
თამაზ ელიზბარაშვილი : ,,ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ დღეს საქართველოში ახალი ზვიადი და ახალი მერაბი დაბადებულიყვნენ, რომლებიც ამ ბავშვებს შორის დადიან”
ბიზნესმენი და მიუსაფარ ცხოველთა უფლებების დამცველი ბატონი თამაზ ელიზბარაშვილი იმდენად საინტერესო პიროვნებაა, თავისი განვლილი ცხოვრებითა და მნიშვნელოვანი გამოცდილებით, მიუხედავად რედაქციისგან განსხვავებული პოლიტიკური პოზიციისა, ,,GEO NEWS”-მა მაინც საჭიროდ ჩათვალა, საკუთარი პლატფორმა მისთვის დაეთმო, რამეთუ მტკიცედ გვჯერა, რომ ჭეშმარიტება მხოლოდ განსხვავებულ მოსაზრებათა ჭიდილში იბადება, მით უფრო, როდესაც რესპონდენტი ისეთი ერუდიციითაა გამორჩეული, როგორითაც ბატონი თამაზი.
-ბატონო თამაზ, მოდით, ჩვენი ინტერვიუ მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების შეფასებით დავიწყოთ. ტრამპის ახალი რეალობით, რა არის ამ ცვლილებების სავარაუდო ასახვის პერსპექტივა ჩვენს რეგიონში, უშუალოდ საქართველოზე ვისაუბროთ…
-მე ამის სპეციალისტი არ ვარ, მაგრამ როგორც მოქალაქემ, რომელიც ყურადღებით აკვირდება მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებს და აანალიზებს, შემიძლია გითხრათ შემდეგი :
ბუნებრივია, ყველა ქვეყანა ცდილობს, რომ საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე იმოქმედოს, შესაბამისად, ვფიქრობ, ტრამპიც იგივეს გააკეთებს. რას იზამს ? იგივეს, რაც საკუთარი პირველი პრეზიდენტობის დროს ბიზნესის მიმართულებით გააკეთა – ცდილობდა დაებრუნებინა დიდი კომპანიები, რომლებიც ამერიკიდან გასულები იყვნენ და გადასახადებს ჩინეტის ბიუჯეტში იხდიდნენ. ტრამპის პოლიტიკა იყო, რომ ეს კომპანიები ისევ ამერიკაში დაებრუნებინა და ამით აშშ-ს მეტი მოგება ენახა. რაც ბუნებრივია აშშ-ს გააძლიერებს და ამერიკის ბიუჯეტზე იმოქმედებს. ჩემი აზრით, სწორედ ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ამერიკელებმა ტრამპს მხარი დაუჭირეს.
-ჩვენს რეგიონში ტრამპის ფაქტორის გათველისწინებით, როგორ ფიქრობთ, რუსეთის გავლენა შეიძლება უფრო გაძლიერდეს თუ შესუსტდეს ? როგორია თქვენი ხედვა და ამ თვალსაზრისით, რამდენად გვმართებს ჩვენ, ქართველებს წინდახედულება რუსეთთან ურთიერთობაში ?
-მე კვლავ ბიზნესის კუთხით გიპასუხებთ, რადგან დიდი გამოცდილება მაქვს და შემიძლია კომპეტენტურად გითხრათ სათქმელი. საქართველო მსოფლიოში მიმდინარე პროცესებიდან ცალკე განხილული ვერ იქნება და ყველაფერი, რაც აქ ხდება, საერთო კონტექსტში უნდა იქნას დანახული და გაანალიზებული. ამას ანაკლიის პორტის მაგალითით აგიხსნით – ძალიან მარტივი ენით თუ ვიტყვით, ჩინეთმა საქართველოში ამერიკა დაამარცხა, ანუ თავდაპირველად კონსორციუმის სახით ამერიკელები იყვნენ წარმოდგენილნი, ახლა კი ანაკლიის მშენებლობა ჩინელების ხელშია. ტრამპი ამას რეაქციის გარეშე არ დატოვებს, ის ამერიკელი ხალხის კეთილდღეობისათვის მუშაობს და სწორედ ამ კეთილდღეობაში მოიაზრება ის ამბავი, რაზეც ახლა ჩვენ ვსაუბრობთ, ანუ რაც შეიძლება მეტ ქვეყანაში იყოს ამერიკის ინტერესები დომინანტური, ვიდრე რუსეთის, ან ჩინეთის. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ამერიკელების დომინაცია საქართველოში გაგრძელდება.
-როგორ ფიქრობთ, რატომ მიანიჭა ქართულმა მხარემ პრიორიტეტი ჩინურ კომპანიას ?
-თქვენ როგორ გგონიათ ჩინეთის გარდა, კიდევ ვის აწყობდა, რომ ეს პროექტი ჩინელებისთვის მიეცათ ? რა თქმა უნდა, რუსეთს. აქ ისიც გასათვალისწინებელია, რომ ,,ბრიქსის” კავშირი ჩვენს რეგიონში დომინირებას ცდილობს, ამიტომაც ქართველებმა ერთმნიშვნელოვანი არჩევანი უნდა გავაკეთოთ პროგრესულ, დემოკრატიულ, ცივილურ დასავლეთსა და ველურ აღმოსავლეთს შორის.
–მოდით, ამ კონტექსტში ჩვენს რეალობას დავუბრუნდეთ. გვითხარით, როგორია თქვენი ხედვა ამ თვალსაზრისით, იმის ფონზე რაც ხდება და როგორც ვითარდება მდგომარეობა. რა მოლოდინები გაქვთ ?
-ჩემი ხედვა არის ძალიან მარტივი. ყველასთვის გასაგებ ენაზე გეტყვით – ნებისმიერ დაავადებას იმ შემთხვევაში უმკურნალებ, თუ დიაგნოზი იცი და ახლა, რაც ხდება ჩვენ ჯერ დიაგნოზი არ გვაქვს დასმული, ანუ რამ გამოიწვია ეს ვნებათაღელვა, რა არის მიზეზი…რამ გამოიყვანა ეს ახალგაზრდები ქუჩაში ? ეს თობა საბჭოთა კავშირის დროს არ დაბადებულა. ისინი თავისუფალ ქვეყანაში დაიბადნენ. მათ უმეტესობას სიტყვა პასუხი არ უჭირს და ჩვენს თაობაზე ბევრად განათლებულები არიან. განათლება ევროპაში აქვთ მიღებული და ანალიზი არ უჭირთ.
-ზუსტად ასეთი ახალგაზრდების გამოყენების მცდელობასთან ხომ არ გვაქვს საქმე, როდესაც ყველაფერი იმდენად დაიძაბება, რომ შედეგი ჩვენს საერთო საქართველოს დააზიანებს ?
-არ მგონია, რომ ვინმემ ამ ახალგაზრდების გამოყენება შესძლოს. მათ ზუსტად იციან რაც უნდათ. რომ არ ყოფილიყო ასეთი მოძრაობა 90-იანებში, რაც ახლა ხდება, ახალი ეროვნული მოძრაობა, მაშინ საქართველო დამოუკიდებელი ვერ გახდებოდა.
ჩვენ, რომ თავის დროზე ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანება მოგვესწრო, არ დავკარგავდით არც აფხაზეთს და არც სამაჩაბლოს.
ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ დღეს საქართველოში დაბადებულიყვნენ ახალი ზვიადი და ახალი მერაბი, რომლებიც ამ ბავშვებს შორის დღეს დადიან. მთავარია საქართველო ისევ საბჭოთა კავშირში არ დაბრუნდეს. ახლა ყველა დასავლური ქვეყანა გვეხმარება და ბოლომდე გვერდში გვიდგას, მაგრამ რას აკეთებს ხელისუფლება, როდესაც მოლაპარაკებებს 4 წლით აჩერებს ? მე, ამ ნაბიჯით მოტანილი სიკეთის არ მჯერა, ისევე როგორც საპროტესტო აქციაზე მდგარ ადამიანებს. ამიტომაც დავდექი ამ ახალგაზრდების გვერდით და მჯერა მათი.
ყველა დასავლური დიდი ქვეყნის სპეცსამსახური აკვირდება მდგომარეობას საქართველოში და საკუთარ ხელმძღვანელობას ინფორმაციას აწვდის რატომაც ხდება არჩევნების არ აღიარება, ამიტომ ისინი არჩევნების ლეგიტიმაციას ეჭვქვეშ აყენებენ, თუმცა ჩემთის გადამწყვეტი ფაქტორი არჩევნები კი არა, არჩევნების შემდგომ ევროინტეგრაციის პროცესის 4 წლით გადადება აღმოჩნდა, რის გამოც ამ ახალგაზრდების გვერდით მეც აღმოვჩნდი. მე აღარ მჯერა ამ მთავრობის.
–თქვენ დასავლური სპეცსამსახურები ახსენეთ, მაგრამ როგორც მოგეხსენებათ, ქართული სპეცსამსახური საფრთხეების დაზღვევაზე მუშაობს. საუბარია, სავარაუდო ,,საკრალურ მსხვერპლზე” და ამით რადიკალური დაჯგუფებების პოზიციების გამყარებაზე….
-სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური სერიოზული ორგანო უნდა იყოს და არა ჭორებზე დაყრდნობილი ინფორმაციის გამავრცელებელი. თუ აქვთ ფაქტები, რომ საქართველოში ვიღაც ამ მიმართულებით მუშაობს, რომ სამოქალაქო ომი გაჩაღდეს, მაშინ მათ ეს ყველაფერი საჯარო უნდა გახადონ, რათა მე და ჩემნაირებმა დავინახოთ, რომ ის ვიღაც ცუდი ადამიანი ცდილობს, რომ საქართველოში სამოქალაქო ომი გაჩაღდეს და მერე ჩვენ მივიღებთ ჩვენს გადაწყვეტილებას – რა გავაკეთოთ, გავაგრძელოთ ბრძოლა თუ არა და რა გზით.
-დაბოლოს, ბატონო თამაზ, ისე ვერ დაგემშვიდობებით თქვენს კეთილშობილურ საქმეზე, მიუსაფარი ძაღლების პატრონობაზე და ამ სფეროში არსებულ პრობლემებზე, რომ არ გკითხოთ….
-ჩვენ ბოლო 8 წელია ხმალამოღებული ვიბრძვით შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ კანონის მიღებაზე, რომელიც მმართველმა პარტიამ არ გვაღირსა, მიუხედავად იმისა, რომ კანონპროექტი პარლამენტში დევს. დიახ, საკომიტეტო მოსმენებს ვერ გავცდით და შედეგი, სამწუხაროდ, მე-10 მოწვევის პარლამენტმაც ვერ დადო. ისეთი განუკითხაობა, რაც ჩვენს ქუჩებში ხდება, ამდენი უპატრონო ძაღლი გარეთ, რომ დარბის, ეს მხოლოდ ბნელ და დაქცეულ ქვეყნებში თუ ხდება, ევროპაში სად გინახავთ ამდენი უპატრონო ძაღლი ? ყველა პრობლემის მიუხედავად, მიუსაფარ ცხოველებზე ზრუნვა უფლისაგან ბოძებული ადამიანური სიკეთის გამოვლნის საშუალებაა.
ირაკლი გიორგაძე, გიორგი კორძაძე





