
- By Keti Khomeriki
- In პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე – „ბიბისის“ სიუჟეტთან დაკავშირებული კამპანია მოგვაგონებს ფართოდ გაშლილ, სიყალბეზე აგებულ კამპანიას მიხეილ სააკაშვილის მოწამვლის შესახებ
„ბიბისის“ სიუჟეტთან დაკავშირებული კამპანია მოგვაგონებს ევროპული ბიუროკრატიის მიერ და საერთაშორისო მედიაში ფართოდ გაშლილ სიყალბეზე აგებულ კამპანიას მიხეილ სააკაშვილის მოწამვლის შესახებ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
კობახიძის თქმით, დღეს უკვე ყველამ კარგად იცის, რომ აღნიშნული კამპანია, ისევე როგორც „ბიბისის“ სიუჟეტი, სიყალბეზე იყო აგებული.
„ახლოვდება ეუთო-ს მინისტერიალი და ევროკომისიის მორიგი შეკრება, რომელთა დოკუმენტებში არაფორმალური მმართველები „ბიბისის“ მიერ გავრცელებული ყალბი ინფორმაციის ციტირებას შეეცდებიან. ამისთვის კონკრეტული პოლიტიკოსები, მათ შორის ევროპარლამენტარები ჩვეული ცრუ განცხადებებით უკვე ამზადებენ ნიადაგს. ეს კამპანია მოგვაგონებს ევროპული ბიუროკრატიის მიერ და საერთაშორისო მედიაში ფართოდ გაშლილ სიყალბეზე აგებულ კამპანიას მიხეილ სააკაშვილი მოწამვლის შესახებ. ამ კამპანიის ფარგლებში საქართველოს იუსტიციის მინისტრს ოფიციალური დემარშით ევროკავშირის 27 ელჩი ესტუმრა. დღეს უკვე ყველამ კარგად იცის, რომ აღნიშნული კამპანია, ისევე როგორც „ბიბისის“ სიუჟეტი სიყალბეზე იყო აგებული. თუმცა, ამ სიცრუის შემდეგ სამარცხვინო კამპანიაზე არც ევროპულ ბიუროკრატიას და არც შესაბამის მედისაშუალებებს აუღიათ პასუხისმგებლობა“, – განაცხადა კობახიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.




