნდაც ფრთამოტეხილი, მაგრამ მაინც არწივად,
ჩემი ბაღის გვირილებს მკერდზე გადმოვიფენდი,
ბოლო ამბორს ვუძღვნიდი მშობელ მიწას, ნაწვიმარს…
სულს რად უნდა საზღვარი, ბორკილებს ვერ აიტანს,
გული ვეღარ დაიტევს ამდენ დარდს და კაეშანს,
სივრცეს შევეხიზნები გზებით ეფემერულით,
რომ სიცოცხლე დავიწყო ფოთოლივით თავიდან…
2 – კიბე თუკი დაგიფარა ბალახმა…
( მუხამბაზი )
უფერულმა ამ ცხოვრებამ დამლია,
აღარ მკითხოთ დარდმა ასე რად მძლია,
ყველაფერი ცრუ პირობის ბრალია,
მოიმედე ყველა შესაბრალია,
სულ ერთია, კაცია თუ ქალია…
როცა აღმართს ავუყევი მეძნელა,
კორდზე აღარ შემეგება ენძელა,
ღვინოს გემო გავუსინჯე_ მეძველა…
მომწეოდა შუბისტარზე მზე მწველად,
დარდიანზე ლექსიც შემომეწერა…
გულს შევძახე_ გაუძელი, აბა, რა!!!
მართალია, ის ძველი დრო აღარა,
საღებავმაც ვერ დაფარა ჭაღარა…
გამოაღე, კარდახშული ფანჯარა,
არ იფიქრო, ჩაგიარა გარჯამ, რად…
ჩემი ბედი ბეწვის წკიპზე ჰკიდია,
დარდი, ურვა, უსაშველოდ დიდია,
როცა ირგვლივ ყველა ყალბი, ფლიდია_
სადაცაა მამულს გამიყიდიან,_
როსღა აღსდგეს ჩატეხილი ხიდია…
ბინდი წვება_ თავდაღმართიც იწყება,
საჭიროა ახლა სულზე მისწრება,
არ მიეცე, დარდით თავდავიწყებას,
ვით ფარვანა სანთლის ალზე იწვება,
მენანება, ის, რაც დასავიწყებლად…
თუ ვერ შეძელ რეალობის დანახვა_
კიბე თუკი დაგიფარა ბალახმა,
ფუძეს თუ შლი, მაშ გიშველის რა მარხვა….
სახვალიოდ, იმედს მაინც არ ვმარხავ,
რომ სამშობლოს აღზევებულს კვლავ ვნახავ.
3 – დრომ სავალი დანისლა
( ბაიათი )
,,აი რისთვის დაგეძებ რატომ დავიარები ,
და რატომ მელანდება, შენი შავი თვალები ”
ბიძინა ფერაძე_ ,, ყვავილების მეუფევ”
გული სულ გადანისლა,
მონატრების იარამ,
შიგ გაჩრილმა ტკივილმა,
ჯერაც არ გამიარა…
დავდივარ და დაგეძებ,
ვერსად ვპოვე საფარი,
ვერც სალბუნი ვერ ვნახე
სევდის გადასაფარი…
ვიცი, აღარ გახსოვარ,
დრომ სავალი დანისლა,
დარდის ჩამორეცხვას ვთხოვ,
რიონსა და ხანისწყალს…
მაგრამ ისე შორსა ხარ,
მკერდზე ვიბნევ ნარცისებს,
მოარული კარდაკარ,
წყალს ვუყვები ნასიზმრებს…
წლებმა სადღაც გახიზნა,
შენი ტურფა მზექალა,
დარჩა დიდ მონატრებად
,,ყვავილების ქვეყანა “.
გული სულ გადანისლა,
მონატრების იარამ,
შიგ გაჩრილმა ტკივილმა,
ჯერაც არ გამიარა…
4 – ღირდეს შეწირვად…
( სონეტი )
შენს დაღლილ სხეულს მინდა ახლა ბანგად მოვედო,
ჩამოგიბერტყო ფიქრებიდან სევდის ღრუბელი,
ლექსებს თუ გიწერ, ეს იმიტომ შენთვის ვპოეტობ,
ვამბობ და კიდევ ბევრი მრჩება მაინც უთქმელი.
არაფერს ვნატრობ ამ ყიამეთ წუთისოფელში,
თუნდ ერთი ციდა სიხარული მერგოს ჩემს წილად,
ხელს ვერ გავუშვებ კალმის წვერზე რითმას მოფრენილს,
ჩამოვქნი როცა სულის სანთელს, ღირდეს შეწირვად…
მეტწილად, ისევ შენში ვეძებ სულის სიმშვიდეს,
იათინათოს მთის ფერდობზე ერთხელ აისმა,
ვიდრე საშველად უკანასკნელ მზერას მიძღვნიდე,
გულის სურვილი უსასრულო ლოცვად გაისმას.
შენს დაღლილ სხეულს მინდა ახლა ბანგად მოვედო,
ჩაუქრობელი ვით შუქურა, მკერდზე რომ გენთო.
მოამზადა – თამთა მაისურაძემ
,,GEO NEWS”
1 COMMENT
ირინა ხურციძე
May 28, 2025, 9:02 am REPLYმადლობა ამ ლამაზი სიურპრიზისთვის.