
- By Keti Khomeriki
- In ინტერვიუ
ვინ და რატომ გეგმავდა ბიძინა ივანიშვილის მკვლელობას ?
პეტრე მამრაძე : ,, გაიხსენეთ მისი სიტყვები : მილიონ დოლარს მივცემ მას, ვინც ,, სნაიპერსკი ვინტოვკით “ მოკლავს ბიძინა ივანიშვილს ”
ტერორიზმისა და შეთქმულების მუხლებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პარალელურად გამოკითხვები საქალაქო სასამართლოშიც მიმდინარეობს. ტერორიზმისა და შეთქმულების მუხლებით მიმდინარე საქმესთან დაკავშირებით აქტიური საგამოძიებო მოქმედებების დაწყებიდან, მოწმის სტატუსით 20-ზე მეტი პირი გამოიკითხა. გამოკითხვები, ორ კვირაზე მეტია გრძელდება და გამოკითხულთა ნაწილმა პროცესი მაგისტრი მოსამართლის წინაშე, საქალაქო სასამართლოში გაიარა. მოგეხსენებათ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარეობს გამოძიება ტერორისტული აქტის მომზადების და სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად შეთქმულების ფაქტზე. ,, სუს”-ში აცხადებენ, რომ უწყება იძიებს უკრაინაში მყოფი საქართველოს ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნებისა და ძალოვანი უწყებების ყოფილი თანამშრომლების ორგანიზებითა და დაფინანსებით საქართველოში დანაშაულებრივი ქმედებების, მათ შორის, პარტია ,, ქართული ოცნების “ საპატიო თავჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტებს.
დგას თუ არა საქართველო საფრთხის წინაშე, ნამდვილად მზადდება თუ არა სახელმწიფო ხელისუფლების დამხობა და ბიძინა ივანიშვილის მკვლელობა ? ,, Geo News “ საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრს, ,, მართვის სტრატეგიული ინსტიტუტის ხელმძღვანელს, ანალიტიკოსს, პეტრე მამრაძეს ესაუბრა.
პეტრე მამრაძე : მე ადრეც მითქვამს, ახლაც ვიტყვი, სავსებით მოსალოდნელია რომ მიხეილ სააკაშვილმა და ბიძამისმა, თემურ ალასანიამ დაგეგმონ მსგავსი ტერაქტი. შეგახსენებთ, თემურ ალასანია რუსულ გამოცემებში ამბობდა : მიშა ჩემს გარეშე არც ერთ მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას არ იღებს, არ აღასრულებს. ეს ასეც იყო. დიახ, ასე ნიშნის მოგებით ამბობდა ეს ადამიანი ამას. გარდა ამისა, ჩვენ ყველას გვახსოვს ჩაწერილი სატელეფონო საუბარი, როგორც მახსოვს ვიდეოც ახლდა, სადაც თემურ ალასანია ემოციურად ამბობს, რომ მას მოთმინება აღარ შეუძლია, მისი მოთმინების ფიალა უბრალოდ აივსო. მისი სიტყვებია : მილიონ დოლარს მივცემ მას, ვინც ,, სნაიპერსკი ვინტოვკით “ მოკლავს ბიძინა ივანიშვილს.
– ბატონო პეტრე, ნუთუ წავლენ ამაზე ?
– დიახ, ეს სავსებით რეალურია. მინდა განვმარტო შემდეგი რამ : ჩვენ გვახსოვს ირაკლი ოქრუაშვილის ჩვენება: ვიყავი რა თავდაცვის მინისტრი პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გვითხრა რომ უნდა განვახორციელოთ ბადრი პატარკაციშვილის ლიკვიდაცია. ეს ლიკვიდაცია კი ბადრი პატარკაციშვილისვე ავტომობილში აფეთქებით უნდა განხორციელდეს. ჩვენ შეგვიძლია ასევე გავიხსენოთ ლაფანყურის სისხლიანი ამბავი, ფაქტობრივად ტერაქტი. და ეს მაშინ ხდებოდა, როცა უშიშროების სამსახურში სააკაშვილთან და მერაბიშვილთან მსახურობდა და მაღალ ხელფასს იღებდა საერთაშორისო დონის ტერორისტი აჰმედ ჩატაევი. ჩვენ ბევრი რაღაცის გახსენება შეგვიძლია, მაგრამ აქ მთავარი არის ის, რომ მე წლები ვაკვირდებოდი ამ ადამიანებს, ვიცნობ მათ და ვიცი, რომ მათთვის სხვა ადამიანის სიცოცხლე ( ვინც არ უნდა იყოს ის ) არაფერს ნიშნავს, თუ მათ ინტერესებში შედის მისი ლიკვიდაცია. დიახ, ამას დაგეგმავენ და ეცდებიან, რომ განახორციელონ, თანაც იმ მსოფლიოში, სადაც სნაიპერები გაცილებით ნაკლებ ფასად წავლენ ამის აღსრულებაზე, თუ მსგავსი დავალება მიეცათ. გადაუხადე ფული, არა მილიონი დოლარი, ასეთ სნაიპერებს რა გამოლევს.
– რატომ უნდათ ბიძინა ივანიშვილის ლიკვიდაცია ?
– მათ მიაჩნიათ და ამას რა თქმა უნდა თავის საფუძველი აქვს, რომ სწორედ ბიძინა ივანიშვილია ის ღერძი პარტია ,, ქართული ოცნებისა “, რომელმაც განაპირობა საქართველოში ხელისუფლების შენარჩუნება არჩევნების გაყალბების გარეშე. მეორე: არნახული ეკონომიკური ბუმი. საქართველომ ამ წლებში გაუსწრო ყველა ქვეყანას სამხრეთ კავკასიაში ერთ სულ მოსახლეზე შემოსავლით. გაუსწრო აზერბაიჯანს, რომელსაც ნავთობი და გაზი აქვს, სომხეთს, უკრაინასა და მოლდოვას. მივიღეთ კანდიდატის სტატუსი და ა.შ. და ამ ბატონებმა, გადასარევად იციან, რომ ბიძინა ივანიშვილია ღერძი, მისი ფაქტორია მთავარი. რომ არა ივანიშვილი ყველაფერი ჩამოინგრევა და მათ კიდევ ამის იმედი აქვთ. და მე არ ვიტყვი, რომ ეს მთლად უსაფუძვლო იმედია. ჩვენ ვიცით პიროვნების როლი როგორი შეიძლება იყოს ჩვენს პატარა ქვეყანაში და საქართველო არის მცირერიცხვოვანი ქვეყანა, ვიცით როგორი როლი აქვს პიროვნებას.
– თქვენი აზრით, მხოლოდ კეზერაშვილის და მერაბიშვილის თანხები ტრიალებს, თუ არის სხვა ძალებიც, რომლებიც აფინანსებენ სახელმწიფო გადატრიალების გეგმას ?
– ნამდვილად არ ვიცი ვისი თანხები ტრიალებს, მაგრამ ერთი რამ დაზუსტებით ვიცი, რომ ერთი ან ორი ადამიანის თანხებზე არ არის ,, ნაციონალური მოძრაობა “ ჩამოკიდებული. ,,ნაცმოძრაობაში ” მულტიმილიონერები არიან. გახსოვთ, გიული ალასანიამ ცხრაას ათასზე მეტი დოლარი ერთ ლობისტურ კომპანიას გადაუხადა, ცხადია ეს ნაწილია მთლიანად დახარჯული თანხებისა მხოლოდ იმისთვის, რომ სააკაშვილი მთელ მსოფლიოში გამოეცხადებინათ წამებულად. ადამიანად, რომელსაც შიმშილით კლავენ, სცემენ, აწამებენ და ა.შ. და მე ჩემი თვალით მაქვს წაკითხული, რომ სააკაშვილის დღეები დათვლილია და ორ სამ დღეში შეიძლება გვიანი იყოს მისი გადარჩენა.
– სხვათა შორის, სააკაშვილმა გააკეთა განცხადება : ,, ჩვენ ვემზადებით არა რევოლუციისთვის, ჩვენ უნდა მოვემზადოთ არჩევნებზე მისვლისთვის, არჩევნებზე დაკვირვებისთვის, ხმებისთვის ბრძოლისთვის”, შეაფასებთ ?
– იცით სააკაშვილს განსხვავებით ზოგიერთი მისი თანამზრახველისა და შემსრულებისგან დღესაც ჰყოფნის გონიერება და ხვდება, რომ დღეს არც დასავლეთი მოუწონებს ღია აგრესიულ განცხადებებს და არც მოსახლეობა. ნახეთ ,,ნაცმოძრაობაში” როგორ ცვლიან ტაქტიკას, არიქა, რუსეთის მოქალაქეები, რომ შემოვიდნენ საქართველოში კარგია და ა.შ. იქ სხედან მრჩევლები, მათ შორის უცხოელი მრჩევლებიც, იმ ,,ედისონ რისერჩის” არ იყოს, იქ იციან და ეუბნებიან, ახლა ასე თქვი, ახლა ისე თქვი, ახლა არ არის პოპულარული და არ მოგიწონებს საზოგადოება აგრესიულ განცხადებებს და ა.შ. მათ კი საკუთარი აზრი და კრედო არ აქვთ.
– როგორ ფიქრობთ, აღიკვეთა საფრთხე ?
– ამას გადაჭრით ვერასდროს იტყვი სულ რომ ,,სუს”-ის სტრუქტურების მუშაკი იყო, ან ხელმძღვანელი, მაგრამ პროფილაქტიკური სამუშაოები გატარებულია. გახსოვთ, გატენილი ასაფეთქებელი ნივთიერებით შემოვიდა მიკროავტობუსი, საიდან მოდიოდა ? ისევ და ისევ უკრაინიდან, ქართული კვალიც იყო იქ მყოფების…,, სუს”-მა ეს საფრთხე აღკვეთა. გვახსოვს, რამდენი მუქარა გაისმა, ღია, საჯარო უკრაინიდან. აი, ჩვენ ჩამოვალთ და მოგიწევთ პასუხისგება-ო. ასე რომ, როდესაც კანონით გათვალისწინებული მოსმენები მიმდინარეობს, როდესაც ,,სუს”-ის ხელში არის მასალა სატელეფონო თუ სხვა, სადაც ერთმანეთს ეუბნებიან, მოდი ასე ვქანთ, მოდი ისე ვქნათ, აქ იმაზე დაყრდნობა, რომ ეს საუბრები ალბათ უფრო ბაქი-ბუქობაა არ შეიძლება, ამის უფლება არ აქვთ პროფესიონალებს. ეს საუბრები უნდა მიიღონ სერიოზულად, რადგან მსოფლიო გამოცდილება მეტყველებს იმაზე, რომ ძალიან ხშირად ასეთი საუბრები ნამდვილია და უბედურებაც მოჰყვება ხოლმე.
– ანუ თქვენ თვლით, რომ დამკვეთი თემურ ალასანიაა ?
– ვფიქრობ, თემურ ალასანიას გარეშე მსგავსი გადაწყვეტილებები არ მიიღება, მსგავსი ნაბიჯები არ იდგმევა. კეზერაშვილი და მერაბიშვილი რას წარმოადგენენ გადასარევად ვიცი, თუმცა ამას ვერ გაბედავენ, ან არ გააკეთებენ, რადგან ამ მასშტაბის რაღაცეები ალასანიას გარეშე, რომ დასახონ მეეჭვება. გაიხსენეთ თემურ ალასანიას განცხადება: ჩვენ ხელში ვიღებთ ძალაუფლებას, ვქმნით კომიტეტს და ა.შ. მაშინ გასცა ბრძანება, რომ არავინ შევიდეს პარლამენტში. ალასანია ყვირილით გასცემდა ბრძანებებეს და იმუქრებოდა.
p.s. გაგრძელება იქნება…
ქეთი ხომერიკი