
ზურაბიშვილი პროკურატურასთან კანონიერ ურთიერთობაზე უარს აცხადებს და დესტრუქციას აგრძელებს ?
საქართველოს კონსტიტუციის დამრღვევმა პრეზიდენტმა საქართველოს გენერალურ პროკურატურას და კანონის მოთხოვნების წინააღმდეგ სპეციალური ბრიფინგი მიუძღვნა.
გასაოცარია, მაგრამ ამ ქალბატონს ჰყოფნის თავხედობა, რომ საპროცესო ზედამხედველობის განმახორციელებელ ორგანოს მიმართ დაუსაბუთებელი აგრესია გამოხატოს და უსაფუძვლოდ დაესხას თავს. საფრანგეთის პენსიონერის თავხედობა ყოველგვარ ზღვარს სცდება.
ზურაბიშვილის განცხადებით, კადრები აჩვენებს, როგორ ჩატარდა ქვეყანაში 26 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნები.
როგორც ზურაბიშვილმა ბრიფინგზე აღნიშნა, ნებისმიერ ნორმალურ ქვეყანაში საგამოძიებო ორგანო თავად მოიპოვებს მტკიცებულებებს და არ ითხოვს მტკიცებულებებს პრეზიდენტისგან.
„აგერ არის პირდაპირი კადრები და ასეთი კადრები ყველას გინახავთ, ძალიან ბევრი ვრცელდება ყველა მხრიდან, ეს არის კადრები, რომელსაც არც ახსნა სჭირდება, არც – განმარტება. პირდაპირ იკითხება, რა ხდებოდა და როგორ ჩატარდა 26 ოქტომბრის არჩევნები. მტკიცებულებები, ბატონებო, პროკურატურა თურმე ჩემგან ელოდება მტკიცებულებებს. მე ვიცოდი, რომ, საერთოდ, პირიქით იყო, საგამოძიებო ორგანოს თვითონ უნდა მოეპოვებინა მტკიცებულებები.
კიდევ უფრო უცნაურია, პროკურატურა ცესკო-ს წუხილის საფუძველზე სთხოვს პრეზიდენტს მტკიცებულებებს. თურმე ცესკო შეურაცხყოფილია, იმიტომ, რომ მისი დისკრედიტაცია მიმდინარეობს. არადა, ამ მომენტში ცესკო-ში შეტანილია 1 100-ზე მეტი საჩივარი“,-განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
სალომე ზურაბიშვილმა რადიკალური ოპოზიციის ნარატივი კიდევ ერთხელ გაიმეორა და თქვა, რომ არჩევნები ერთმნიშვნელოვნად გაყალბდა.
შევახსენებთ, ქალბატონ სალომეს, რომ ნებისმიერ არჩევნებზე ნებისმიერ ქვეყანაში ინციდენტები ხდება. მთავარია ინციდენტების რაოდენობა და მათი საერთო ზემოქმედების ეფექტი მთლიანად არჩევნების შედეგზე, რაც საქართველოს შემთხვევაში მინიმალურზე ქვევით იყო, ხოლო რაც შეეხება მტკიცებულებებს, ამ ქალბატონის უვიცობა ყოველგვარ საზღვრებს გასცდა.
პირველი კურსის სტუდენტმაც კი იცის, რომ მოწმის ჩვენება ერთ-ერთ მთავარ მტკიცებულებად ითვლება. ე.ი. თუ პრეზიდენტი უარს აცხადებს გამოკითხვაზე მართმსაჯულების ორგანოში, ის რეალურად ჭეშმარიტების დადგენას ეწინააღმდეგება, რადგან სათქმელი არაფერი აქვს.
საერთო ჯამში, პრეზიდენტი მოქმედებს პრინციპით – იქით შეედავე, აქეთ შეგრჩებაო.
ირაკლი გუნია, ქეთი ხომერიკი





