
- By Keti Khomeriki
- In მსოფლიო
ვლადიმერ პუტინმა კიმ ჩენ ინს მიმართა – რუსი ხალხის სახელით, მინდა, მადლობა გადაგიხადოთ ნეონაციზმის წინააღმდეგ ბრძოლაში მონაწილეობისთვის
რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის ურთიერთობებმა ბოლო დროს განსაკუთრებული ნდობისა და მოკავშირეობის ხასიათი შეიძინა. ამის შესახებ პუტინმა კიმ ჩენ ინთან შეხვედრისას განაცხადა და აღნიშნა, რომ მოხარულია ჩრდილოეთკორეელ კოლეგასთან პირისპირ შეხვედრის შესაძლებლობით.
„ბოლო დროს ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობებმა განსაკუთრებული ნდობისა და მეგობრობის, მოკავშირეობის ხასიათი შეიძინა“, – განაცხადა, პუტინმა.
ამასთან, პუტინმა აღნიშნა, რომ ჩრდილოკორეელი ჯარისკაცების მონაწილეობა კურსკის ოლქის გათავისუფლებაში ნეონაციზმის წინააღმდეგ ბრძოლის ნაწილი იყო. მისივე თქმით, ჩრდილოკორეელმა ჯარისკაცებმა ამ ბრძოლაში მონაწილეობა კიმ ჩენ ინის პირადი ინიციატივით მიიღეს.
„რუსი ხალხის სახელით, მინდა, მადლობა გადაგიხადოთ ნეონაციზმის წინააღმდეგ ბრძოლაში მონაწილეობისთვის“, – განაცხადა პუტინმა.
თავის მხრივ, ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის ურთიერთობები ყველა მიმართულებით ვითარდება.
მოლაპარაკებებს ასევე ესწრებოდნენ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი, რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე იური უშაკოვი და რუსეთის ბუნებრივი რესურსებისა და გარემოს დაცვის მინისტრი ალექსანდრ კოზლოვი.





