• September

    10

    2025
  • 394
  • 0
ირაკლი ზაქარეიშვილი :,,აშშ-ის დიპლომატიური არხებით საქართველოში რადიკალების დაფინანსება ხდება“

ირაკლი ზაქარეიშვილი :,,აშშ-ის დიპლომატიური არხებით საქართველოში რადიკალების დაფინანსება ხდება“

ირაკლი ზაქარეიშვილი ერთ-ერთი იმ იურისტთაგანია, რომლის კომენტარებიც ყოველთვის სცდება უბრალო სამართლებრივ ჩარჩოს. მისი ხედვა აერთიანებს სამართლის, პოლიტიკისა და უსაფრთხოების სფეროებს, რის გამოც საზოგადოებაში მას, არა მხოლოდ პროფესიონალი ადვოკატის, არამედ ანალიტიკოსის რეპუტაციაც აქვს. დღეს ის ჩვენს კითხვებს პასუხობს იმ რთულ გამოწვევებზე, რომელთა წინაშეც ქვეყანა დგას.

-ბატონო ირაკლი, თქვენი აზრით, რას უკავშირდება ,,ნაციონალური მოძრაობის” გადაწყვეტილება, უარი თქვას არჩევნებში მონაწილეობაზე ?

-ეს გადაწყვეტილება პირდაპირ მეტყველებს იმაზე, რომ პარტიამ კარგად იცის საკუთარი უძლურება. მათ აღარ აქვთ გამარჯვების რეალური შანსი, ამიტომ ცდილობენ ეს სუსტი პოზიცია პროტესტის ფორმად წარმოაჩინონ. სინამდვილეში, მათი სტრატეგია მხოლოდ დესტრუქციასა და არეულობას ეფუძნება.

საზოგადოებას ახსოვს, როგორ ცდილობდნენ პარლამენტის შტურმით აღებას, როგორ აბრკოლებდნენ ქვეყნის განვითარებას. ისინი მიზანმიმართულად ცდილობენ სახელმწიფოს მტრობის გზის გაგრძელებას, რისთვისაც უცხოური წყაროებიდან კონკრეტულ დაფინანსებასაც იღებენ. ეს დაფინანსება პირდაპირ მიმართულია ძალადობრივი პროცესების გაჩაღებაზე.

-თქვენი თქმით, დაფინანსება უცხოური წყაროებიდან მოდის. რა საფრთხეებზეა აქ საუბარი ?

-საქმე გვაქვს გაცილებით ფართო სცენართან, ვიდრე ზოგიერთს ჰგონია. დასავლეთის გარკვეული სპეცსამსახურები აქტიურად არიან ჩართულნი ამ პროცესში. ჩემთვის ცნობილი ფაქტია, რომ სომხეთში მდებარე ამერიკის საელჩოდან, დიპლომატიური არხებით, საქართველოში თანხები შემოდის, რომლებიც შემდეგ გადანაწილდება რადიკალური ჯგუფების დასაფინანსებლად. მათი მიზანი ერთია – ქვეყანაში შექმნან არეულობა, დაასუსტონ სახელმწიფო ინსტიტუტები და ხელისუფლება დაამხონ ძალადობით.

ჩვენი სპეცსამსახურები ინფორმირებულნი არიან ამ პროცესებზე და დარწმუნებული ვარ, რომ შეძლებენ რეაგირებას, მაგრამ საფრთხე რეალურია და სწორედ ამიტომ სჭირდება საზოგადოებას მაღალი მობილიზაცია.

რადიკალური ჯგუფების მუქარა უკვე თვალსაჩინოა. მაგალითია ჟურნალისტ ნინო ჯღარკავას წინააღმდეგ განხორციელებული ზეწოლა, რომლის ადვოკატიც თქვენ ბრძანდებით. როგორ აფასებთ ასეთ შემთხვევებს ?

-ეს არის მიზანმიმართული ტერორი. მათ სიებიც კი აქვთ შედგენილი იმ ადამიანების, ვისაც უნდა დაურეკონ და ფსიქოლოგიური ზეწოლა მოახდინონ. ასეთ ქმედებებს პირდაპირი სისხლის სამართლის კვალიფიკაცია უნდა ჰქონდეს, მაგრამ ხშირად საქმე მხოლოდ ადმინისტრაციულ ჯარიმამდე მიდის. ეს კი კრიმინალებს ახალისებს. აუცილებელია, რომ მსგავსი ქმედებები მკაცრად დაისაჯოს.

თუ მოქალაქეს ლანძღავენ, აბულინგებენ და ემუქრებიან, მას უნდა ჰქონდეს სამართლებრივი დაცვის ეფექტური და ქმედითი ბერკეტი.

ბევრ დემოკრატიულ ქვეყანაში ცილისწამება სისხლის სამართლის წესით ისჯება, ჩვენთან კი ეს ინსტიტუტი მიხეილ სააკაშვილმა მიზანმიმართულად გააუქმა. ახლა დროა, სახელმწიფო უფრო მკაცრი იყოს და საზოგადოებას დაცულობის განცდა შეუქმნას.

-რატომ არ ხდება ქუჩის უწესრიგობის სისხლის სამართლებრივი შეფასება ?

-მთავარი პრობლემა არის ხელისუფლების სურვილი ზედმეტად მკაცრი არ გამოჩნდეს ამ რადიკალებთან მიმართებაში და პროცესები მართოს მშვიდობიანად, აკადემიურად, რაც ამ ბანდიტური მენტალობის მოძალადეებისათვის წახალისების ტოლფასია.

მათ ჰყავთ ასობით მომზადებული სამხედრო გამოცდილების მქონე და შეაირაღებული მებრძოლი, რომელთა შეკავება აუცილებელია და ამისათვის უნდა იყოს გამოყენებული სრულად პროპორციური ძალა და ზუსტად იმდენი, რაც სახელმწიფოს სუვერენიტეტს უზრუნველყოფს და ქვეყანას ამ რადიკალებისაგან დაიცავს.

შედეგი ასეთია – რადიკალური ჯგუფები თავისუფლად აწყობენ ქუჩის აქციებს, ყვირიან, შეურაცხყოფას აყენებენ ხალხს და ამას „პოლიტიკურ გამოხატულებად“ ასაღებენ, როცა სინამდვილეში ეს კლასიკური ხულიგნობაა.

-როგორ უკავშირდება ,,ზვიადისტების” გააქტიურება მიმდინარე პროცესებს ?

-ეს არის სცენარის ნაწილი. „ნაციონალურ მოძრაობას“ ლეგიტიმაციის პრობლემა აქვს და ცდილობს ძველი უზენაესი საბჭოს აღდგენის იდეით შექმნას ილუზია, თითქოს სამართლებრივი საფუძველი აქვს ხელისუფლების დამხობის. სინამდვილეში, ეს არის ფიქცია, მაგრამ მიზნად ისახავს ძალადობრივი ქმედებების გამართლებას, ამ მიზანს ემსახურებოდა ზვიადისტური უზენაესი საბჭოს წარმომადგენლების შეკრება და აბსნაძის არჩევასთან ერთად მისთვის იმის დავალება, რომ მთავრობის ფორმირება მოახდინოს. ოქტომბრისთვის ისინი ძალის აკრეფას ცდილობენ, რათა ქვეყანაში დესტაბილიზაცია გამოიწვიონ.

-საბოლოოდ, რა არის ამ პროცესების მთავარი მიზანი ?

-ყველაფერი გარე ინტერესებს უკავშირდება. „დიფ სტეიტი“ კავკასიაში ახალი კონფლიქტის გაჩაღებას ცდილობს. მათთვის საქართველო მხოლოდ გეოპოლიტიკური ინსტრუმენტია, რომელსაც უნდა დაუკარგონ სტაბილურობა.

დღეს, როდესაც სომხეთსა და აზერბაიჯანში ვიცით რა ვითარებაა, ისინი საქართველოს მიმართ გადამწყვეტ ნაბიჯებს გეგმავენ, ამიტომ აუცილებელია, საზოგადოება გააერთიანდეს ხელისუფლებისა და სახელმწიფოს დასაცავად.

ჩვენმა ქვეყანამ უკვე გადაიტანა არაერთი გადატრიალების მცდელობა, მაგრამ თუ ორგანიზატორები დაუსჯელები დარჩებიან, ეს მხოლოდ ახალ მცდელობებს წაახალისებს.

ახლა დროა, მკაფიოდ ვთქვათ  – სახელმწიფო არ დაუშვებს დესტრუქციას და დაიცავს საკუთარ სუვერენიტეტს.

ირაკლი კერესელიძე

,,GEO NEWS”

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor