
„თბილისობა 2025“ 20-21 სექტემბერს გაიმართება – ღონისძიების მთავარი ლოკაციები რიყის პარკი და ორბელიანის მოედანი იქნება
სახალხო დღესასწაული „თბილისობა 2025“ დედაქალაქში წელს 20-21 სექტემბერს გაიმართება. ღონისძიების მთავარი ლოკაციები რიყის პარკი და ორბელიანის მოედანი იქნება.
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, რიყის პარკში და ორბელიანის მოედანზე მისულ სტუმრებს ტრადიციულად დახვდებათ თემატური დეკორაციები, მოცულობითი ინსტალაციები და ფოტოზონები.
„ორივე ლოკაციაზე მოეწყობა ღია კინოთეატრი, სამეწარმეო მარკეტი, გასტრონომიული და ღვინის ფესტივალები. დღის განმავლობაში ასევე გაიმართება საბავშვო კონცერტები, გასართობი და სპორტული აქტივობები, მუსიკალური საღამოები და თეატრალიზებული წარმოდგენები. გარდა ამისა, რიყის პარკში საესტრადო შემსრულებლების მრავალფეროვანი მუსიკალური პროგრამა დაგხვდებათ, ხოლო აბანოთუბანში წარმოდგენილი იქნება გამოფენა-გაყიდვა – „თბილისური მრავალფეროვნება“,“ – განაცხადა კახა კალაძემ.
ამასთან, 20 სექტემბერს, 20:00 საათზე თბილისის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონია გაიმართება, ხოლო 21 სექტემბერს, 20:00 საათზე ევროპის მოედანზე 2025 წლის „თბილისობა“ გრანდიოზული საზეიმო კონცერტით დასრულდება.





