
- By Keti Khomeriki
- In პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე – დამატებითი ძალისხმევა გვჭირდება, რათა საბოლოოდ აღმოვფხვრათ ქვეყნის წინაშე მდგარი პრობლემები და ამაში მამუკა მდინარაძეს, როგორც სუს-ის უფროსს, შეუძლია სერიოზული წვლილის შეტანა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პოზიციაზე საქართველოს პარლამენტს წარვუდგენთ ბატონი მამუკა მდინარაძის კანდიდატურას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
პრემიერის თქმით, მას აქვს სამართალდამცავ უწყებებში მუშაობის ძალიან ხანგრძლივი, მრავალწლიანი გამოცდილება, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოვალეობის შესრულებისთვის.
„მას შემდეგ, რაც პარლამენტი ცნობად მიიღებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობის შეწყვეტის შესახებ ინფორმაციას, ამ პროცედურების დაცვის გათვალისწინებით ჩვენ საქართველოს პარლამენტს წარვუდგენთ მამუკა მდინარაძის კანდიდატურას. მას არ სჭირდება განსაკუთრებული წარდგენა. აღვნიშნავ იმას, რომ მას აქვს სამართალდამცავ უწყებებში მუშაობის ძალიან ხანგრძლივი, მრავალწლიანი გამოცდილება, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოვალეობის შესრულებისთვის.
გასული რამდენიმე თვის განმავლობაში ჩვენ გვქონდა ძალიან სერიოზული მიღწევები კრიმინალთან ბრძოლის თვალსაზრისით. გადაიდგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები დანაშაულთან ბრძოლის, მათ შორის, კორუფციასთან ბრძოლის კუთხით, ნარკოტიკულ დანაშაულთან ბრძოლის, ასევე ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის თვალსაზრისით. მიუხედავად იმისა, რომ შედეგები არის შთამბეჭდავი, ჩვენ გვჭირდება დამატებითი ძალისხმევა იმისათვის, რომ საბოლოოდ აღმოვფხვრათ პრობლემები, რომლის წინაშეც დგას ჩვენი ქვეყანა და ამ ყველაფერში მამუკა მდინარაძეს, როგორც უსაფრთხოების სამსახურის უფროსს, შეუძლია, სერიოზული წვლილის შეტანა. მე ვარ დარწმუნებული, რომ პარლამენტისგან ექნება მყარი ნდობა ბატონ მამუკა მდინარაძეს და მას მინდა ვუსურვო წარმატებები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის პოზიციაზე“, – განაცხადა პრემიერმა.




