
ზურაბ ხაჩიძე : ,,ხელისუფლება მძაფრ პოლიტიკურ ბრძოლებშია ჩართული იმ გარე და შიდა ძალებთან, რომელთა ინტერესებშიც არ შედის საქართველოს სუვერენულ სახელმწიფოდ არსებობა”
დღევანდელ დინამიკურ და გამოწვევებით სავსე ეპოქაში, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ისეთი ადამიანების ხედვა, რომელთაც ქვეყნის განვითარების პროცესებში მონაწილეობის მრავალწლიანი გამოცდილება და სახელმწიფოებრივი აზროვნება გამოარჩევთ. სწორედ ასეთი რესპონდენტია, ბატონი ზურაბი, რომლის პოზიციები ყოველთვის ეფუძნება ეროვნულ ფასეულობებსა და ქართული კულტურული იდენტობის ერთგულებას.
ჩვენი ინტერვიუ, თავისი ფორმატიდან გამომდინარე, ძირითადად ზოგად, ფუნდამენტურ საკითხებს შეეხო. მიუხედავად იმისა, რომ დასმულმა კითხვებმა და წინასწარ განსაზღვრულმა ჩარჩომ გარკვეულწილად შეზღუდა რესპონდენტი, ბატონმა ზურაბმა მაინც შეძლო მკაფიოდ წარმოეჩინა ის მთავარი აქცენტები, რაც დღეს ჩვენი საზოგადოების კონსოლიდაციისა და ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვისთვის არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი.
გთავაზობთ საუბარს მშვიდობის პოლიტიკაზე, ქველმოქმედების ეპოქალურ მნიშვნელობასა და იმ ღირებულებით ღერძზე, რომელიც სახელმწიფოს სტაბილურობას განაპირობებს.
,,GEO NEWS” მე – 9 მოწვევის პარლამენტის წევრს, ბატონ ზურაბ ხაჩიძეს ესაუბრა.
-ბატონო ზურაბ, თქვენ ყოველთვის გამოირჩეოდით ქართული კულტურისა და ფასეულობების აქტიური მხარდაჭერით. დღევანდელ რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში, როგორ აფასებთ „ქართული ოცნების“ და პირადად, ბატონი ბიძინა ივანიშვილის როლს ქართული იდენტობისა და სუვერენიტეტის შენარჩუნებაში ? თქვენი გადასახედიდან, რამდენად მნიშვნელოვანია ის „მშვიდობის პოლიტიკა“, რომელსაც გუნდი ასე თანმიმდევრულად ატარებს ?
-იყო დრო, როდესაც ბევრი სახელმწიფო, მათ შორის დღევანდელი ჰეგემონიც კი მსოფლიო რუქაზე ფიზიკურად არ არსებობდა, საქართველოში კი ოქროს ხანა ჰყვაოდა. ქართული იდენტობა, ქართული სახელმწიფოს სოციალურ, პოლიტიკურ, კულტურულ განვითარებასთან ერთად იქმნებოდა და ყალიბდებოდა, უდიდეს როლს ასრულებდა ქართულ ეკლესია.
გეოპოლიტიკურად იმდენად სტრატეგიული ადგილი უკავია საქართველოს, რომ ისტორიის სხვადასხვა პერიოდში, იმპერიებს ყოველთვის ჰქონდათ ჩვენი ტერიტორიის საკუთარი გავლენის სფეროში მოქცევის მცდელობა, გადარჩენისთვის უდიდეს ბრძოლებს ვაწარმოებდით.
ისტორიას ხომ განმეორებითობა ახასიათებს ? ანალოგიურ პერიოდს გავდივართ დღესაც, შეტევის მთავარი ობიექტი დღესაც ჩვენი იდენტობის ქვაკუთხედები, ოჯახის ინსტიტუტი, ქართული ეკლესია, განათლების სისტემა, ცივილურობის ტრადიციებია. კვლავ დიდ გამოწვევას წარმოადგენს გადარჩენა და ისეთი მშვიდობის უზრუნველყოფა, რომელიც გააჩენს სახელმწიფოს და მისი თითეული მოქალაქის განვითარების შესაძლებლობას.
ბ-ნ ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედების სფეროებს თუ გადახედავთ, ჩვენი ეროვნული იდენტობის შენარჩუნების მიმართულებითაც აღმოაჩენთ მის უდიდეს როლს კულტურის, განთლების და მეცნიერების დარგების, ქართული ეკლესიის თანადგომაში.
ის რომ დღეს ქართული სახელმწიფოს პოლიტიკას სწორად ქმნის და აწარმოებს ხელისუფლებაში მყოფი „ქართული ოცნების“ გუნდი, ნათლად აისახება მათ შორის „სამშვიდობო პოლიტიკაშიც“, ხელისუფლება მძაფრ პოლიტიკურ ბრძოლებშია ჩართული იმ გარე და შიდა ძალებთან, რომელთა ინტერესებშიც არ შედის საქართველოს სუვერენულ სახელმწიფოდ არსებობა.
-ხშირად საუბრობენ ბატონი ბიძინა ივანიშვილის უპრეცედენტო ქველმოქმედებაზე, რომელიც მხოლოდ ფინანსური დახმარება არაა, ეს არის ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის გადარჩენის საქმე. როგორც ადამიანი, რომელიც კარგად იცნობს ამ პროცესებს შიგნიდან, როგორ ფიქრობთ, რა არის ის მთავარი მამოძრავებელი ძალა, რაც მას აიძულებს საკუთარი რესურსი სრულად ქვეყნის ინტერესებსა და მის ხვალინდელ დღეს დაუმორჩილოს ?
-მისი უპრეცენდენტო ქველმოქმედების მასშტაბები, ხომ უზარმაზარია და თითქმის ყველა სფეროს მოიცავს – რუდუნებით უფრთხილდება ყოველივე ქართულს, გადაჭარბების გარეშე გეტყვით, სამშობლოზე უზომოდ შეყვარებული მამულიშვილია თვითონაც და მისი ოჯახის ყველა წევრიც.
სიცოცხლის საფრთის მიუხედავად, სამშობლოს რომ დაჭირდა ოჯახთნ ერთად დადგა ხალხის გვერდით, ასეთ ქმედებას თავგანწირვა ჰქვია.
ჩვენი ქვეყნის ისტორიისთვის, ბ-ნ ბიძინა ივანიშვილი ეპოქალური პიროვნებაა.
-თქვენი პოლიტიკური გამოცდილება საშუალებას გაძლევთ ობიექტურად დაინახოთ მმართველი გუნდის განვითარების დინამიკა. როგორ ფიქრობთ, რა არის ის მთავარი ღირებულებითი ღერძი, რომელიც „ქართულ ოცნებას“ ასეთ მყარ ერთიანობას უნარჩუნებს და რატომ არის დღეს, ისე როგორც არასდროს, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საზოგადოების კონსოლიდაცია სწორედ ამ გუნდის ირგვლივ ქვეყნის სტაბილური განვითარებისთვის ?
-გამომდინარე იქიდან, რომ სახელმწიფოს განვითარების ამოცანები სულ უფრო მეტ ძალისხმევას მოითხოვს, „ქართული ოცნების“ გუნდი მუდმივი განვითარების რეჟიმშია, და ეს ასეც უნდა იყოს, იზრდება ახალი თაობაც.
როდესაც პოლიტიკური გუნდი ცდილობს ღირებულებით ღერძად საქმის სუფთად და პატიოსნად კეთება აქციოს, მას ყოველთვის ექნება ამომრჩეველთა და მხარდამჭერთა სიმრავლე, ნათელი მაგალითია ხელისუფლებაში დღეს მყოფი მმართველი გუნდი პრემიერ მინისტრის, ბ-ნ ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, მათ დაუნდობელი ბრძოლა აქვთ გამოცხადებული სახელმწიფოს ინსტიტუტების გამართული საქმიანობის ხელის შემშლელ ყველა ფაქტორთან და დანაშაულებებთან, განსაკუთრებით კორუფციასთან და ნარკომანიასთან.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს ისიც, რომ საქართველოს გარშემო იმდენი ცხელი წერტილი წარმოიშვა, რომ ხელისუფლების მიერ დიდი შრომით შექმნილ მშვიდობიან გარემოს მოფრთხილება უნდა, ხელისუფლების და ერთმანეთის თანადგომა თითოეული ჩვენი მოქალაქის სოციალური პასუხისმგებლობაა.
ქეთი ხომერიკი
,,GEO NEWS”





