
- By Keti Khomeriki
- In პოლიტიკა
თენგიზ შარმანაშვილი – უკრაინის პრეზიდენტსაც კი მოუწია თქმა, რომ ორი არჩევანია, მოკავშირის ან ღირსების დაკარგვა, საქართველო ამ ვითარებაში რომ არ აღმოჩენილიყო, ყველა ნაბიჯი გადავდგით
უკრაინის პრეზიდენტსაც კი მოუწია იმის თქმა, რომ ორი არჩევანიაო – ან დავკარგოთ სტრატეგიული მოკავშირე, ან ღირსება. ჩვენ ამას ვწინასწარნეტყველებდით. ვიცოდით, რომ საქმე აქამდე მივიდოდა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა აშშ-ის „სამშვიდობო გეგმასთან“ დაკავშირებით განაცხადა.
შარმანაშვილის თქმით, საქართველოს ხელისუფლებას რომ ის ნაბიჯები გადაედგა, რასაც ოპონენტები სთავაზობდნენ, ქვეყანა ასეთ სავალალო და უარეს მდგომარეობაში აღმოჩნდებოდა.
„პროგნოზის გაკეთება ძალიან რთულია და ალბათ არც ღირს, მაგრამ აქ საუბარია იმაზე, უკრაინა რა სავალალო ვითარებაში ჩავარდა. უკრაინის პრეზიდენტსაც კი მოუწია იმის თქმა, რომ ორი არჩევანი გვაქვს – ან დავკარგოთ სტრატეგიული მოკავშირე, ან ღირსება. ჩვენ ამას ვწინასწარნეტყველებდით. ვიცოდით, რომ საქმე აქამდე მივიდოდა. თითქოსდა ეს ეფემერული მხარდაჭერა, რომლებიც ევროპის ქვეყნებიდან უკრაინისადმი მიდიოდა, დიდი შედეგის მომტანი ვერ იქნებოდა. არც გააზრებული იყო, მათ მხოლოდ ერთადერთი რამ ადარდებდათ, რომ თავიანთ ტერიტორიაზე რაიმე სამხედრო კონფლიქტი არ მომხდარიყო და უკრაინაში თუნდაც ქვა ქვაზე არ დარჩენილიყო. ეს ამ საკითხის სწორი მიმართულება, სწორი ხედვა არ იყო და ამ სავალალო მდგომარეობამდე მივიდნენ.
ვინიდან ვიცოდით, რომ თეორიულად და პრაქტიკულადაც ასე იქნებოდა, ჩვენი ამოცანა იყო, საქართველო ამ მდგომარეობაში არ აღმოჩენილიყო და ამისკენ ყველა ნაბიჯი გადავდგით. გვეუბნებოდნენ, რომ ეს გამოგონილი და პროპაგანდისთვის მოტანილი თემებია, არავითარი საფრთხე საქართველოსთვის არ არსებობს. მაშინ ჩვენ რომ ის ნაბიჯები გადაგვედგა, რასაც ოპონენტები გვთავაზოვდნენ, ასეთ სავალალო და უარეს მდგომარეობაში აღმოვჩნდებოდით. ტერიტორიულად გაცილებით პატარა ქვეყანაა საქართველო და მისთვის ზიანის მიყენება გაცილებით ადვილია. ადამიანთა რესურსი, რაც ჩვენთან ცხოვრობს, შეუდარებლად მცირეა, ვიდრე უკრაინის. წარმოგიდგენიათ, ჩვენ რა არჩევანის წინაშე დავდგებოდით, როდესაც უკრაინის პრეზიდენტი ასეთ სავალალო არჩევანზე ლაპარაკობს?“ – განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.
ცნობისთვის, მედიაში რუსეთ-უკრაინის ომის დასასრულებლად დონალდ ტრამპის „სამშვიდობო გეგმის“ შინაარსი გავრცელდა, ტრამპის „სამშვიდობო გეგმის“ მიხედვით, „რუსეთი მეზობელ ქვეყნებში არ შეიჭრება, ნატო არ გაფართოვდება, ყირიმი, ლუგანსკი და დონეცკი დე ფაქტო აღიარებულნი იქნებიან რუსულ რეგიონებად“. აშშ მოითხოვს, რომ უკრაინა გეგმას 27 ნოემბრამდე დაეთანხმოს.
ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც აღნიშნა, „უკრაინა, შეიძლება, ძალიან რთული არჩევანის წინაშე აღმოჩნდეს, ან ღირსების, მთავარი პარტნიორის დაკარგვის რისკი, რთული 28 პუნქტი, ან უკიდურესად რთული ზამთარი“.





