
ექსკლუზივი – სამბოში ჩემპიონი ჯაბა თურქია საკუთარი წარმატებით საქართველოს მომავალშიც ასახელებს
გზა პატარა ქალაქიდან დიდ ჩემპიონობამდე – ჯაბა თურქიას წარმატებაზე დღეს მთელი საქართველო საუბრობს.
23 წლის მოჭიდავე სამბოში მსოფლიო ჩემპიონია. წარმოშობით ფოთელმა მოჭიდავემ ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში გამართულ ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა და საქართველოს მორიგი გამარჯვება მოუტანა. მან 71 კგ წონით კატეგორიაში იასპარეზა და დამსახურებული ოქროს მედალიც მოიპოვა.
სააინფორმაციო სააგენტო ,,GEO NEWS” გთავაზობთ ექსკლუზიურ ინტერვიუს ჭიდაობა სამბოში მსოფლიო ჩემპიონ ჯაბა თურქიასთან, რომელიც გამარჯვების პირველ ემოციებს გვიზიარებს.
როგორც სპორტსმენი გვეუბნება, ეს წარმატება მისთვის მხოლოდ გამარჯვება არაა. ის ამაყობს და ბედნიერია, რომ საქართველოს დროშა უცხო ქვეყნის მიწაზე ააფრიალა და ქვეყნის სპორტული ისტორიის კიდევ ერთი გვერდი დაწერა. მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის მოპოვებას მონდომება, თავდაუზოგავი შრომა, პროფესიისადმი სიყვარული და პასუხისმგებლობის გრძნობა უძღოდა. ელიზბარი გრძნობდა პასუხისმგებლობას ქვეყნის მიმართ, რომლის სახელითაც ჩემპიონატზე იასპარეზა.
ჯაბა თურქია : საქართველოს სახელით ვასპარეზობდი 71 კილოგრამ წონით კატეგორიაში. ჯამში სულ ხუთი შეხვედრა ჩავატარე სომეხ, მოლდაველ, რუს თურქმენ და ყაზახ სპორტსმენებთან და მოვიპივე მსოფლიო ჩემპიონის ტიტული, რაც ჩემთვის ძალიან სასიხარულო და მნიშვნელოვანია.
მინდა ამ წარმატებისთვის მადლობა გადავუხადო ჩემს პირად მწვრთნელებს, ასევე, ნაკრების მწვრთნელებს, ექიმებს, გულშემატკივრებსა და ყველას, ვინც ამ გამარჯვებაში წვლილი შეიტანა.
ყველაფერი კი, 6 წლის ასაკში აღნიშნული სპორტული მიმდინარეობით დაინტერესების შედეგად დაიწყო. წლებთან ერთად იყო თავდაუზოგავი შრომა, რომელიც ჩემთვის წარმატების მომტანი აღმოჩნდა.
გამარჯვება უფრო ადვილია, ვიდრე ამ გამარჯვების შენარჩუნება. მზად ვარ, რომ ეს ტიტული დავიცვა, რადგან უკვე საკმარისი გამოცდილება მაქვს, რომელიც ჩემს კარიერულ წინსვლას ახალ მწვერვალზე აიყვანს.
მე, სპორტული ასპარეზიდან ვემსახურები საქართველოს სახელის მსოფლიოში გატანას და ამის გამო ძალიან ამაყი ვარ.
p.s. ჯაბა თურქია დღეს 23 წლისაა და მსოფლიო ჩემპიონის ტიტულს ატარებს, რაც კიდევ ერთი მოტივაციაა, იმისა რომ მიზნის მისაღწევად უნდა იბრძოლო და არ უნდა დანებდე – როცა დაეცემი ადგე და გზა გააგრძელო და რაც შეუძლებლად მიგაჩნია, შესაძლებლად უნდა აქციო.
,,GEO NEWS” ახალგაზრდა ჩემპიონს შემდგომ წარმატებას უსურვებს ჩვენი ქვეყნის სასახელოდ და ქართული გენის განსადიდებლად.
ირაკლი გუნია
,,GEO NEWS”





