
ირაკლი თავდგირიძე: ,,საზოგადოებამ ნელ-ნელა გაანალიზა რა არის ჭეშმარიტება, ამდენად საპროტესტო მუხტი ბათუმში თითქმის აღარ არის”
,,GEO NEWS” ბათუმის საკრებულოს თავჯდომარეს ირაკლი თავდგირიძეს აჭარაში მიმდინარე მოვლენებზე ესაუბრა და ჟურნალისტ მზია ამაღლობელთან დაკავშირებით მომხდარი ინციდენტის და შემდგომ განვითარებული მოვლენების შეფასებაც სთხოვა, ვინაიდან ეს თემა აქტუალობას დღემე არ კარგავს.
ბატონი ირაკლი, ჩვენი გამორჩეული რესპონდენტია, ღრმა ინტელექტუალია და შესაბამისად, მისი აზრი ჩვენი მკითხველისთვისა და საზოგადოებისთვის ძალზედ მნიშვნელოვანია.
-ბატონო ირაკლი, ორიოდე დღის წინ, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით ბათუმში ყინულის მოედანი გაიხსნა, რაც მიუთითებს ხელისუფლების მოწადინებაზე კიდევ უფრო მეტად განავითაროს ინფრასტრუქტურა თქვენს ქალაქში. რამდენად პოზიტიურია ეს ცვლილებები მოსახლეობისთვის და რა იგეგმება შემდგომში ?
-ნებისმიერი პოზიტიური ქმედება ხელისუფლების მხრიდან დასაფასებელი და მისაღებია. სწორედ ამგვარი აქტია ყინულის მოედნის გახსნა.
დარწმუნებული ვარ, ბათუმელები და ზოგადად, აჭარლები დიდი სიამოვნებით ისარგებლებენ ამ მოედნით.
–იგრძნობა თუ არა რაიმე პროტესტის მუხტი ბათუმში, რომელმაც დესტრუქციული ოპოზიციის არაერთ შემოტევას ღირსეულად გაუძლო ?
-რა თქმა უნდა, ერთი ადამიანის პროტესტიც საყურადღებოა და ხელისუფლება ამაზე უნდა ფიქრობდეს, თუმცა საპროტესტო მუხტი მილევად ფაზაშია.
საზოგადოებამ ნელ-ნელა გაანალიზა რა არის ჭეშმარიტება, ამდენად საპროტესტო მუხტი თითქმის აღარ არის ბათუმში.
–დაბოლოს, იმის გათვალსიწინებით, რომ ბათუმში მომხდარი ინციდენტი მთელი საქართველოს ყურადღების ცენტრში მოექცა, თქვენ როგორ შეაფასებდით მზია ამაღლობელის უტიფარ უარს მისი თავდასხმის მსხვერპლისადმი მობოდიშების, ან თუნდაც, გულისტკივილის გამოხატვაზე ? და მიგაჩნიათ თუ არა, რომ მისი შიმშილობა თითიდან გამოწოვილია და მხოლოდ პასუხისმგებლობისგან თავის არიდებას ემსახურება ?
-მართლაც სამწუხარო ფაქტი მოხდა ბათუმში. პოლიციელზე ხელის აღმართვა ყოვლად მიუღებელი და ამორალური აქტია.
ვისურვებდი, რომ ქალბატონ მზიას მოებოდიშა, ეს დადებითად აისახებოდა მის პიროვნებაზე.
რაც შეეხება მის შიმშილობას, მე მინდა მას მოვუწოდო შიმშილობის შეწყვეტისაკენ და ვუსურვო ჯანმრთელობა, რადგან შიმშილობის აქტი მისი ქმედების დანაშაულებრივ ბუნებას ვერ გამორიცხავს.
ქეთი ხომერიკი
,,GEO NEWS”





