
- By Keti Khomeriki
- In პოლიტიკა
ირაკლი ქადაგიშვილი – ევროკავშირის პრესსპიკერმა მხარდაჭერა გამოუცხადა დამხობის სპეცოპერაციას, თუმცა ოპერაცია ჩაუვარდათ, ახლა ისევ ქართველი ხალხის არჩევანზე იწყებენ შეტევას
ევროკავშირის პრესსპიკერმა მხარდაჭერა გამოუცხადა დამხობის სპეცოპერაციას, თუმცა ოპერაცია ჩაუვარდათ, ახლა ისევ ქართველი ხალხის არჩევანზე იწყებენ შეტევას, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
ქადაგიშვილი ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის კაია კალასისა და გაფართოების საკითხებში ევროკავშირის კომისრის, მარტა კოსის ერთობლივი განცხადებას გამოეხმაურა.
„ამ განცხადების ავტორთა მიზანი თვითმმართველობის არჩევნების დაკვირვება ან რეალური შეფასება არ არის. მათი რეალური სიმპათიები 4 ოქტომბრის დამხობისკენ იყო მიმართული. ევროკავშირის პრესსპიკერმა მხარდაჭერა გამოუცხადა დამხობის სპეცოპერაციას, თუმცა ოპერაცია ჩაუვარდათ ისევე, როგორც სხვა წინა ოპერაციები. ახლა ისევ ქართველი ხალხის არჩევანზე შეტევას იწყებენ. ეს განცხადება სამარცხვინოა. იმ პოლიტიკურ ძალებზე ხმას არ იღებენ, რომლებიც დამხობისკენ მოუწოდებდნენ, არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადეს და დემოკრატიის წინააღმდეგ გაილაშქრეს. ამ ხალხს რაზე უნდა ველაპარაკოთ? ახლა სპეკულაცია დაიწყეს ეუთო/ოდირზე. საპარლამენტო არჩევნების შესახებ ეუთო/ოდირის დასკვნა საერთოდ წაიკითხეს? ევროკავშირის სირცხვილია, როდესაც ასე იქცევიან, მხარს უჭერენ სახელმწიფო გადატრიალებას და ქართველი ხალხის არჩევანს გმობენ. თავად რაც დათესეს, იმას იმკიან, მაგრამ თავის თავზე ხომ არ დაიბრალებენ რაიმეს? ისევ ქართველ ხალხს აბრალებენ. ეს არის უბედურება. სამწუხაროდ, თვითონვე თელავენ ფეხქვეშ ევროპულ ღირებულებებს, რასაც ხალხი ხედავს. ხალხი ბრმა აღარ არის“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა კაია კალასმა და გაფართოების საკითხებში ევროკავშირის კომისარმა მარტა კოსმა საქართველოში გამართულ ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადება გაავრცელეს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები „განსხვავებული აზრის ფართომასშტაბიანი ჩახშობის გარემოში ჩატარდა“. ამავდროულად, განცხადებაში ნათქვამია: „აუცილებელია კონსტრუქციული და ინკლუზიური დიალოგი ყველა პოლიტიკური აქტორის და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების მონაწილეობით და მოვუწოდებთ ყველა მხარეს, ძალადობისგან თავი შეიკავონ“.





