
ვლადიმერ პუტინმა აზერბაიჯანულ თვითმფრინავთან დაკავშირებული ტრაგედიის გამო წუხილი გამოხატა
მძიმე და ტრაგიკული დღეები აზერბაიჯანისთვის – ავიალაინერის კატასტროფასთან დაკავშირებით ახალი დეტალები ხდება ცნობილი.
რა გახდა აზერბაიჯანის ავიახაზების სამგზავრო თვითმფრინავის ავიაკატასტროფის მიზეზი, რომელსაც 35 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა ?
აზერბაიჯანში გლოვაა. დაღუპულებს პატივს მიაგებენ თბილისში, აზერბაიჯანის საელჩოში, სადაც სამძიმრის წიგნია გახსნილი.
მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს. გამოძიების წინასწარი ვერსიით, ავიალაინერის კატასტროფის მიზეზი რუსული თავდაცვის სისტემა გახდა.
აღნიშნულ ინფორმაციას აზერბაიჯანის მთავრობაზე დაყრდნობით დასავლური მედია ( როიტერსი, ევრონიუსი ) ავრცელებს, არაოფოციალური ინფორმაციით, თვითმფრინავს, რომელიც ბაქოდან გროზნოში მიფრინავდა რაკეტის ნამსხვრევები მოხვდა. ამ ვარაუდს კი ჩამოვარდნილ თვითმფრინავზე არსებული დაზიანებებიც ამყარებს, მაშინ როცა თვითმფრინავი რუსეთის საჰაერო სივრცეში იმყოფებოდა და უკრაინულ დრონებს იგერიებდა.
დავისა და განხილვის კიდევ ერთი საკითხია, რატომ არ მისცეს აზერბაიჯანის ავიახაზების ლაინერს გროზნოს აეროპორტში დაშვების საშუალება ? აზერბაიჯანელი დეპუტატი რუსეთისგან ბოდიშის მოხდას და კომპენსაციას ითხოვს.
ბოლო ინფორმაციით, რუსეთის და აზერბაიჯანის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.
ვლადიმერ პუტინმა და ილჰამ ალიევმა ყაზახეთში, ქალაქ აქთაუს აეროპორტთან, „აზერბაიჯანის ავიახაზების“ სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოვარდნასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.
კრემლის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ვლადიმერ პუტინმა ილჰამ ალიევს ბოდიში მოუხადა იმის გამო, რომ ტრაგიკული ინციდენტი რუსეთის საჰაერო სივრცეში მოხდა.
ამასთან, რუსეთის ლიდერმა კიდევ ერთხელ გამოთქვა ღრმა და გულწრფელი სამძიმარი დაღუპულთა ოჯახების მიმართ, ასევე დაშავებულებს სწრაფი გამოჯანმრთელება უსურვა.
კრემლის პრესსამსახურის ცნობით, საუბარში აღინიშნა, რომ „აზერბაიჯანის ავიახაზების“ თვითმფრინავი გროზნოში დაშვებას უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატების შეტევისა და რუსული საჰაერო თავდაცვის ოპერაციების დროს ცდილობდა.
„აზერბაიჯანულმა სამგზავრო თვითმფრინავმა არაერთხელ სცადა დაშვება გროზნოს აეროპორტში, ამ დროს გროზნოს, მოზდოკსა და ვლადიკავკაზს უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატები დაესხნენ თავს და რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ეს თავდასხმები მოიგერიეს“, – აღნიშნულია განცხადებაში.
კრემლის პრესსამსახურის განცხადებაში აღნიშნულია, რომ სატელეფონო საუბარი რუსეთის ინიციატივით შედგა.
ირაკლი გუნია





