
თორნიკე რიჟვაძე – აქტიურად მიმდინარეობს სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებები, ბათუმსა და ქობულეთში ყველა ადმინისტრაციულ ერთეულამდე მისასვლელი გზა უკვე გაწმენდილია
აქტიურად მიმდინარეობს სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებები, ბათუმსა და ქობულეთში ყველა ადმინისტრაციულ ერთეულამდე მისასვლელი გზა უკვე გაწმენდილია, აღდგა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა, – ამის შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ხელმძღვანელმა, თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ბათუმში შეუფერხებლად მიმდინარეობს კომუნალური სერვისების მიწოდება, როგორც ელექტრომომარაგება, ისე გაზმომარაგება და წყალმომარაგება.
„დღეს ქობულეთში, საკოორდინაციო შტაბის შეხვედრაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრისა და პრეზიდენტის ხელმძღვანელობით გაიმართა, დეტალურად იყო განხილული ყველა ის გამოწვევა, რომელიც სტიქიას უკავშირდება. უხვი ნალექისა და თოვლის შედეგად აჭარის რეგიონში შეიქმნა გარკვეული გამოწვევები. დღეის მდგომარეობით, აქტიურად მიმდინარეობს სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებები და შეიძლება ითქვას, რომ აჭარაში სიტუაცია სრულად კონტროლდება. ამ დღეების განმავლობაში გამოწვევა იყო როგორც დაბლობში, მათ შორის, ქობულეთში, ბათუმსა და ხელვაჩაურში, ასევე გამოწვევები კვლავ რჩება მაღალმთიან აჭარაში. შეიძლება ითქვას, რომ ქობულეთსა და ბათუმში ყველა ადმინისტრაციულ ერთეულამდე მისასვლელი გზა უკვე გაწმენდილია. აღდგა და დაიწყო მოძრაობა საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა და შემდეგი საათების განმავლობაში მოხდება დარჩენილ ადმინისტრაციულ ერთეულებამდე მისასვლელი გზების გაწმენდითი სამუშაოების დასრულება.
ბათუმში შეუფერხებლად მიმდინარეობს კომუნალური სერვისების მიწოდება, როგორც ელექტრომომარაგება, ისე გაზმომარაგება და წყალმომარაგება. ჩვენ მაქსიმალურად ინტენსიურად გავაგრძელებთ მუშაობას ყველა ცენტრალურ უწყებასთან ერთად, რომ ეს გამოწვევები იყოს მინიმალიზირებული და არ შეფერხდეს ჩვენი მოქალაქეების ყოველდღიური ცხოვრება“, – აღნიშნა რიჟვაძემ.





