
თამთა მეგრელიშვილი : ,,სანქცია მყეფარე ძაღლის ფუნქციას ასრულებს, საქართველო კი საკუთარი მიზნისკენ გზას განაგრძობს, მიზნისკენ, რომელიც მშვიდობას, ეკონომიკურ წინსვლას და საქართველოს გამთლიანებას გულისხმობს”
ჩვენი დღევანდელი რესპონდენტი გამორჩეული იურისტი და საზოგადო მოღვაწე, ქალბატონი თამთა მეგრელიშვილია, რომლის პირველმა ინტერვიუმ ჩვენს მედიაში – მკითხველში დიდი ინტერესი გამოიწვია და დღესაც მასთან მიმდინარე აქტუალურ თემებზე ვისაუბრეთ, რაც არანაკლებ საინტერესო და ბევრი სიახლის მომცველი გამოვიდა.
–ქალბატონო თამთა, რა ახსნა ან მიზანი შესაძლოა ჰქონდეს ახალ ბრიტანულ სანქციებს და რამდენად აქვს პოტენციალი შეარყიოს საქართველოს მდგრადობა ?
–პირადად ჩემთვის ბრიტანეთის მიერ სანქცირებულთა წრის ზრდა მოულოდნელი არ ყოფილა, რადგან საზოგადოებას კარგად მოეხსენება, რომ ტრამპის მიერ გატარებული მკაცრი პოლიტიკის შემდეგ, რომელმაც აშშ-ში deep state-ის ძალაუფლება შეზღუდა და სახელმწიფო პოლიტიკაზე ზეგავლენის მოხდენის ბერკეტი ჩამოართვა, მათ ევროპაში, კერძოდ, დიდ ბრიტანეთში გადმოინაცვლეს და საკუთარი პოლიტიკის განვრცობას ბრიტანეთიდან ცდილობენ. არის ორგანიზაცია ჩეთემ ჰაუსი, რომელმაც usaid-ი და ned-ი ჩაანაცვლა. აღნიშნულის გათვალისწინებით, ლოგიკურია, რომ გარკვეულ გადაწყვეტილებებში და ქმედებაში ბრიტანეთი ერთგვარ მედროშედ მოგვევლინა, რომელიც სხვისთვის მაგალითის მიმცემი უნდა იყოს.
ალბათ გახსოვთ, რამდენიმე კვირის უკან დიდ ბრიტანეთში ვიზიტით სალომე ზურაბიშვილი იმყოფებოდა, იქ ასევე სტუმრობდა რამდენიმე ქართველი ოპოზიციონერი, ახლა ისინი დირექტივებს ბრიტანეთიდან იღებენ, რადგან მათმა პატრონებმა იქ გადაინაცვლეს.
–როგორც ვხედავთ გამორჩეულ პროფესიონალებს ასანქცირებენ, რაც ტარგეტირებული გამორჩევაა ქვეყნის ყველაზე ეფექტური კადერებისა სახელისუფლებო სისტემაში, რაც შეიძლება აღმოჩნდეს კიდეც სუვერენიტეტზე თავდასხმაც ?
-რაც შეეხება სანქცირებულთა პროფესიონალიზმს და კომპეტენციას, მათ ეს ადამიანები მიზანმიმართულად დაასანქცირეს, რადგან ხედავენ, რომ დღეს ძალოვანი უწყებები მოწოდების სიმაღლეზე არიან და ქართველ ხალხთან ერთად deep state-ს დიდ წინააღმდეგობას უწევენ, შესაბამისად, მათ ამ ხალხის განეიტრალება სურთ, მაგრამ ავიწყდებათ, რომ სანქციებით სამშობლოს სიყვარულს და ერთგულებას ვერ მოერევი.
სანქცია ცალსახად უსიამოვნო მოვლენაა, თუმცა მას საქართველოს ინსტიტუციურ მდგრადობაზე გავლენის მოხდენა არ შეუძლია, ამ კუთხით დიდ ცვლილებებს არ ველოდები, როგორც ამბობენ, ძაღლი ჰყეფს, ქარავანი მიდის. სანქცია მყეფარე ძაღლის ფუნქციას ასრულებს, საქართველო კი საკუთარი მიზნისკენ გზას განაგრძობს, მიზნისკენ, რომელიც მშვიდობას, ეკონომიკურ წინსვლას და საქართველოს გამთლიანებას გულისხმობს.
ცალსახაა დღეს საქართველო არის დამოუკიდებელი სუვერენული ქვეყანა, ხელისუფლებაშია გუნდი, რომელმაც საქართველოს სუვერენიტეტი განამტკიცა და ისინი მის დაკარგვას არ დაუშვებენ !
რა თქმა უნდა, სანქციები და მსგავსი სახის მცირე დარტყმები უსიამოვნოა, მაგრამ ამავდროულად უმნიშვნელოა, რომელიც საქართველოს სუვერენიტეტს ვერაფერს დააკლებს, პირიქით უფრო განამტკიცებს და სრულად გააშიშვლებს გლობალური ომის პარტიას, ეს პროცესი უკვე დაწყებულია და ყველა ხედავს, რომ დასავლეთი საკუთარ გადაწყვეტილებებში ორმაგი სტანდარტით მოქმედებს, რაც პირველ რიგში, მათთვის არის საფრთხისშემცველი, რადგან მათ პოლიტიკურ იმიჯს ურტყამს და მათ ,,წონას” ამცირებს.
-დაბოლოს, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობამ ბევრი თავის ტკივილი გაუჩინა ნაციონალურ აგენტურას საქართველოში, როგორ შეაფასებდით კომისიის საქმიანობას და რა შედეგზე შეიძლება გავიდეს კომისია ?
-დიახ, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის ეფექტურმა მუშაობამ ბევრი თავის ტკივილი გაუჩინა ნაიონალურ აგენტურას, რადგან ამ პროცესში საკუთარი სურვილით ჩართული ადამიანები საჯაროდ, ყველას გასაგონად ყვებიან საკუთარ უბედურებაზე და ,,ნაციონალური მოძრაობის” როგორც მკვლელი, სისხლიანი, რეჟიმის მძიმე ხელწერაზე მათ მიმართ.
დარწმუნებული ვარ, ამ კომისიის მუშაობის შემდეგ შეიქმნება დოკუმენტი, რომელიც ახალ მორალურ და სამართლებრივ სტანდარტს დაადგენს, იმაზე თუ როგორი არ უნდა იყოს ხელისუფლებაში, თუნდაც რევოლუციის გზით, მოსული ძალა და ისტორიულ მეხსიერებას აუცილებლად დარჩება პოლიტიკური დოკუმენტი, რომელიც გაანალიზებს განვლილს და იქნება გზამკვლევი, გნებავთ უკეთესი მომავლის ერთგვარი ინსტრუქციაც – იმაზე რომ ,,ნაციონალური მოძრაობა” , როგორც ჯალათობრივი სისტემა წარსულს ზუსტი სახელით შერჩეს.
ირაკლი კერესელიძე





