
- By Keti Khomeriki
- In პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია – „გახარია საქართველოსთვის“ წევრებს უმრავლესობის თითოეული წევრისთვის მადლობა გაქვთ გადასახდელი, რომ უფლება მოგეცით და დღეს საქართველოს პარლამენტის დეპუტატები გქვიათ
პოლიტიკური გაერთიანება „გახარია საქართველოსთვის“ დაგვიანებით, მაგრამ მაინც შემოვიდა პარლამენტში. ამ დაგვიანებას თავის მიზეზი აქვს და ჩვენ არაერთხელ გვითქვამს საზოგადოებისთვის, რომ ეს მათი პატრონებისგან იმ სცენარის ნაწილია, რომელშიც ეს დანაყოფი კოლექტიური „ნაცმოძრაობიდან“ ჩაეწერა თავისი ბუნებრივი როლით, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ.
„თქვენთვის ძალიან მძიმე მოსასმენი შეიძლება იყოს, მაგრამ ეს ბუნებრივი როლი არის ღალატი და ამის ნათელი მაგალითია თქვენი ლიდერი, რომელიც ქვეყნიდან არის გაქცეული“, – განაცხადა კირცხალიამ.
მისივე თქმით, პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრებმა პარლამენტში შემოსვლამდე რამდენიმე დღით ადრე საკუთარი „მესიჯ ბოქსი“ გაავრცელეს, თითქოს მხოლოდ მათ მიერ აღებული 8% იყო ლეგიტიმური.
„ერთი რამ გახსოვდეთ, რომ უმრავლესობის თითოეული წევრისთვის მადლობა გაქვთ გადასახდელი, რომ უფლება მოგეცით და აქ სხედხართ და დღეს საქართველოს პარლამენტის დეპუტატი გქვიათ. მაგრამ ასევე უნდა გახსოვდეთ, რომ ჩვენ პატივი ვეცით იმ ამომრჩეველს, რომლებსაც თქვენ არჩევნებამდე ატყუებდით, თითქოს რაიმე განსხვავებულ პოლიტიკურ ძალას წარმოადგენდით“, – აღნიშნა უმრავლესობის ლიდერმა.
ირაკლი კირცხალიამ პარლამენტში ახლად შემოსულ წევრებს საკუთარი პოლიტიკური რეიტინგიც შეახსენა, რომელიც ერთი წლის განმავლობაში, საპარლამენტო არჩევნებიდან ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე შეიცვალა.
„რაც შეეხება თქვენს მიჯაჭვულობას „ნაციონალურ მოძრაობაზე“, რაც არ უნდა თავი იმართლოთ, რომ არ ხართ ერთი იდეის მომხრე და ერთი ძალა – საპარლამენტო არჩევნების დასრულებისთანავე, რამდენიმე დღეში დაამტკიცეთ და დაუმტკიცეთ საკუთარ ამომრჩეველს, როდესაც მოღალატეობრივ წერილს, რომელიც ბრიუსელში გაიგზავნა, ხელი მოაწერეთ. წერილს, რომელშიც ჩვენი ქვეყნის და თქვენი ამომრჩევლის დასჯას ითხოვდით. ეს არის თქვენი და თქვენი ლიდერის ნამდვილი სახე. ერთი გახსოვდეთ – დღეიდან სამი წლის განმავლობაში ყოველდღე თავის მართლება მოგიწევთ, რომ თქვენ არ ხართ „ნაცები“ და მათი იდეების გამზიარებლები“, – განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.




