
ექსკლუზივი : ეროვნული ბანკი ,,რიკო კრედიტის” თავხედობაზე კვლავ თვალს ხუჭავს ?
ჩვენი მკითხველისთვის ცნობილია, რომ ,,GEO NEWS” შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „რიკო ექსპრესი“, რომელიც ცნობილია როგორც „რიკო კრედიტი“ მტაცებლურ იმპერიას სწავლობს და არაერთი პუბლიკაცია გამოვაქვეყნეთ, მიუხედავად ამისა ფინანსურ ჯოჯოხეთად წოდებული ,,რიკო კრედიტი” კვლავაც დუმს.
ჩვენი მკითხველისთვის ისიც ცნობილია, რომ ჩვენ ,,რიკო კრედიტის” მტაცებლური დაკრედიტების პოლიტიკის შესწავლა საქართველოს ეროვნულ ბანკს ვთხოვეთ, ვინაიდან, მსგავს შემთხვევაში, საქართველოს კანონმდებლობა მარეგულირებელ ორგანოს შესაბამისს უფლებამოსილებას უსაზღვრავს, თუმცა ერთობ უცნაური პასუხი მივიღეთ.
შესაბამისად, გაგვიჩნდა გონივრული ეჭვი, რომ ეროვნული ბანკი ,,რიკო კრედიტის” მტაცებლურ პოლიტიკას მფარველობს და ახალისებს ?!
ბოლო პუბლიკაციის გამოქვეყნების შემდეგ, ეროვნული ბანკისგან ვრცელი წერილი მივიღეთ, რასაც უცვლელად გთავაზობთ :
ბატონო ირაკლი,
თქვენ მიერ 2025 წლის 04 ოქტომბერს საქართველოს ეროვნულ ბანკში გამოგზავნილ განცხადებასთან დაკავშირებით პირველ რიგში მადლობას მოგახსენებთ მოწოდებული ინფორმაციისთვის და ამასთანავე გაცნობებთ, რომ აღნიშნულ საკითხებთან მიმართებაში, საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს ეროვნული ბანკი იმოქმედებს საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით ( შემდგომში – „ორგანული კანონი“ ) განსაზღვრული უფლებამოსილებისა და კომპეტენციის ფარგლებში.
ამასთან, მოგახსენებთ, რომ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. შესაბამისად, პირის სახელზე არსებული სესხის/კრედიტის მომსახურების პირობები მხარეთა შორის შეთანხმების საგანია.
აქვე, მოგახსენებთ, რომ „ფინანსური ორგანიზაციების მიერ მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ბანკის პრეზიდენტის 2021 წლის 09 მარტის №32/04 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის მე-20 პუნქტის თანახმად : „თუ ხელშეკრულებაში მოცემული პირობების შესაბამისად მოსალოდნელია სპეციფიკური საფინანსო პროდუქტის ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობების ცალმხრივი ცვლილება ან/და სხვა საფინანსო პროდუქტის ფასის ზრდა, გარდა ხელშეკრულებით წინასწარ განსაზღვრული და მომხმარებლის ქმედებით გამოწვეული გარემოებების დადგომის გამო ცვლილებისა/ფასის ზრდისა, ამ წესის მე-7 მუხლის მე-7 პუნქტით დარეგულირებული შემთხვევებისა, ასევე, როდესაც ამ მუხლის 21-ე პუნქტის შესაბამისად, მხარეები შეთანხმდებიან წინასწარი შეტყობინების ვალდებულების გაუქმებაზე, ფინანსურმა ორგანიზაციამ აღნიშნულის შესახებ მომხმარებელს, ასევე, კრედიტის უზრუნველყოფის საგნის მესაკუთრეს, თავდებს/სოლიდარულ თავდებს, თუ მომხმარებელი და მასზე გაცემული/გასაცემი კრედიტის უზრუნველყოფის საგნის მესაკუთრე სხვადასხვა პირია ან/და ვალდებულება უზრუნველყოფილია თავდებობით/სოლიდარული თავდებობით, სპეციფიკური საფინანსო პროდუქტის მნიშვნელოვანი პირობების ცვლილების შესახებ უნდა აცნობოს ცვლილების განხორციელებამდე არანაკლებ 2 ( ორი ) თვით ადრე, სხვა საფინანსო პროდუქტის ფასის ზრდის შემთხვევაში – არანაკლებ ერთი თვით ადრე, ხოლო ხელშეკრულებით წინასწარ განსაზღვრული და მომხმარებლის ქმედებით გამოწვეული გარემოებების დადგომის გამო ცვლილების/ფასის ზრდის შემდეგ ხუთი სამუშაო დღის ვადაში, ხელშეკრულებით გათვალისწინებული წინასწარი შეტყობინების ფორმით ყოველგვარი დამატებითი გადასახდელის გარეშე. ამ პუნქტის მიზნებისათვის მხოლოდ საჯარო სივრცეში განთავსებული განცხადება ხელშეკრულების პირობების ცვლილების შესახებ არ ჩაითვლება მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდებად. ფინანსური ორგანიზაცია არ აგებს პასუხს ამ პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნის შეუსრულებლობისთვის, თუ მომხმარებელთან, უზრუნველყოფის საგნის მესაკუთრესთან, თავდებთან/სოლიდარულ თავდებთან დაკავშირება/მისთვის ინფორმაციის მიწოდება ვერ ხერხდება ადრესატის მიერ საკონტაქტო ინფორმაციის ცვლილების გამო და/ან შეიცვალა უზრუნველყოფის საგნის მესაკუთრე და აღნიშნულის შესახებ მომხმარებელს და/ან ადრესატს არ უცნობებია ფინანსური ორგანიზაციისთვის“. ამავე მუხლის 21-ე პუნქტის მიხედვით კი, ფინანსურ ორგანიზაციასა და მომხმარებელს შორის ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე წინასწარი შეტყობინების ვალდებულების გაუქმება დასაშვებია, თუ საფინანსო პროდუქტის ხელშეკრულების პირობების ცვლილება ხორციელდება მომხმარებლის სასარგებლოდ.
ასევე, მოგახსენებთ, რომ ფინანსური ორგანიზაციების მიერ კრედიტის ამოღებასთან დაკავშირებით მომხმარებელთან დაკავშირებულ მესამე პირებთან ურთიერთობა, მათ შორის, რეგულირდება „ფინანსური ორგანიზაციების მიერ კრედიტის ამოღებასთან დაკავშირებული ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2022 წლის 17 თებერვლის №14/04 ბრძანებით დამტკიცებული კოდექსით, რომლის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად: „ფინანსური ორგანიზაცია კრედიტის ამოღებისას ვალდებულია დაიცვას ზნეობისა და საქმიანი ურთიერთობების საყოველთაოდ მიღებული ნორმები და იმოქმედოს კეთილსინდისიერების, გამჭვირვალობისა და სამართლიანობის პრინციპებიდან გამომდინარე“. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი, მომხმარებელთან, უფლებამოსილ პირთან, საკონტაქტო პირთან ან/და მომხმარებელთან დაკავშირებულ მესამე პირთან ფინანსური ორგანიზაციის მიერ განხორციელებული კომუნიკაციისას, ფინანსური ორგანიზაციის მიმართვას უნდა ჰქონდეს საქმიანი და ზრდილობიანი ფორმა.
ამასთან, იმ შემთხვევაში, თუ ადგილი აქვს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დარღვევის ფაქტს, მხარე უფლებამოსილია მიმართოს უშუალოდ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს“ ( მის.: საქართველო, თბილისი, 0105, ნატო ვაჩნაძის ქუჩა №7; ტელ.: (+995)0322421000; ელ. ფოსტა: office@pdps.ge ).
აქვე მოგახსენებთ, რომ ფინანსური ორგანიზაციების მიერ კონკრეტული შესაძლო კანონდარღვევის, მათ შორის, ზემოხსენებული ნორმატიული აქტებით განსაზღვრული მოთხოვნების შესაძლო დარღვევის შემთხვევის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ფინანსურ ორგანიზაციასთან საკითხის მოკვლევის მიზნით უნდა მოგვმართოს თავად მხარემ ან/და მისმა მინდობილმა პირმა/წარმომადგენელმა შესაბამისი წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განმსაზღვრელი დოკუმენტის ( მინდობილობა/რწმუნებულება ) საფუძველზე. ამასთან, ზემოხსენებული ორგანული კანონით განსაზღვრული მანდატის ფარგლებში საქართველოს ეროვნული ბანკი არ არის უფლებამოსილი ფინანსური ორგანიზაციის მიერ კონკრეტული სამართალდარღვევის ფაქტის აღმოჩენის შემთხვევაში ფინანსურ ორგანიზაციას დაავალოს მომხმარებლისთვის შესაბამისი კომპენსაციის გადახდა.
დამატებით მოგახსენებთ, რომ „ინფორმაციის კონფიდენციალურად მიჩნევის, მისი გაცემის წესისა და კონფიდენციალური ინფორმაციის ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 2021 წლის 1 ნოემბრის №4 დადგენილებით დამტკიცებული წესის მიხედვით, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებულ სუბიექტთან წარმოებული კორესპონდენცია ან/და შემოწმების/შესწავლის შედეგების შესახებ ინფორმაცია კონფიდენციალურია და არ ექვემდებარება მესამე პირებზე გამჟღავნებას.
მხარეთა შორის ნებისმიერი სადავო საკითხის არსებობის შემთხვევაში, მათ შორის შესაძლო სამართალდარღვევის შედეგად შესაბამისი კომპენსაციის მოთხოვნის მიზნით მხარე უფლებამოსილია საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით მიმართოს საქართველოს საერთო სასამართლოებს/დავის განმხილველ შესაბამის ორგანოებს.
პატივისცემით,
მომხმარებელთა მომართვებზე რეაგირების განყოფილება
მომხმარებელთა უფლებების დაცვის დეპარტამენტი
ზვიად გამსახურდიას სანაპირო №1, თბილისი 0114, საქართველო
+995 322 406 406
P.S. რა გვითხრა ახალი ეროვნულმა ბანკმა ?
საერთო ჯამში, ეროვნულმა ბანკმა მხოლოდ ფორმალურად უპასუხა ,,რიკო კრედიტთან” მიმართებაში არსებულ კითხვებს, რაც კიდევ ერთხელ გვაფიქრებინებს, რომ მთელი ამ სამართლებრივი სემანტიკის უკან დგას სურვილი ,,რიკო კრედიტისთვის” პასიურად ხელის დაფარებისა და პასუხისმგებლობის არიდებისა.
( გაგრძელება იქნება )
ირაკლი კერესელიძე, თამთა მაისურაძე
,,GEO NEWS”




