
- By Keti Khomeriki
- In მსოფლიო
ვლადიმერ პუტინი : ,,ვეთანხმები პრეზიდენტ ტრამპს, რომ უკრაინის უსაფრთხოება აუცილებლად უნდა იყოს უზრუნველყოფილი, რა თქმა უნდა, ჩვენ მზად ვართ ამაზე ვიმუშაოთ”
პუტინი უკრაინის კონფლიქტის მოგვარების განხილვის შედეგებზე :
,,ერთ-ერთი ცენტრალური საკითხი იყო უკრაინის გარშემო არსებული ვითარება. ჩვენ ვხედავთ აშშ-ის ადმინისტრაციის და პირადად პრეზიდენტ ტრამპის სურვილს, ხელი შეუწყონ უკრაინის კონფლიქტის მოგვარებას, მის სურვილს, ბოლომდე მიიყვანოს საქმე.
მე არაერთხელ მითქვამს, რომ უკრაინაში მიმდინარე მოვლენები დაკავშირებულია ჩვენი ეროვნული უსაფრთხოებისთვის ფუნდამენტურ საფრთხეებთან. უფრო მეტიც, ჩვენ ყოველთვის უკრაინელ ხალხს ძმებად მივიჩნევდით და ყველაფერი, ის რაც ხდება, ჩვენთვის ტრაგედია და ტკივილია. ამიტომ, ჩვენი ქვეყანა გულწრფელად არის დაინტერესებული ამის დასრულებით.
მაგრამ ამავე დროს, ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ იმისათვის, რომ უკრაინის კონფლიქტის მოგვარების პროცესი იყოს მდგრადი და გრძელვადიანი, უნდა აღმოიფხვრას კრიზისის ყველა ძირითადი მიზეზი, გათვალისწინებული უნდა იყოს რუსეთის ყველა ლეგიტიმური შეშფოთება და აღდგეს სამართლიანი ბალანსი უსაფრთხოების სფეროში ევროპასა და მთელ მსოფლიოში.
ვეთანხმები პრეზიდენტ ტრამპს, რომ უკრაინის უსაფრთხოება აუცილებლად უნდა იყოს უზრუნველყოფილი. რა თქმა უნდა, ჩვენ მზად ვართ ამაზე ვიმუშაოთ. მინდა იმედი ვიქონიო, რომ მიღწეული გაგება საშუალებას მოგვცემს, მივუახლოვდეთ ამ მიზანს და გავხსნათ გზა მშვიდობისკენ უკრაინაში.
ჩვენ ველით, რომ კიევი და ევროპის დედაქალაქები ამ ყველაფერს კონსტრუქციულად აღიქვამენ და არანაირ დაბრკოლებას არ შექმნიან. ისინი არ შეეცდებიან პროვოკაციებითა და კულისებში ინტრიგებით ხელი შეუშალონ მიმდინარე პროგრესს”.
ალასკის ქალაქ ანკორიჯში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მოლაპარაკებები ვიწრო ფორმატში დაახლოებით ორ-საათნახევარი მიმდინარეობდა. ლიდერების ერთობლივი პრესკონფერენციის შემდეგ, აშშ-ის და რუსეთის დელეგაციები მოლაპარაკებებს გაფართოებულ ფორმატში გააგრძელებენ.
მოამზადა – თამთა მაისურაძემ





