
ექსკლუზივი – ერმილე ნემსაძე ქართულ საზოგადოებას განსაკუთრებული სიფრთხილისაკენ მოუწოდებს რადიკალი ,,ქარტიის” მომხრეების ანტირუსული ისტერიის ფონზე
,,GEO NEWS” გთავაზობთ ინტერვიუს 2008 წლის ომის ვეტერან ერმილე ნემსაძესთან, რომელიც მრავალი წელია საფრანგეთში ცხოვრობს. როგორც ნემსაძე ამბობს, საფრანგეთიდან ქართული პოლიტიკა უბადრუკად გამოიყურება. ის ,,ნაციონალურ მოძრაობას” საქართველოს მოღალატეობრივ კავშირს უწოდებს, რომელიც ქვეყანას ანადგურებს.
ერმილე ნემსაძე: ჩემი აზრით, ,,ქართული ოცნება” და ,,ნაციონალური მოძრაობა” რეალურად ერთი ძალაა, რაც ჩემთვის კონკრეტული ფაქტებით დასტურდება, თუმცა ამაზე მოგვიანებით ვისაუბრებ. რაც შეეხება ,,ნაცმოძრაობას”, ეს სისხლიანი პარტია კარგა ხანია გასაუქმებელია, მისი ლიდერები კი, იმ უბედურებების გამო, რაც საქართველოს და ქართველ ხალხს მოუტანეს უნდა გასამართლდნენ. ჩვენ კარგად გვახსოვს წინა რეჟიმის სახე: სასამართლო, პროკურატურა, დაკარგული ტერიტორიები, უსამართლობა და ახალგაზრების დღისით მზისით ხოცვა. რეჟიმი, რომელმაც უამრავი ადამიანი აწამა ციხეებში. ,,ნაციონალური მოძრაობა” ,,გათახსირებული” პოლიტიკური ძალაა. ქართველ ხალხს არ დავიწყებია მათ მიერ ჩადენილი დანაშაულები და არასდროს აპატიებს. მმართველი პარტიის ის განცხადებები კი, რომ თუ,,ნაცებს” ხმას მისცემთ, ხელისუფლებაში დაბრუნდებიანო, სხვა არაფერია თუ არა ამომრჩევლის დაშინება. თუმცა ასე იყო წინა ხელისუფლებების დროსაც. რუსეთით გვაშინებდა სააკაშვილის რეჟიმი, შევარდნაძის ხელისუფლება კი, 90-იანი წლების განმეორებით გვემუქრებოდა.
–გადამწყვეტ არჩევნებამდე რამდენიმე დღე დარჩა. შეინარჩუნებს თუ არა ,,ქართული ოცნება” ხელისუფლებას ?
– რა თქმა უნდა. არჩევნებში ,,ქართული ოცნება” გაიმარჯვებს. სწორედ ამაზე მიუთითებს ჩატარებული კვლევები. რაც შეეხება ე.წ. ოპოზიციას, მათი შანსები ნულის ტოლია. აგერ, გიორგი მარგველაშვილი ,,ლელო”-სთან გაერთიანდა, თუმცა რეალურად ბიძინა ივანიშვილის პროექტია. სალომე ზურაბიშვილმა ,,ქართული ქარტია” შექმნა. სიმართლე გითხრათ, არ მგონია, რომ ზურაბიშვილი ივანიშვილის მარიონეტი იყოს – ზურაბიშვილი ფრანგული დაზვერვის პროექტია. შესაბამისად, არ მგონია, რომ პრეზიდენტი და ივანიშვილი ერთ თამაშს თამაშობდნენ, აქ საქმე ძალაუფლების გაყოფასთან გვაქვს.
–სხვათა შორის, ძალზედ საინტერესოა ქართულ პოლიტიკაში საფრანგეთის როლი…
-და ეს როლი ერთი შეხედვით არაფერია, მეორე შეხედვით კი, ყველაფერი. ქართული პოლიტიკის წამყვანი მოთამაშეები საფრანგეთთან არიან დაკავშირებული – არა მარტო საქართველოში, ევროპაშიც. მართალია, დღეს პრორუსული იარლიყების მიკერება ძალზედ პოპულარულია, თუმცა გაიხსენეთ, რომ ბიძინა ივანიშვილი, სალომე ზურაბიშვილი და სხვანი საფრანგეთის მოქალაქეები არიან, ბიზნესიც იქ აქვთ. თავად საფრანგეთშიც ასეა, თუ რაიმე კონსერვატიული მოსაზრება გამოიკვეთება, მაშინვე რუსულ იარლიყს მიაკრავენ. ეს ჩვეულებრივი ამბავია, აღარც მიკვირს.
სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყნის პოლიტიკა გარე ძალების ტყვეა. ჩვენ ვნახეთ ,,ენჯეოები”, რომლებიც ქართულ პოლიტიკაში უცხოეთიდან შემოსულ ფულს ხარჯავენ. საიდანაც კონკრეტული ინტერესები ტარდება, რასაც კონკრეტული ქვეყნის სპეცსამსახურები ქმნიან. მათ ჩვენს ქვეყანაში თავიანთი ინტერესები აქვთ. ჩვენ შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ ყველა ის არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც უცხოეთიდან ფინანსდება, უცხო ქვეყნის ინტერესებს ატარებს. ისინი სპეცსამსახურების წარმომადგენლები არიან.
აქვე მინდა გითხრათ, რომ თურქული სპეცსამსახურების ინტერესი საქართველოში, განსაკუთრებით აჭარაში დიდია. ამაზე მიუთითებს ისლამური სკოლების გახსნა, მედრესეებში ბავშვების აღზრდა და სხვა. თქვენ გახსოვთ, თურქეთის ელჩის მოთხოვნა – ბათუმში დიდგორობა არ აღგვეღნიშნა.
არჩევნების საკითხს, რომ დავუბრუნდე – სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოველდღიური საზრუნავია, რომ არჩევნებამდე მშვიდობიანად მივიდეთ. ფაქტია, რომ საქართველოში არეულობა თითქმის ყველა გარე ძალის ინტერესშია. აქ რუსეთის ინტერესიც არის, თუმცა დასავლეთის მეტად, რაც აშკარად გამოკვეთილია. ვატყობ, დღეს ამერიკიდან იგივე პროცესები ვითარდება, რაც ზვიად გამსახურდიას დროს იყო. სადილზე პრემიერის არ მიწვევა, საქართველოში იმ ძალების მხარდაჭერა, რომლებიც ქვეყანას ანადგურებენ და პრეზიდენტის ,,ქართული ქარტია” ( რომლითაც ტექნიკურ მთავრობას ქმნიან ) , აი, ეს ყველაფერი სწორედ ამ სცენარისკენ მიდის. ასევე, ,,ქართული ოცნების” ხელისუფლების მისამართით დაწესებული სანქციები.
–საუბარია, უვიზო მიმოსვლის გაუქმებაზეც…
-რაც შეეხება სანქციებს და ვიზალიბერალიზაციის შეჩერებას, ამით ქვეყანა არ დაიქცევა. ჩვენ ვცხოვრობდით ვიზალიბერალიზაციამდეც, არ იყო პრობლემა და ვიცხოვრებთ ამის გარეშეც. და საერთოდაც, ამჯერად ევროპას უფრო სჭირდება საქართველო, ვიდრე საქართველოს ევროპა. ასე რომ, ვიზალიბერალიზაციის ხელაღებით შეჩერების მექანიზმი არც ისე მარტივია. ეს მათი მხრიდან დაშინების მცდელობაა. თუმცა, მე არჩევნების შემდეგ კარგს არაფერს ველი, რადგან ის ოპოზიცია რომელიც ,,ქართულ ქარტიას” აწერს ხელს ( რომელსაც სათავეში სალომე ზურაბიშვილი ჩაუდგება ) არჩევნების შედეგებს არ აღიარებს, ისევე როგორც დასავლეთი. ეს არის მიზეზი, რომ ქვეყანაში რევოლუციური პროცესები დაიწყოს. ჩვენ საქმე გვაქვს არაერთგზის მოღალატე პოლიტიკოსებთან და პირებთან, რომლებმაც თავიანთი დოვლათი და პერსონა ქვეყნის ღალატის ხარჯზე შექმნეს.
–ანუ არჩევნების შემდეგ ქვეყანაში არეულობას ელით ?
-ვფიქრობ, სამოქალაქო ომი გარდაუვალია. ამ პოლიტიკოსების უკან გარკვეული ძალები დგანან. ისინი ფინანსდებიან საქართველოს მტრებისაგან. დღეს საზოგადოება გახლეჩილია. ღმერთმა დაგვიფაროს, მაგრამ დიდი შანსია, რომ 90-იანი წლები მონაგონი იყოს. ამით საზოგადოებას სიფრთხილისკენ მოვუწოდებ და არ ვაშინებ მათ.
რატომ არ ვსაუბრობთ იმაზე, რომ რუსეთი და სხვა მეზობელი სახელმწიფოები ამას სათავისოდ გამოიყენებენ ? შესაძლოა თურქეთმაც გამოიყენოს და პროცესში ჰუმანიტარული დახმარების თვალსაზრისით თურქი სამხედროების ჩარევა მოხდეს. ასევე, არ უნდა გამოვრიცხოთ აზერბაიჯანის ინტერესებიც. ეს რადიკალები იქამდე მიიყვანენ საქმეს, რომ საქართველოს რომელიმე მეზობელი ქვეყნისთვის დახმარების თხოვნა მოუწევს და როგორ ფიქრობთ, ვის სთხოვს დახმარებას ? ისტორიულ ოკუპანტ რუსეთს თუ თურქეთს ? სამწუხაროდ, ეს სცენარი დაწერილია.
–მძიმე სურათი დახატეთ…
-გეუბნებით მე თქვენ, სცენარი დაწერილია. სხვათა შორის, საქართველოში რუსეთის სპეცსამსახურებს ძალიან კარგად აქვთ საქმე და მათ აქ ,,ენჯეოები” არაფერში სჭირდებათ, რადგან თავიანთი აგენტურა ჰყავთ. დღეს საქართველოს უცხო ქვეყნის სპეცსამსახურები მართავენ.
თქვენ იცით, რომ საქართველოს ჰქონდა და აქვს მნიშვნელოვანი როლი კავკასიაში, რაც ,,დენთის კასრის” აფეთქებას ითვალისწინებს. დასავლეთის მთავარი ინტერესია, რომ ხანძარი უკრაინიდან კავკასიას გადაედოს, ხოლო კავკასიიდან შუა აზიას და ცეცხლის ალყა სრული მასშტაბით ამუშავდება. საქართველოს გეოპოლიტიკური როლი ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო, როგორც აზიისთვის, ისე ევროპისთვის. თუ მოხდება კავკასიის აფეთქება, რუსეთს ორ ფრონტზე ბრძოლა გაუჭირდება, რაც დამღუპველი შედეგის მომტანი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის. რუსეთთან ომი საქართველოსთვის კატასტროფაა. ჩვენ ამ საფრთხის წინაშე მანამდე ვიქნებით, სანამ უკრაინაში ომი ოფიციალურად არ დასრულდება.
დაბოლოს, მინდა ტერიტორიულ მთლიანობის აღდგენაზეც გითხრათ ორი სიტყვა. ეს წლების განმავლობაში შეუძლებელი იყო, თუმცა ახლა შესაძლოა მარტივიც კი იყოს. ჩვენ უნდა დავაკვირდეთ რუსეთს, როგორც ქვეყნის მიმართულებას, თუ სად მიდის ის. მე ძნელად მახსენდება, რომ რუსეთზე დასავლეთს ასე მკვეთრად ექცია ზურგი. ყველამ კარგად იცის, რომ ქართველებისთვის მთავარი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაა და თუ ეს პრობლემა მოგვარდება, რუსეთ-საქართველოს შორის მრავალწლიანი კონფლიქტიც ამოწურულია.
ირაკლი გუნია, ქეთი ხომერიკი