- By Keti Khomeriki
- In პოლიტიკა, სიახლეები
ირაკლი კობახიძე : კანდიდატის სტატუსის საკითხი არის ხელისუფლების პასუხისმგებლობა და ხელისუფლებას იმიტომ არ უნდა, რომ პრეზიდენტს მიეცეს საბოტაჟის საშუალება
შარშან „ენჯეოები“ ითხოვდნენ მთავრობის გადადგომას, ჰქონდათ შენიშვნები პარლამენტის და არა პრეზიდენტის მიმართ, რადგან ის სტატუსზე პასუხისმგებელი არ არის, თუ არ არის პასუხისმგებელი, რას დადის, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
კობახიძის განცხადებით, კანდიდატის სტატუსის საკითხი არის ხელისუფლების პასუხისმგებლობა და ხელისუფლებას იმიტომ არ უნდა, რომ პრეზიდენტს მიეცეს საბოტაჟის საშუალება.
„შარშან ივნისში, როდესაც ქვეყანას არ მიენიჭა კანდიდატის სტატუსი, გამოვიდნენ „ენჯეოები“ და ითხოვდნენ მთავრობის გადადგომას, ჰქონდათ შენიშვნები პარლამენტის და არა პრეზიდენტის მიმართ. რატომ, რადგან ის პასუხისმგებელი არ არის. თუ არ არის პასუხისმგებელი, რას დადის. მარტივად არის აქ საქმე. ჩვენი პასუხისმგებლობა რა თქმა უნდა, არის. ჩვენი რომ არის, იმიტომ არ გვინდა, რომ პრეზიდენტს მივცეთ საბოტაჟის საშუალება.
იმპიჩმენტი როგორ შეუშლის ამ პროცესს ხელს. არიან არაკეთილსინდისიერი ძალები, რომლებიც ახერხებენ კონკრეტული ადამიანების გადაქაჩვას. ჩვენ ასე არ ვმოქმედებთ, თუმცა არიან ასეთი ძალები. გლობალურ ომის პარტიას ვგულისხმობ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, ყველა ხედავს უკვე ალიანსს სალომე ზურაბიშვილსა და რადიკალურ ოპოზიციას, კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ შორის.
,, მათ ჰყავთ საერთო პატრონი და მოქმედებენ საერთო დღის წესრიგით, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე მტკიცებით, მათი საერთო პატრონია გლობალური „ომის პარტია“.
„სალომე ზურაბიშვილი ასეთ ნაბიჯს თუ გადადგამს, ასეთ შემთხვევაში, ის უკვე ღიად ჩაერთვება რევოლუციურ პროცესებში. ვნახოთ, გააკეთებს თუ არა ამას. რა თქმა უნდა, ეს იქნება ერთგვარი სიგნალი გრიგორიადისის მსგავსი ახალგაზრდებისთვის, რომ პოლიციელის ცოცხლად დაწვა შეიძლება, დაუსჯელი დარჩეს. ასეთი სიგნალის გაშვება პირდაპირ ნიშნავს რევოლუციური პროცესების წახალისებას. სალომე ზურაბიშვილი ამას თუ გააკეთებს, ისედაც ლუსტრირებულია მისი ალიანსი რადიკალურ ოპოზიციასთან, მაგრამ ეს იქნება მისი რევოლუციური მისწრაფებების სრული ლუსტრაციაც“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
შეკითხვაზე – „ფიქრობთ, გრიგორიადისის შეწყალება ზურაბიშვილისგან ავტომატურად რევოლუციური სცენარის გაზიარება ხომ არ იქნება“, კობახიძემ აღნიშნა: „კი, ცალსახად“.




