
ექსკლუზივი – სადაზღვევო კომპანია იმედი L საკუთარ ხარვეზებს ჯპს-ის სააფთიაქო ქსელს აბრალებს ?
ჩვენს მკითხველს მოეხსენება, რომ ,,GEO NEWS” ბოლო პერიოდია სადაზღვევო კომპანია იმედი L -ის საეჭვო საქმიანობაზე წერს.
როგორც დასტურდება სადაზღვევო კომპანია იმედი L- ის ხარვეზიან ფუნქციონირებას ბოლო არ უჩანს.
სავარაუდოდ, ამ სახის ხარვეზები, რასაც ეს კომპანია უშვებს, ერთიან ჭრილში დაორგანიზებული მასიური თაღლითობის ფორმას იძენს.
როგორც ჩვენს მიერ მოპოვებული უტყუარი ინფორმაციით დასტურდება, რასაც თავად იმედი L- ის ოფიციალური ცხელი ხაზიც ადასტურებს – ყოველთვიურად უნო/უნო+ -ის დაზღვეულებისათვის 40 % -იანი ფასდაკლება ფუნქციონირებს ფარმადეპო-სა და ჯპს-ის სააფთიაქო ქსელებში მედიკამენტებზე, თავის მოვლის, დეკორატიული კოსმეტიკის ან ბავშვის მოვლის 6 სასურველ პროდუქტზე.
სწორედ ამგვარი შეტყობინება მიიღო ჩვენი მედიის დამფუძნებელმა, რომელშიც მისი გამოყენების ვადად ამა წლის 4 სექტემბერი იქნა მითითებული. თუმცაღა, ჯპს-ის და ფარმადეპოს აფთიაქებში სპეციალური კოდის წარდგენის შემდგომ აუწყეს, რომ არავითარი ფასდაკლება არ არსებობს, რადგან კოდი იმედი L- ის სისტემაში არ იძებნება.
,,GEO NEWS” იმედი L- ს დაუკავშირდა.
,,დიახ, თქვენ გეკუთვნით ფასდაკლება. თქვენს მსგავსად ყველა ბენეფიციარს ეგზავნება ტექსტური შეტყობინებით ერთჯერადი კოდი, სადაც ასევე მითითებულია მისი გამოყენების ვადა. ჯპს-ის ან ფარმადეპოს ხარვეზი ხომ არ არის ? იქნებ ამიტომ ვერ შეძელით ამ სერვისის გამოყენება”? – გვეუბნება იმედი L – ის ოპერატორი.
გადატანილ უხერხულობას, რომ თავი დავანებოთ, რეალურად გამოდის ისე, რომ იმედი L საკუთარი ბენეფიციარების უნო/უნო+ – ის მომხმარებლებს უსინდისოდ ატყუებს, ხოლო როდესაც მომხდარის თაობაზე მათ ცხელ ხაზს მიმართავ ისრების გადატანა პროვაიდერი აფთიაქებისა და იქ არსებული ქაოსისადმი ხდება.
საბოლოო ჯამში, კონკრეტული დაზღვეული მოტყუებული და დაუცველი რჩება ამ სახის ორგანიზებული თაღლითური სქემის წინაშე, მაშინ როდესაც დაზღვევის ინსტიტუტის იდეაც იმაშია, რომ საკუთარ ბენეფიციარს პრობლემების გადაჭრაში სწრაფად და ეფექტურად დაეხმარო – იმედი L – ის დაზღვევა კი, ფაქტობრივად, საპირისპიროს აკეთებს და პრობლემების გადაჭრის ნაცვლად, საკუთარ ბენეფიციარებს პრობლემებსა და უხერხულობებს უგროვებს.
გასაოცარია, მაგრამ რაც უფრო მეტად ვუღრმავდებით იმედი L- ის საქმიანობას, მით უფრო მეტ ხარვეზსა და ზოგ შემთხვევაში, ორგანიზებულ უპასუხისმგებლობას ვხედავთ. მსგავსი ფაქტები ფართოდ სცილდება დიდი კორპორატიული კომპანიის ბუნებრივ და აუცდენელ ტექნიკურ გადაცდომებს და გადადის ისეთ კატეგორიაში, რასაც უპასუხისმგებლობა, გულგრილობა და საკუთარი ბენეფიციარების, უკაცრავად და, ფეხებზე დაკიდება ჰქვია.
უფრო მეტიც, არასრულწლოვანი ბენეფიციარის მშობლები ადგილზე ესაუბრნენ ჯპს-ის აფთიაქის პასუხისმგებელ პირს, რომელმაც მოიწადინა და არაერთხელ გადაამოწმა იმედი L- ის მიერ მოწოდებული კოდი საკუთარ სისტემაში, თუმცა ოპერატორმა იქვე განმარტა, რომ ეს მათი ხარვეზი არ იყო და სავარაუდოდ, ეს ყველაფერი სიყალბე იყო, ვერც მეორე და ვერც მესამე გადამოწმებაზე ვერაფერი დადასტურდებოდა, რადგანაც მსგავსი უსიამოვნება ჯპს-ის აფთიაქში იმედი L- ის სხვა არაერთ მომხმარებელსაც შეხვედრია.
საგულისხმოა, რომ დეფაქტო იმედი L ცდილობდა პასუხიმგებლობა ჯპს-თვის აეკიდებინა, მაშინ როდესაც ამ აფთიაქის გამართული ფუნქციონირება ჩვენი მონიტორინგის შედეგად არაერთხელ დადასტურდა.
საბოლოოდ, ყველაზე მეტად დაზარალებული იმედი L- ის 9 წლის ბენეფიციარი ბავშვი აღმოჩნდა, რომელსაც თვალის საჭირო წვეთებისთვის ( რასაც, სხვათა შორის, ასტიგმატიზმის დაავადების გამო, იმედი L არ უფინანსებს ) იმაზე მეტი მოლოდინი მოუწია, ვიდრე იმედი L-ის გამართული ფუნქციონირების შემთხვევაში იქნებოდა საჭირო.
,,GEO NEWS” კვლავაც განაგრძობს იმედი L – ის მსგავსი ქმედებებისა და კორპორატიული პრაქტიკის შემდგომ შესწავლას.
დანართის სახით წარმოგიდგენთ მტკიცებულებას – იმედი L- ის მიერ გამოგზავნილ ტექსტურ შეტყობინებას.
( გაგრძელება იქნება )
თამთა მაისურაძე
,,GEO NEWS”






